photo

„ლეჩხუმის დუხჭირი რეალობა უნდა შეიცვალოს“ | ლევან ყურაშვილი

ბავშვობაში, ლეჩხუმში, სოფელში წასვლა მთელი თავგადასავალი იყო.

წასასვლელად რამდენიმე დღით ადრე უნდა მომზადებულიყავი, რადგან სოფლის ავტობუსი მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს დადიოდა - ე.წ. ბაზრობების დღეს.

„ჯაჭვის ხიდის“ ავტოსადგურზე, დილით ჩამოსული გლეხები საკუთარ მოწეულ ხილს, ამოყვანილ ყველსა და ლორს რომ გაყიდდნენ, აღებული ფულით, სოფელში წასაღებ მაკარონს, ზეთს, ტომრებით შაქარს, ფქვილსა და ქატოს იყიდდნენ, გაავსებდნენ ავტობუსს, ამას დასასვენებლად წამსვლელი „ქალაქელები“ დავემატებოდით და შეუყვებოდა „ჟორიას პაზიკი“ ლეჩხუმის გზას. გზას, რომელიც სულ რაღაც 55 კილომეტრია და რომელსაც „პაზიკი“ 5-6 საათს ანდომებდა. გადაჭედილ ავტობუსში ბავშვებს, როგორც წესი, ფქვილის, ქატოსა და შაქრის ტომრებზე ჯდომის პატივი გვქონდა.

შეიძლება რომანტიკულად ჟღერს და ახლა მეც ასე მაგონდება, მაგრამ ამ რომანტიკაში არაფერია, ბავშვობის ნოსტალგიის გარდა.

სინამდვილეში, ეს იყო ტანჯვა, რომელსაც ლეჩხუმში ამსვლელ-ჩამომსვლელები გავდიოდით. 6 საათი ზაფხულის ხვატში, დახუთულ, გადაჭედილ, საბჭოთა ავტობუსში, რომელიც 10 კმ/სთ-ით მიუყვებოდა გელავერის უღელტეხილს. სადაც, ალაგ-ალაგ შემორჩენილი ასფალტის ნაგლეჯებიღა თუ მიგახვედრებდა, რომ ოდესღაც აქ გზა გადიოდა.

ხალხი იძულებული იყო, თვეში რამდენჯერმე ეს გზა გაევლო, რათა საკუთარი ხელით მოყვანილი სოფლის პროდუქტი გაეყიდა, ქალაქიდან ფქვილი და შაქარი წაეღო და თავი როგორმე გადაერჩინა.

საქართველოში ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ ერთი მაგისტრალის ქვეყანა ვართ, თბილისი-ბათუმის გზისა და სხვაგან შიდა ტურიზმი და გადაადგილება ძალიან დაბალ დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია ბოლო წლებში შეიცვალა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და საქართველოს სხვა კუთხეებში სიარულიც დავიწყეთ, ამ მტკიცებაში სიმართლის დიდი მარცვალია. თუმცა, ყველაზე ნაკლებად ეს ადამიანების ბრალია.

როცა თბილისიდან ბერლინში ჩასასვლელად უფრო ნაკლები დრო გჭირდება, ვიდრე თბილისიდან მესტიაში ასასვლელად, ძალიან რთულია, მასობრივ შიდა ტურიზმზე ილაპარაკო. მაშინ, როცა ამ პატარა ქვეყანაში, ერთი რეგიონიდან მეორეში ჩასვლა მთელი თავგადასავალია, რომლისთვისაც საფუძვლიანად უნდა მოემზადო, რთულია განვითარებასა და გამდიდრებაზე იფიქრო. გზა ერთია და აღარაფერს ვლაპარაკობ სხვა, ელემენტარულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა გაზი, კანალიზაცია, წყალი და ა.შ. რომელიც ბევრგან უბრალოდ არ არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს ადგილები, სადაც დღემდე შუქიცა და მობილური კავშირიც კი პრობლემაა.

