photo

„არ ვაპირებ უბრძოლველად დავთმო ჩემი წინაპრების მიწა და ჩემი შვილების მომავალი“ | ირინა ჯანდიერი

- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა?

- წლების განმავლობაში მოველოდი სიტუაციის გამოსწორებას. თავის დროზე ბევრი დაპირებით მოსული ხელისუფლება, რომელიც თითქოს ხალხზე ზრუნვის მიზნით მოვიდა, თანდათან გადაიქცა ოლიგარქიული ტიპის კორუმპირებულ ხელისუფლებად, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მეტად უწყობს ხელს მიგრაციას და ქვეყნის უკუსვლას. მე სამოქალაქო სექტორში ყოველთვის აქტიური ვიყავი და ხშირად ვაპროტესტებდი ჩემთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებსა თუ კანონპროექტებს. თუმცა, ბოლო ერთი წელიწადი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და საფრთხის წინაშე დააყენა ჩვენი ევროპული არჩევანი და კურსი. ევროპული გზა, რომელიც ერთადერთი უალტერნატივო მშვიდობისა და განვითარების გარანტი მგონია - “ქართულმა ოცნებამ” დააყენა საფრთხის წინაშე. მე არ ვაპირებ უბრძოლველად დავთმო ჩემი წინაპრების მიწა და ჩემი შვილების მომავალი ოლიგარქიულ სისტემას. ჩვენ გვაქვს ძალა, უნარები და ენერგია, გავერთიანდეთ და 26 ოქტომბერს მშვიდობიანი გზებით, ერთპიროვნული ძალაუფლების მქონე უზურპატრი მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობით შევცვალოთ, სადაც არავის ექნება ამხელა ძალაუფლება. მე სწორედ ცვლილებების მოსატანად ჩავერთე, სწორედ ჩემი შვილების ქართულ-ევროპული უკეთესი მომავლისათვის ვარ დღეს პოლიტიკაში. ვფიქრობ, 26 ოქტომბერს ყველა, ვინც საარჩევნო ყუთებთან მივა, ისედაც პოლიტიკაშია. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვართ და იმედს ვიტოვებ, ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ცრუ დაპირებებით სავსე ოლიგარქიულ კლანს და ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდება რუსული გავლენებისგან.

- მიგრაცია ახსენეთ…

- მიგრაციის პრობლემა ერთ-ერთ გადაუჭრელ გამოწვევად რჩება ჩვენი რეგიონისთვის. წლიდან წლამდე უფრო მატულობს რეგიონიდან ცენტრში ან საზღვარგარეთ წამსვლელთა რაოდენობა. ამ პროცესს თელაველები ტვინების გადინებას ვუწოდებთ. შედეგად ვიღებთ ენერგიისგან დაცლილ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც სიცოცხლე კრთება და სიცარიელე ისადგურებს. ამაში კი დამნაშავე ხელისუფლებაა. მათ 12 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს რეგიონების გაძლიერება, ვერ მისცეს ქალაქებსა და სოფლებს დეცენტრალიზაციის საშუალება.

მიმაჩნია, რომ პრობლემის გადასაჭრელად გვჭირდება თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ბიუჯეტი უფრო კარგად მოვარგოთ ადგილობრივების მოთხოვნებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლებას, განვითარებას და დასაქმებას. ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ საშოვარზე საზღვარგარეთ იძულებით გადაადგილება. რეგიონი უნდა უზრუნველყოფდეს ინვესტორების მოზიდვას და მათთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ მომავალში მრავალფეროვანი და მაღალანაზღაურებადი დასაქმების ბაზარი მივიღოთ.

- იქამდე კი ქვეყანაში კორუფცია ყვავის.

- კორუფცია დღევანდელი სისტემის ერთ-ერთ დიდ გამოწვევაა, კორუფციული გარიგებებით ერთეულები მდიდრდებიან, ჩვენი ბიუჯეტი და მოსახლეობა კი ზარალდება. კორუფცია უნდა აღმოიფხვრას ანტიკორუფციული მექანიზმების ამოქმედებით. უნდა შემოწმდეს ტენდერები და გამკაცრდეს მონიტორინგი კომპანიებზე, რომლებიც დიდ ტენდერებს იგებენ. ასევე უნდა შეწყდეს ის მანკიერი დაფინანსება, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მმართველ პარტიის სასარგებლო შემოწირულობებს გასცემენ. ამის შედეგად ვიღებთ ელიტურ კორუფციასა და ოლიგარქიას. კოალიციური მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კორუფციასთან ბრძოლა და ტენდერებით გამდიდრებული კომპანიების შემოწირულობებზე უარის თქმა მიმაჩნია. ტენდერებმა ყველა კომპანიას თუ პროფესიონალს თანაბარ პირობებში გამარჯვების საშუალება უნდა მისცეს. და ამ ქვეყანაში ნაცნობობით ფულის კეთება უნდა დასრულდეს.

- კორუფციის პირობებში ეკონომიკაც შესაბამისად ვითარდება.

- კახეთის რეგიონი ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. ფართოდ გავრცელებულია მევენახეობა და ღვინის წარმოება, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ასევე აქტუალურია მარცვლოვანი კულტურების, ხილის, ბოსტნეულის და თხილის წარმოება.

