„26 ოქტომბერს სვანები არ შევირცხვენთ თავს“ | მიხეილ რატიანი
მიხეილ რატიანი, მესტიის საკრებულოს წევრი, „კოალიცია ცვლილებისთვის“
- დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებული, რა მწვავე პრობლემებია დღესდღეობით,სვანეთში?
- როგორც ყველგან - კორუფცია, ნეპოტიზმი... დასაქმებული ადამიანები საკუთარ მომავალზე ნაკლებს ფიქრობენ, ვიდრე დღევანდელი ყოფა-ცხოვრების მოწესრიგებაზე. მიჩვეული ჰყავთ ეს ხალხი ტყუილად დასაქმებას. ძირითადი პრობლემა მაინც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია უკიდურესად საშინელი მდგომარეობაა. სვანეთში „ქართული ოცნების“ რამდენი პრემიერიც ჩამოიყვანეს, ყველას დაპირება იყო მესტიის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რესტავრაცია. წინა ხელისუფლების დროს რაც გაკეთდა, ის აღარ გაგრძელებულა. სავალალო მდგომარეობაშია დაბა მესტიაში მდებარე უძველესი, ნგრევის პირას მისული ძეგლები, სახლები, კოშკები, ძველი მაჩუბები. მოსახლეობას სამშენებლო მასალაც კი ჰქონდა შემოტანილი და თვითონ რომ აღადგინონ, იმის საშუალებასაც არ აძლევენ. ათეული წლებია, ეს გრძელდება.
სახელმწიფო პროექტებს გვპირდება, აცხადებს ტენდერებს, რომელიც წლებია, ვერ ლაგდება. ბევრი ძველი სახლი ჩაინგრა, მიწასთან არის გასწორებული. წლევანდელ წელსაც დაპირებებს იძლევიან, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ,არაფრის დიდებით არ გაკეთდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკუთარი ნათესავების დასაქმების მეტს არაფერს აკეთებენ. ჩვენ რეალურ საქმეს ვერაფერს ვხედავთ, არადა რეალური ცვლილებები გვჭირდება და არა კორუფციული გარიგებები ტენდერებზე და „ატკატები“...
სატყეო დარგში ათი წელი ვიმუშავე, ტყის მცველი ვიყავი. სატყეო სფეროში საკმაოდ გარკვეული ვარ. სვანეთში ტყე ისპობა. ეს ხდება ტყის კოდექსის დაცვის გარეშე. სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალ მეტყევეებთან, დარგის სპეციალისტებთან ერთად მოვლილი მაქვს სვანეთის ტყეები და გაოცებასაც ვერ მალავენ - მთელ მსოფლიოში ისე არსად არ ხდება ბუნებრივი განახლება, როგორც სვანეთში. ტყის ჭრა არ წარმოადგენს კატასტროფას, მაგრამ აქ ხორციელდება პირწმინდად ჭრა ვიღაცების ინტერესების გამო. თანაბრად უნდა სარგებლობდეს მოსახლეობა და ბუნებრივი რესურსებით მოპოვებული სიკეთეები უნდა აისახებოდეს მათ კეთილდღეობაზე. ყველაფერი უკონტროლოდ არის მიშვებული, რაც დამღუპველია ბუნებისთვის. ამას განვითარება, სატყეო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჭირდება. სატყეო სამმართველო ზუგდიდშია და ტყე მესტიაში გვაქვს. სატყეო სფეროს თანამშრომლებიც შეამცირეს, ტყის დაცვის ვალდებულებები გარემოს დაცვის ინსპექციას გადაეცა, რომელიც სვანეთში თვალით არავის უნახავს. არც კონტროლი აძლევთ ხელს, ვიღაცების ზემოდან ჩარევით ხდება ყველაფერი. ტყის მცველებს დაცვის ფუნქცია ნაკლებად აქვთ, მხოლოდ მომსახურების სფერო დაუტოვეს.
საარჩევნო ხმების გამო ჩვენ თუ ეს უკონტროლოდ მივუშვით, დაღუპვა იქნება. ვიღაც არ უნდა იპარავდეს და სადღაც ხატზე დაფიცებით, ძველი სვანური წესებით არ უნდა იმართებოდეს რეგიონი. როდესაც სახელმწიფო გვქვია, სამართალი უნდა განკარგავდეს.
მაინინგის პრობლემაც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. ნახევარი ზამთარი უშუქობაში ვცხოვრობთ, ელექტროენერგიის გარეშე. ვერ უძლებს არსებული გაყვანილობა ამხელა სიმძლავრეებს. ტყეშიც კი აქვთ გაყვანილი ელექტროენერგია ვიღაცებს და ეს კიდევ ცალკე დიდი პრობლემაა. მოსახლეობა თავად ებრძვის ამ მტანჯველ ყოველდღიურობას. სახელმწიფო მექანიზმი უნდა არსებობდეს -სამართლიანი სახელმწიფო.
- მოსახლეობა როგორ არის განწყობილი არჩევნების წინ?
- ასეთი რამ მე არ მახსოვს, ყველას უნდა ცვლილებები. „ქართული ოცნების“ მომხრეები შერცხვენილი სახეებით დადიან, მაგრამ ისე არაა, რომ ვიღაც 5 კილო კარტოფილზე იყიდებოდეს, აქ ბევრად მეტი უჯდება „ქართულ ოცნებას“ ერთი ამომრჩევლის საჯარო დასაქმება. ყველაფერი მათ ხელშია. თუმცა, ამომრჩეველი როცა მივა ხმის მისაცემად, ოპოზიციას მისცემს ხმას.