ლეჩხუმს დავუბრუნდეთ...

მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანების ბოლოს წყალტუბო-ცაგერის გზა გაკეთდა და იქ მოსახვედრად 5-6 საათი საჭირო აღარაა, ის მაინც დარჩა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტისთვის უცნობ ადგილად. დღეს აქ შეხვდებით დამთვალიერებლებს, თუმცა იმის მეოცედს, რისი პოტენციალიც ამ რეგიონს აქვს.

ესაა მხარე, რომელსაც აქვს ყველაფერი - უნიკალური ღვინოები, მთები, მღვიმეები, ტბები, უგემრიელესი ხილი, უნიკალური, ალპური მთის ყველი. აქვს მჟავე წყლის კურორტებიც, როგორიცაა მაგალითად ლაშიჭალა, რომელიც პოტენციალით არაფრით ჩამოუვარდება სხვა ცნობილ ქართულ კურორტებს.

ლეჩხუმის პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად საჭიროა, რომ ეს მხარე არ იყოს ე.წ. ჩიხი და ადგილობრივმა, თუ ჩამოსულმა ტურისტმა შეძლოს სხვა რეგიონებში გზის კომფორტულად გაგრძელება.

პირველ რიგში, გაფართოვდება წყალტუბო-ცაგერის გზა, რომელიც დააკმაყოფილებს გაზრდილი საავტომობილო ნაკადის მოთხოვნებს. გაიჭრება ლენტეხი-უშგულის გვირაბი, რაც ერთის მხრივ, მინიმუმ ორი საათით შეამცირებს აღმოსავლეთ საქართველოდან, მესტიისკენ მიმავალი ადამიანის მგზავრობის დროს და ავტომობილები, ზუგდიდი-ცაიში-მესტიის გზის მაგივრად, იმოძრავებენ წყალტუბო-ცაგერი-უშგულის მაგისტრალით. მეორეს მხრივ, მოხდება ზემო და ქვემო სვანეთის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანება და არა ისე, როგორც ახლაა - ნაწილი სამეგრელოს რომ ეკუთვნის და ნაწილი რაჭა-ლეჩხუმს.

ცაგერში აშენდება შიდა მოხმარების აეროპორტი. სადაც იფრენენ ტურბოხრახნიანი, მცირე ზომის თვითმფრინავები და ვერტმფრენები.

ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ ტურისტს ექნება საშუალება, კომფორტულად, ნახევარ საათში მოხვდეს ლეჩხუმში.

თავის მხრივ, ქუთაისის აეროპორტს დაემატება მინიმუმ ერთი ასაფრენი ზოლი და გაიზრდება ტერმინალების გამტარუნარიანობა. რაც საშუალებას მოგვცემს, იმ პირობებში, როცა ევროპასთან მოლაპარაკებები გაიხსნება და 2030 წელს უკვე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები ვიქნებით, გაცილებით მეტი ევროპელი, ბევრად მაღალშემოსავლიანი და შესაბამისად, გადახდისუნარიანი ტურისტი ჩამოვიყვანოთ, ვიდრე ახლა სტუმრობს ჩვენს ქვეყანას.

სოფელი ოყურეში და მიმდებარე სოფლები გახდება ლეჩხუმის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი. გარდა იმისა, რომ ოყურეშში, ისუნდერსა და ზუბში ისხმება უნიკალური და ყველაზე ძვირი ქართული ღვინო - უსახელაური. აქვეა ხვამლის მთა, რომლის წვერიდანაც ჩანს მთელი კოლხეთის დაბლობი და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია მთელს დასავლეთ საქართველოში. ოყურეშიდან ხვამლის მთაზე ავა საბაგირო გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება 10 წუთში, სოფლიდან ხვამლის წვერზე კომფორტულად მოხვედრა.

ხვამლზე ასულ ტურისტს ექნება საშუალება, გადავიდეს მთის მეორე მხარეს, რიონის ხეობაში და დააგემოვნოს კიდევ ერთი უნიკალური ლეჩხუმური ღვინო - ტვიში. ანდაც, სულაც დაბრუნდეს ოყურეშში და სოფლებს შორის მოძრავი ავტობუსებით ავიდეს სოფელ ქულბაქში, საიდანაც ასევე საბაგიროთი მოხვდეს ასხის მთაზე ან სოფელი ზუბიდან, საცხენოსნო ტურით ავიდეს იმავე მთაზე და ნახოს როგორც ალპურ ზონაში მწემსების ცხოვრებისა და საქმიანობის პროცესი, ასევე დააგემოვნოს ალპური ყველი და სულგუნი.

ასევე გაკეთდება სოფ. გორდიდან ასხზე ამომავალი გზა, რათა იქ მსუბუქმა მანქანებმაც შეძლონ მოძრაობა. გაიხსნება ახალი, ასხი-ქულბაქის მონაკვეთი, რათა სამეგრელოში, მარტვილისა და ბალდის კანიონების მონახულების შემდეგ, ტურისტს შეეძლოს ხვამლი-ასხის კომპლექსზე პირდაპირ მოხვედრა ან პირიქით, ლეჩხუმიდან სამეგრელოში მოკლე გზით გადასვლა.

ტურისტული ნაკადის მკვეთრი ზრდის პარალელურად, სახელმწიფო დაეხმარება ადგილობრივებს ინფრასტრუქტურის მოწყობაში, რეგიონში გაჩნდება ახალი სასტუმროები, მკვეთრად გაიზრდება როგორც ღვინის, ასევე ადგილობრივების მოყვანილი, ნატურალური ბოსტნეულისა თუ ხილის ფასი.

უსახელოურისა და ტვიშის ღვინოებზე, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ფრანგულ ან პორტუგალიურ ღვინოებს, გაჩნდება ისეთი მოთხოვნა, რომ თითქმის მთელ მარაგს ადგილზე ჩასული დამთვალიერებლები მოიხმარენ. ხოლო საზღვარგარეთ მისი ყიდვა იმდენად რთული იქნება და ისეთი დეფიციტური გახდება, უსახელოური ეღირება არა 100-150 ლარი, როგორც ახლა, არამედ 200-300 ევრო.

ხვამლიდან და ასხიდან ჩამოსული ტურისტი გზას გააგრძელებს მესტიისკენ ან ცაგერი-ორბელის დამაკავშირებელი გვირაბით გადაინაცვლებს კურორტ ლაშიჭალაში. გაკეთდება ორბელი-ლაშიჭალის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ამ წუთას სავალალო მდგომარეობაშია.

ლაშიჭალაში მოეწყობა ინფრასტრუქტურა - გზის, გაზის, კანალიზაციის, წყლისა და მობილური კავშირის პრობლემა მოგვარდება. ლაშიჭალას აქვს პოტენციალი, წელიწადში ათიათასობით დამსვენებელი მიიღოს.

ცაგერსა და მესტიას, ცაგერს, ონსა და ამბროლაურს შორის ივლის სწრაფი და კომფორტული ავტობუსები. საქართველო უნდა გაცდეს „ერთი მაგისტრალის“ პრინციპს. ჩვენ გვჭირდება ყველა რეგიონისა და რაიონის არა მხოლოდ ცენტრთან, არამედ ერთმანეთთან დაკავშირება. თანამედროვე სამყაროში ყველაზე ძვირფასი არის დრო: სამყარო გეომეტრიული პროგრესიით ჩქარდება და ჩვენ ამას ფეხი აუცილებლად უნდა ავუწყოთ. საქართველოში არ უნდა იყოს ადგილი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სადაც რეგიონის ცენტრიდან მოხვედრას ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდება.

რაც მთავარია, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ მილიარდობით ევროს გრანტი. ასევე, ევროკავშირს აქვს უამრავი პროგრამა, რომელიც სწორედ რეგიონების განვითარებაზეა ორიენტირებული და იგივე საბაგიროებისა, თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გაკეთება საქართველოს ბიუჯეტს ერთი თეთრიც კი არ დაუჯდება. ნაწილობრივ ევროკავშირის პროექტებიდან, ნაწილობრივ კი კერძო ინვესტიციებით შევძლებთ, რომ ყველა ეს პროექტი უმოკლეს დროში განვახორციელოთ.

ევროპის მთავარი სიკეთე არის 80 წლიანი მშვიდობა, დოვლათი და სიმდიდრე. ჩვენი ევროპელი მეგობრები მოწადინებულნი არიან, რომ საქართველოს განვითარებაში ფული ჩადონ და დაგვეხმარონ. სწორი ხედვისა და ეფექტური მუშაობის პირობებში, ამის გაკეთება უმოკლეს დროში შეიძლება.

რა თქმა უნდა, ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს ბუნებაში მინიმალური ჩარევით, ევროკავშირის სტანდარტები ხომ სანიმუშოა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი იერსახის შენარჩუნების სფეროში. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის იმიჯი და ჩვენ ეს ნიშა აუცილებლად უნდა დავიკავოთ.

სამწუხაროდ, დღეს რაჭაცა და ლეჩხუმიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რაიონებია, სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სოციალურ დახმარებას იღებს. იმ ევროპაში კი, სადაც შესვლასაც ამ ქვეყნის მოქალაქეების 80 პროცენტი უჭერს მხარს, ღარიბები არ არსებობენ. მითუმეტეს, ღარიბები არ არსებობენ მთაში. პირიქით, როგორც წესი, მთაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და შეძლებული ადამიანები ცხოვრობენ.

ეს დუხჭირი რეალობა უნდა შეიცვალოს საქართველოშიც. არ შეიძლება რესურსებითა და პოტენციალით ასეთ მდიდარ მხარეში ადამიანები ღარიბები იყვნენ. ამ პროექტების განხორციელებიდან მალევე, რამდენიმე წელში, არსებული რეალობა შეიცვლება და მთაში ადამიანები იცხოვრებენ ღირსეულად. ექნებათ საკუთარი შემოსავალი, არ იქნებიან დამოკიდებულნი სოციალურ შემწეობაზე და რაც მთავარია, მათი გადახდილი გადასახადების უდიდესი ნაწილი დარჩება ადგილზე და მოხმარდება რეგიონის კიდევ უფრო განვითარებას.

და კიდევ ერთი რამ.

ცაგერში გზა არის გასაკეთებელი თუ სკოლაა ასაშენებელი, ყველაზე უკეთ იცის ცაგერელმა და არა ვიღაც „ჭკვიანმა ადამიანმა“ თბილისში.

ცაგერის ბედი და განვითარება უნდა წყდებოდეს ცაგერში, ლენტეხის - ლენტეხში, ონის - ონში და ამბროლაურის - ამბროლაურში.

ჩვენ გვჭირდება რეალური თვითთმართველობა: სწორედ რეალურ, ევროპული სტანდარტის თვითთმმართველობას მოიტანს 26 ოქტომბერს მომხდარი ცვლილება საქართველოს ყველა რეგიონში.

იმ ევროპაში, სადაც შესვლასაც ამ ქვეყნის მოქალაქეების 80 პროცენტი უჭერს მხარს, ღარიბები არ არსებობენ. მითუმეტეს, ღარიბები არ არსებობენ მთაში. პირიქით, როგორც წესი, მთაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და შეძლებული ადამიანები ცხოვრობენ.

ბოდიში, რუსულ ხომალდზე გაგვიანდებათ… | ნუგზარ წიკლაური

ოქტაი ქაზუმოვი: ხელისუფლებას სურს, დაავიწყებინოს მოქალაქეებს მთავარი - საქართველო

ქვეყანა ახალგაზრდებისგან იცლება | ნინა ბაზიკოშვილი