მიუხედავად სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი როლისა, კახეთის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშეა. მცირე და საშუალო ფერმერები ხშირად ვერ იღებენ საკმარის შემოსავალს მათი საქმიანობიდან, რაც გამოწვეულია როგორც არარეგულარული ბაზრით, ისე მარკეტინგსა და რეალიზაციაში არსებული დეფიციტით. ამას ემატება ინფრასტრუქტურის სირთულეები: ზოგიერთ სოფელში სერიოზული პრობლემებია ტრანსპორტირებასა და პროდუქციის ბაზარზე შეტანის პროცესში. ძალიან ჭირს მუშახელის პოვნაც. დიდია მიგრაცია როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ, რაც ადგილობრივი სამუშაო ძალის რაოდენობას ამცირებს. ამ ფაქტორებთან გასამკლავებლად აუცილებელია როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა და ტურიზმის სფეროს გაძლიერება.

ამ პირობებში მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობების გაძლიერება. შემოსავლების განკარგვის მეტი თავისუფლება საშუალებას მოგვცემს, ვმართოთ ჩვენი რესურსები ადგილობრივ დონეზე, რაც გაზრდის ეფექტურობას და ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. საძოვრების, ტყისა და სხვა რესურსების დაბრუნება ადგილობრივ მმართველობაში შესაძლებლობას მოგვცემს, უზრუნველვყოთ მათი სწორი და მდგრადი გამოყენება, რაც ასევე გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.

პირველ რიგში, ეს გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერების ყოველდღიურობას, რომლებსაც მეტი წვდომა ექნებათ მიწის რესურსებზე. ამის გარდა, ადგილობრივი ეკონომიკა გაძლიერდება, რადგან მუნიციპალიტეტი შეძლებს, მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს უფრო ფართო ეკონომიკური პროექტები, როგორიცაა ტურიზმისა და ეკოლოგიურად სუფთა საწარმოო სექტორების განვითარება.

ეს ცვლილებები გაზრდის დემოკრატიულ ჩართულობას, რადგან მეტი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ადგილობრივ დონეზეც მოიმატებს, რაც კიდევ მეტად დააახლოებს მმართველობას ხალხთან.

- რამე პრობლემას ხომ არ გამოყოფდით?

- პრობლემა, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს, არის მიუსაფარი ცხოველები. “ქართული ოცნების” მმართველობა თუ რამით დაამახსოვრდება ხალხს - ეს სწორედ მიუსაფარი ცხოველებით სავსე გზები, უღელტეხილები და ქალაქებია. იგივე პრობლემას ვაწყდებით სოფლებშიც. არ გვაქვს თავშესაფრები, არც ჯგუფები არსებობს, რომლებიც ამ პრობლემას სახელმწიფოს დახმარებით გადაჭრის. კიდევ კარგი, არსებობენ ღვთისნიერი ადამიანები, მოხალისეები, რომლებიც საზოგადოების დახმარებით, მათი ჩარიცხული თანხებით ეხმარებიან დაავადებულ-დაშავებულ ცხოველებს. სახელმწიფო ამ მიმართულებით მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებს. იმის ნაცვლად, რომ ისინი ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ არსებულ წესებსა და კანონებს აღასრულებდნენ, თითქოს ეს პრობლემა არ ეხებათო, ერთ სიტყვასაც არ ამბობენ ამ მიმართულებით. არადა, ხელისუფლების წარმომადგენლები ცნობიერების ამაღლების კამპანიებს უნდა მართავდნენ სოფლებში, ჰქონდეთ ცხელი ხაზი, ჰყავდეთ მუნიციპალური ჯგუფები - არაფერი ასეთი არ გვაქვს. ხელისუფლებას არ აქვს პასუხი ამ გამოწვევაზე, შობადობა კი იზრდება, და იზრდება დაავადებების გავრცელების საფრთხე. ამაზე დიდი გამოწვევა თითქმის არ არსებობს. ამ პრობლემას ყველას საერთო ჩართულობა სჭირდება.

ჩვენ, კოალიციური მთავრობის პირობებში, სასწრაფოდ ვაპირებთ დავიწყოთ თანხების მოძიება თავშესაფრის ასაშენებლად. ასევე ვაპირებთ თვითორგანიზებადი ჯგუფების მხარდაჭერას, ცხელი ხაზის გახსნასა და საერთო ძალისხმევით უსაფრთხო ქალაქის განვითარებას.

- როგორია წინასაარჩევნო განწყობა?

- ყოველდღიურად ვხვდებით და ვესაუბრებით მოსახლეობას. მთავარი მოთხოვნა ცვლილებებია. მოსახლეობა დაიღალა “ქართული ოცნების” ფუჭი დაპირებებით. რომ არა ისევ მოსახლეობის თანადგომა და ჩვენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დახმარებების თუ მცირე გრანტების პროგრამები, უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. მოსახლეობა ემზადება არჩევნებისთვის, რომელსაც რეფერენდუმის სახეც აქვს. ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს კეთილდღეობით სავსე მომავალსა და რუსულ იზოლაციურ ცხოვრებას შორის. დასანქცირებულ, ვიზებჩამორთმეულ ქვეყნაში ცხოვრება არავის სურს. მოქალაქეები, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არ არიან, ყველაფერს ნათლად ხედავენ. იმედია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოფხიზლდება და ხმას მისცემს ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს, დააშინოს და მოატყუოს ადამიანები, ისინი ყველაფერს კარგად ხედავენ.

„ხალხს სჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“ | გიორგი ღვინიაშვილი

„მოუთმენლად ველოდებით 26 ოქტომბერს და დიდ გამარჯვებას“ | ამირან ლომთაძე

„ღალატს პასუხი 26 ოქტომბერს უნდა გავცეთ!“ | ვაჟა ცეცაძე