დანარჩენ საქართველოსგან განსხვავებით, არ არის დაპირისპირებები. მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი იღებს სოციალურ შემწეობას და ხელისუფლება ამ ბერკეტის გამოყენებას ცდილობს. იცით, როგორ აქვს „ოცნებას“ აწყობილი მექანიზმი?! - უხილავი ხელი მართავს საიდანღაც. რანაირი ქოციც არ უნდა იყოს, სახლში მტრად არ დამხვდება, მიმიპატიჟებს. თუმცა, უკვე დაბაში საჯარო მოხელეებიც ღიად საუბრობენ ცვლილებებზე, თავს კარგად ვეღარ გრძნობენ.
ახალგაზრდებზე შემტკივა გული, საპროტესტო აქციებს არ დავკლებივარ, სვანების გამოჩენა აქციებზე ისეთი გასახარელი და იმედის მომცემი იყო... საჯარო სამსახურებში დასაქმებულების შვილებიც იყვნენ იქ, დეპუტატების შვილებიც... მაგრამ, სვანეთში რა არის იცით კიდევ პრობლემა?! - ისტორიასაც თუ გადავხედავთ, აქ სახელმწიფოს და სამშობლოს ერთგულებას ბევრი ხელისუფლების ერთგულებასთან აიგივებს. ხელისუფლება თუ არ ვარგა, თუ არ შეცვალე, უკეთესს საიდან მიიღებ?! ბევრის აზროვნება ვერ გამოვიდა აქედან.
რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინაში, ჩემი ბიძაშვილი, დავით რატიანი დაიღუპა. ყველა პატივს სცემს, ისეთი პატრიოტი ადამიანი იყო, სამართლიანი, მტერი არ ჰყავდა. აფხაზეთიდან მოყოლებული, ყველგან იბრძოდა სამშობლოს დასაცავად, ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი - ამ ადამიანის ქუჩის სახელს ვითხოვ საკრებულოში, წერილიც შევიტანე, მაგრამ,ამ ხელისუფლების პირობებში ვერაფერს მივაღწიე. ესენი მტრულად არიან განწყობილი ქართველი პატრიოტების მიმართ. მჯერა, მესტიაში ყველას გული შესტკივა, აქ ყველა ერთმანეთის ნათესავია, მაგრამ მათ პატრიოტიზმი საკუთარ კეთილდღეობაში გაცვალეს. ომში გმირულად დაღუპულს თუ არ სცემ პატივს, გმირულად ნაბრძოლს... რა ვიცი... ყველაზე დიდი ქართული საქმე იყო უკრაინაში ქართველების ბრძოლა, მაგრამ ესენი არ არიან პატრიოტები..
- ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის მოხდის შემდეგ, რა რეაქცია იყო სვანეთის მოსახლეობაში?
- ბიძინას ბოდიშის მოხდის მერე შემხვედრიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, პირად საუბრებში ამბობდნენ - მოსახლეობაში კარდაკარზე რომ ვივლით, ვინმე ხო არ გვცემსო... შერცხვენილები არიან, ამ ბოდიშის მერე რადიკალურად შეიცვალა ყველა, ისეთებიც, ვისაც მოსალმება უჭირდა, ახლა იღიმის და კარგად შეგხვდება, რადგან ღიად თქვეს, რომ ეს ქართველი ხალხის დიდი უპატივცემულობა იყო. უკვე დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კომისიის წევრიც კი დაიცავს ჩემს ხმას.
არჩევნების წინ ასეთი რამეც ხდება - გარკვეულ სოფლებში, მაგალითად, ხატზე დაფიცებულ სვანს სიკვდილი რომ მოუწიოს, ხატს ვერ გადააბიჯებს. საარჩევნო კამპანიის შეხვედრები ეკლესიებთან ტარდება ხოლმე. ვინმე შეგზავნილი იტყვის, გზებს დაგიგებთ მომავალი წლიდანო... და ვინც ჩვენ გვიერთგულებს, ხატზე დავიფიცოთო. ეს ტექნიკურად, ვითომ შემთხვევით ხდება... და ხატზე იფიცებიან, რომ მათი ერთგულები იქნებიან.
- ევროპისკენ მიმავალ გზაზე რა აზრისანი არიან სვანები?
- იმედიანად შეჰყურებენ. ახალი თაობა ჩამოვიდა, ახალგაზრდები, ევროპული აზროვნებით. კაფეებში მიმტანებად მუშაობენ, მენეჯერებად. ერთი პერიოდი ისევ შავბნელი აზრებისკენ იყო წასული მოსახლეობა, კრიმინალიც გაიზარდა... მაგრამ, რომ ხედავენ ტურისტებს, შეხმატკბილებულ, მოწესრიგებულ ოჯახებს, - ევროპა რომ ცუდია, აი ეს პროპაგანდა აღარ მუშაობს. ევროპულ სიკეთეებსაც ხედავენ... ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მათი დაფინანსებითაა გადარჩენილი. წყალგაყვანილობა, წყალმომარაგება - ესეც ევროპული ფინანსებით გაკეთდა.
მჯერა, ოპოზიცია ისეთ შედეგს დადებს, ჯერ რომ არ უნახავთ. მთავარი გამწევი ძალა „კოალიცია ცვლილებისთვის“ იქნება - ახალი სახეებით, ახალი მოძრაობით, რეალური ძალით. ზუსტად ვიცი, სვანები არ შევირცხვენთ თავს და 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ.