„კოალიციური მმართველობა ჯანსაღი პოლიტიკის კულტურას დაამკვიდრებს“ | ლევან გორგილაძე
- მოგვიყევით თქვენს შესახებ, რა გზა გაიარეთ, სანამ პოლიტიკაში მოხვიდოდით?
- გზა პოლიტიკამდე გაცილებით მარტივი გახლდათ, ვიდრე პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, თუმცა ერთი წამითაც არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. სკოლის დასრულების შემდეგ, ჩავაბარე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში "კულტურისა და ხელოვნების მენეჯერის” სპეციალობაზე, მესამე კურსიდან მომეცა დამატებითი პროფესიის არჩევის საშუალება და "დრამისა და კინოს სამსახიობოს" სპეციალობასაც დავეუფლე. ეს დამატებითი პროფესია შემდეგ ჩემს მთავარ საქმედ იქცა. ასევე გახლდით სხვადასხვა სპექტაკლის რეჟისორიც და მსახიობიც. გარდა ამისა, საბავშვო სტუდიებში ვიმუშავე “მეტყველების კულტურის" მასწავლებლად…
უკრაინაში თეატრალურ ფესტივალზე ყოფნას დაემთხვა 2019 წლის 20 ივნისის გავრილოვის ღამის კოშმარი. საქართველოში არ ყოფნის გამო საოცარი იმედგაცრუება ვიგრძენი, თუმცა იმავდროულად დამეუფლა სიამაყის გრძნობა იმ გოგო-ბიჭების დამსახურებით, რომლებიც ყველაფრის ფასად იცავდნენ ქვეყნის ღირსებას. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ უმოქმედობით არ ვიქნებოდი მართალი პირველ რიგში საკუთარი თავის, შემდეგ კი ოჯახის, მეგობრების და ქვეყნის წინაშე.
აქედან დაიწყო ჩემი, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, საინტერესო ცხოვრება, შემდგომ კი, უკვე პოლიტიკისკენაც გამიწია გულმა. ოდნავადაც არ ვნანობ არჩევანს, არადა უკანონოდ დაკავებულიც არაერთხელ ვყოფილვარ და სხვა ბევრი უსამართლობაც ვნახე... მთავარია, რომ ირგვლივ მყავს ადამიანები, ვისაც ზუსტად ესმით, სად ვარ და რა მინდა და არავისთვის არაფრის ახსნა არ მჭირდება. ასე რომ, ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამომივა მეც და ჩემს გუნდსაც.
- საქართველოში ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ველია, რა კრიტერიუმით აარჩიეთ კოალიცია ცვლილებისთვის გუნდი და რა გამოარჩევს მას სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისგან?
- "კოალიცია ცვლილებისთვის" არის გამოცდილი და ახალი სახეების სინთეზით გაჯერებული გუნდი. ჯერ ჩამოვაყალიბეთ პარტია "ახალი", სადაც მართლა მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკის კეთებისკენ მიდრეკილმა ხალხმა მოიყარა თავი, შემდეგ მოხდა “გირჩთან” და “დროასთან” ჩვენი გაერთიანება, კოალიციას წინ მიუძღვის 4 წარმატებული და პრინციპული ლიდერი…
პარტიას ასევე ჰყავს ადამიანი, რომელმაც შეძლო ის, რაც თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერავინ შეძლო - რეგიონიდან დედაქალაქში ჩასული კი არ გახდა ლიდერი, არამედ პირიქით, რეგიონიდან მოახერხა ლიდერობა, ვგულისხმობ გიორგი კირთაძეს, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს თავისი ადამიანობის, საქმისა და საქართველოს სიყვარულის გამო. დარწმუნებული ვარ, კოალიციაში შემავალ ყველა სუბიექტს ცალ-ცალკე და ერთად შეგვიძლია ახალი, მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ ქართულ პოლიტიკაში.
- თქვენი აზრით რა გამოგარჩევთ სხვა პოლიტიკოსებისგან? რას ჰპირდებით ამომრჩეველს? რა იქნება თქვენი პრიორიტეტი უმაღლეს საბჭოში მუშაობისას?
- ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ მე არ ვთამაშობ! ვცდილობ პოლიტიკაშიც ის ლევან გორგილაძე ვიყო, ვინც ოჯახთან თუ მეგობრებთან, გულწრფელი და სიმართლეზე ორიენტირებულია. იმას ვიტყვი და იმას გავაკეთებ, რისიც მჯერა, კერპი არ მყავს და არავის ჩაძახებულის ამომძახებლად არ გამოვდგები. ვემხრობი მსჯელობას და საუკეთესო შედეგზე ორიენტირებული კონსენსუსის მიღწევას.
ამომრჩეველს ვპირდები მთავარს: არასდროს ვიქნები მიკერძოებული, ღიაობა და საჯაროობა მგონია ჯანსაღი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.
რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, მთავარი პრიორიტეტი იქნება რეალური დეცენტრალიზაციის მიღწევა, ადგილზე მოქალაქეების ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც ცენტრიდან გაცემული ბრძანებით კი არა, არამედ მოქალაქეების შემოთავაზებული ინიციატივების კვალდაკვალ მიღებული კონსენსუსით მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ მოქალაქესაც ვაგრძნობინოთ ის, რომ მათ დაგვიქირავეს და არა პირიქით, რომ მათ სამართავად მოვედით.
- რა აფერხებს აჭარის ეკონომიკურ განვითარებას და რა არის გამოსავალი?
- ნეპოტიზმი და კორუფცია. გამოსავალი არა ხელისუფლების ჩანაცვლება, არამედ რეალურ შედეგზე ორიენტირებული ხალხის სათავეში მოსვლაა. აჭარა უდიდესი შესაძლებლობის მქონე რეგიონია და მხოლოდ კეთილი ნება სჭირდება იმას, რომ დღითი დღე ახალ საფეხურზე გადავიდეს. 26 ოქტომბრის შემდეგ ამის შანსს კოალიციური აჭარის მთავრობაც იძლევა, ჩვენს რეგიონში ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას კორუფცია და ნეპოტიზმი.
- როგორ გეგმავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უმუშევრობის შემცირებას?
- სახელმწიფოს მცდელობა - დაასუფსიდიროს სხვადასხვა აქტივობები ნაკლებ ეფექტური პოლიტიკა აღმოჩნდა. სახელმწიფოს შეუძლია შექმნას ეფექტურად მომუშავე ინსტიტუციები, რითაც უცხოელი და ადგილობრივი მეწარმეებისთვის შეიქმნება მაქსიმალურად მიმზიდველი და სანდო გარემო.
- რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას საიმისოდ, რომ არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვება გაიფორმოს?
- პირველი - რაც მეტი ადამიანი მიდის არჩევნებზე, "ქართულ ოცნებას" მით უფრო ნაკლები ბერკეტი რჩება გაყალბებისთვის. ამომრჩეველთან ყოველდღიური შეხვედრების შემდეგ, ზუსტად ვიცი, რომ - დიახ, არჩევნებზე იქნება ძალიან მაღალი აქტივობა და რთულია ქუჩაში 10-დან 2 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის ნახვაც კი. ამას არ ვამბობ მხოლოდ დიდი ქალაქების განწყობებიდან გამომდინარე, იგივე სიტუაცია მხვდება პატარა მუნიციპალიტეტებშიც. ამომრჩეველს გათავისებული აქვს, რომ იქ, კაბინაში მის ხმას ვერავინ აკონტროლებს და დარწმუნებული ვარ, 26-ში იმდენად ძლიერი ოპოზიციური მუხტი იქნება, რომ ვერ გაბედავენ დამდგარი შედეგის გადაწერას.
