photo

„გამარჯვების დროა და ეს სასწაული სულაც არ არის“ | ირინა ინარიძე

- კოალიციაში როგორ აღმოჩნდით?

- დღეს ისეთი დრო დადგა, პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანებს ერთი ამოცანა გვაქვს: გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, დავუბრუნდეთ ევროპის გზას. პასიური მხარდაჭერის დრო ნამდვილად არ არის. არასოდეს ჩავბმულვარ არც პარტიულ საქმიანობაში და არც პოლიტიკურ პროცესებში. პირველად წელს ჩავერთე, ვინაიდან სხვაგვარად, უფლება არ გვაქვს. განზე დგომის დრო არაა - ან უნდა დავრჩეთ რუსეთის მარწუხში, ან უნდა გადავრჩეთ.

- მთავარი და სხვა რეგიონებისგან განსხვავებული რა პრობლემაა თქვენს რეგიონში?

- უმუშევრობა, დასაქმება.. მეტიც, ვინც დასაქმებულია, ხშირად მათაც არ ჰყოფნით შემოსავალი. ეკონომიკა არ არსებობს, არც ქარხნები, არც ფაბრიკები... ყველამ იცის, რომ ჩვენი მხარე იყო მეჩაიეობის რეგიონი. ახლა არაფერი აღარაა - ჩაი მცირე რაოდენობით, მცირე ფაბრიკებით, ძალიან ცოტა ადამიანია დასაქმებული. თვითდასაქმებას ეწევა ხალხი, საკუთარი მეურნეობით წლიდან წლამდე გააქვთ თავი. სხვები დიდი ხანია წასულები არიან თურქეთში და იქ რუტინული ჯოჯოხეთური შრომით არიან დაკავებულნი. აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. პრობლემაა ასევე მოსავლის გასაღება. ჩაი, მანდარინი, თხილი - შარშან ძალიან დაბალ ფასებში გაიყიდა. ეს ფასი დანახარჯებს ვერ იღებს, თხილის ფასიც დაბალია, 2 ლარია, ანუ იგივე, რაც გლეხს თხილის მოვლა-პატრონობა უჯდება. კორუფციაც მძვივნარებს ისე, როგორც მთელ საქართველოში. სახურავების თემაც ხომ უკვე საქვეყნოდ ცნობილია: ხალხს არ აქვს საშუალება თავად გადახუროს, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია ეს გააკეთოს, უნდა მიექცეს ხალხს ყურადღება ან დაასაქმდნენ ადამიანები ისე, რომ მათ თავად შეძლონ სახურავის გადახურვა.

- ადგილობრივი თვითმმართველობა განვითარებული რომ იყოს, ალბათ, ასეთი პრობლემები არ იქნებოდა...

- ფაქტია, ჩვენთან თვითმმართველობა არ არსებობს. ათწლეულებია გადასახადები ცენტრალიზებულია. რეალური თვითმმართველობა მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც ადგილობრივი შემოსავალი ადგილზე დარჩება და განკარგვის უფლება ცენტრალიზებულად არ იქნება. გადაჩვეულია ხალხი თვითმმართველობას.

- ემიგრაციამ რა პრობლემები მოიტანა?

- შიდა მიგრაციაც ძალიან დიდია, ახლგაზრდები მიდიან სასწავლებლად ქუთაისში, ბათუმში, თბილისში.... იქიდან უკან აღარ ბრუნდებიან. ამას ემატება ის, რომ ემიგრაციაში წასულია ყოველი მეხუთე მოსახლე: ოჯახებს გზავნილებით არჩენენ. ეს ხომ მარტო გურიის პრობლემა არაა, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა. თანაც, მოსახლეობა ისედაც შემცირდა, 2019 წლის აღწერით 110 000-ია დათვლილი, დღეს ნახევარიც კი არაა დარჩენილი. დაცლილია აქაურობა, დაცლილია სოფლები. სახლებში არავინ ცხოვრობს, ან შეიძლება ერთი ადამიანი იყოს, ოჯახის წევრები კი მიმოფანტულები არიან სხვადასხვა ქვეყნებში. ყველა ემიგრაციაშია წასული. ასე რომ, დღეს ყველაზე ღარიბი რეგიონი გურიაა. ადრე ზუგდიდის მოიხსენიებდნენ უმდიდრეს რეგიონად, შემდეგ იყო ოზურგეთი. გულსაკლავი და უსამართლოა ჩვენი ასეთი გაღარიბება.

- პოლიტიკური დაპირისპირება ხომ არ არის ხალხში?

- ჯერჯერობით, არ იკვეთება. ერთ აზრზეა ხალხი. ჯერჯერობით ბევრი შეიზლება ერიდება ხმამაღლა აზრის დაფიქსირებას. რატომღაც, კი მიკვირს ეს გურულებისგან, მაგრამ ასეა. რაც მთავარია, როცა გაზეთებს, ფლაერებს ვარიგებთ, სოფელ-სოფელ დავდივართ, კარგად გვხვდებიან. ახალგაზრდები ჩართულები არიან ამ პროცესებში. ხვდება ხალხი, რომ ცვლილების დროა, გამარჯვების დროა და ეს სასწაული სულაც არ არის, ეს კანონზომიერი მოვლენაა, ეს საჭიროებაა, რომელსაც ყველა ადამიანი გრძნობს და ამიტომ, მეც მტკიცედ მჯერა, რომ ამ საკუთარ განწყობას აუცილებლაად დააფიქსირებენ საარჩევნო უბანზე.

„26 ოქტომბერს სვანები არ შევირცხვენთ თავს“ | მიხეილ რატიანი

„ლეჩხუმის დუხჭირი რეალობა უნდა შეიცვალოს“ | ლევან ყურაშვილი

„კოალიციური მმართველობა ჯანსაღი პოლიტიკის კულტურას დაამკვიდრებს“ | ლევან გორგილაძე