- რას გააკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოს მაძებარი ახალგაზრდები რეგიონს და ქვეყანას არ ტოვებდნენ?
- ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, ისეთი ინვესტიციები უნდა იქნას მოზიდული, რომ წასულებიც უკან ბრუნდებოდნენ. აუცილებლად უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, კადრების გადამზადება ყველა სფეროში, ბიზნესი უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი… ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ გაწეული შრომა უფასდებათ, ისე როგორც სხვა დასავლურ ქვეყნებში. ისინი ტოვებენ რეგიონს და ქვეყანას არა იმიტომ, რომ სხვაგან მიუწევთ გული, არამედ იმიტომ, რომ იქ დაფასებულია შრომა. ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ჯანსაღი გარემოს შექმნის შანსი გაჩნდება. მზად ვარ ამ შანსის რეალიზების თანამონაწილე გავხდე.
- რას შეცვლის კოალიციური მმართველობა?
- კოალიციური მმართველობა დაამკვიდრებს დებატის, ჯანსაღი კამათის, ჯანსაღი პოლიტიკის კეთების კულტურას. ოპოზიციის ინიციატივასაც ისევე ექნება ფასი, როგორც შედარებით დიდი მხარდაჭერის მქონე პარტიის, ოპოზიციის პროტესტი თუ სხვა სახის ქმედება არ დაემსგავსება წყლის ნაყვას, როგორც დღეს ხდება ერთპიროვნული მმართველობისას და მთავარი - ძალთა ბალანსი იქნება დასტაბილურებული. ერთი ადამიანის ხუშტურს აღარ გადაჰყვება ქვეყანა და ნებისმიერი ადამიანის სიტყვას ექნება ფასი.
- როგორ ხედავთ მომავალი აჭარის ტურისტულ პერსპექტივას?
- აჭარაში გვაქვს უნიკალური ბუნება. შეგვიძლია "მთიდან გადავხტეთ და ზღვაში ჩავხტეთ" და ამას მეტწილად ვერ ვიყენებთ. არსებობს ბევრი განვითარებული ქვეყანა, სადაც მსგავს შესაძლებლობებს ხელოვნურად ქმნიან და იყენებენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ევროპასთან დაახლოება ამ ქვეყანაში გააჩენს ახალი მოთხოვნილებების მქონე ტურისტს, ახალი მოთხოვნილებები - ახალ ხარისხს, ხარისხი კი, უფრო მეტ სიმდიდრეს. ყოველწლიური რეალური ზრდა დაფიქსირდება, როგორც მომხმარებლის, ასევე ხარისხის შემთხვევაშიც.
- როგორ წარმოგიდგენიათ ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარება?
- ჩემი სურვილია, რომ ბათუმი არ იქცეს ქალაქად, სადაც სუნთქვა გახდება შეუძლებელი. მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა არსებობს ზღვარი, სადაც უნდა მიხვდე და გაჩერდე. ინტერვიუ რეალური დეცენტრალიზაციით დავიწყე და აქაც იმავეს ვიტყვი, ცათამბჯენების მშენებლობისას ვინმემ იკითხა ხალხის აზრი? შესაძლოა უმრავლესობას მართლა სურდა ჩაბეტონებული ქალაქი და უმცირესობასაც მოუწევდა დათმობაზე წასვლა, მაგრამ არა - ზუსტად იციან ამ ქალაქში მაცხოვრებლების განწყობა და ამიტომაც მოდიან ჯიქურ, ხელის გადაგრეხის პრინციპით.
რეალური დეცენტრალიზაციის შემთხვევაში კი, ხალხის აზრი გათვალისწინებული იქნებოდა და ერთი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ამბასადორი არ აშენდებოდა. მომავალი მთავრობა მაქსიმალურად გავუფრთხილდებით ბათუმს, რომ აქ სუნთქვა თავისუფლად იყოს შესაძლებელი.