„კორუფცია „ოცნებასთან“ ერთად დამარცხდება“ | დავით ბალიაშვილი
დავით ბალიაშვილი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი.
- რა ვითარებაა რეგიონში?
- რეალური სურათი საგანგაშოა. სოფლები დაცლილია ახალგაზრდებისგან, მხოლოდ პენსიონერების და ხანდაზმული ადამიანების ამარადაა დარჩენილი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაღალმთიან სოფლებში, რომელთა უმრავლესობა დაცლის საფრთხის წინაშეა. ახალგაზრდები, ფაქტობრივად, აღარ დარჩნენ, უფრო მეტიც, წელს რამდენიმე სოფელში ვერ მოხერხდა პირველი კლასის გახსნა, რადგან სკოლაში შემსვლელი ბავშვი არ იყო. გვესმის ალბათ, თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. ბოლო წლებია, შობადობის მაჩვენებელს გადაუსწრო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. ერის დაბერების პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს, ამ ყველაფერს კი თავისი მიზეზები აქვს - ეკონომიკური გაჭირვება, სამუშაო ადგილები, ნეპოტიზმი ( რაც არ უნდა კარგი სპეციალისტი იყო, თუ ,,ზემოთ’’ ვინმე არ გყავს, ვერ იპოვი სამსახურს), უპერსპექტივობის განცდა ჩვენ მოქალაქეებს აიძულებს საბანკო სესხით, ან უკანასკნელის გაყიდვით დააღწიონ თავი ამ ჭაობს და უკეთესის მიღების სურვილით წავიდნენ ემიგრაციაში.
თუ ქვეყანა გვინდა, თუ გვსურს, საქართველო ვიხილოთ, როგორც გეოგრაფიული წერტილი პოლიტიკურ რუკაზე, ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ, ამის ერთადერთი გზა კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. ჩვენს კოალიციას აქვს კონკრეტული, მკაფიო გეგმა, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ გასაჭირს, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და შესაბამისად, მივცეთ ჩვენს ემიგრანტებს ქვეყანაში ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა. მიწას უნდა პატრონი, შვილებს - მშობლები, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა დავიბრუნოთ წართმეული ღირსება და 26 ოქტომბერს ვუთხრათ არა „ქართულ ოცნებას“.
- კორუფციისა და ნეპოტიზმის მასშტაბებზე რას იტყვით?
- რეგიონში კატასტროფულად გაუარესებულია ეკონომიკური მდგომარეობა. ადამიანები დღითი-დღე უფრო ღარიბები ხდებიან. არიან ადამიანები, რომლებსაც ელემენტარულ საკვებზეც აღარ მიუწვდებათ ხელი. კვლავ დიდ პრობლემად რჩება უმუშევრობა, სიღატაკე და მიზერული ხელფასები. ადამიანების უმეტეს ნაწილს, რომლებიც ოცნების ე.წ. ,,ელიტას’’ არ წარმოადგენენ, ხელფასები კომუნალურებში, ტრანსპორტირის ხარჯებსა და მედიკამენტებში არ ყოფნის. აღარაფერს ვამბობთ პენსიონერებზე. საწვავზე მაღალმა ფასებმა და ხარისხიან ქიმიკატებზე ხელმიუწვდომლობამ, ბაზრის არარსებობამ, გლეხკაცს მიწაზე ხელი ააღებინა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 70 პროცენტი ბალახმა ჩაანაცვლა, ფერმერები გაკოტრდნენ. სახელმწიფო არ ზრუნავს მათზე. გასულ წელს რეგიონში ასობით კილოგრამი კარტოფილი გაუფუჭდათ ფერმერებს იმის გამო, რომ მისი ფასი თვითღირებულებაზე დაბალი იყო და მეტწილად უკონკურენტო აღმოჩნდა ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოტანილ კარტოფილთან. ასეა თითქმის ყველა მიმართულება - თუ „ოცნების“ მხარდამჭერი არა ხარ, ვერც რაიმე საშეღავათო პროგრამით ვერ ისარგებლებ, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ. ეკონომიკის რეალური სექტორი არ მუშაობს, არ იქმნება სამამულო პროდუქცია, კვლავ იმპორტდამოკიდებული ვრჩებით.
„ქართული ოცნების“ პირობებში დავკარგეთ განვითარების და უკეთესი ცხოვრების 12 წელი. გამოსავალი ერთია - არჩევნებზე მისვლა, ცვლილებისთვის მხარდაჭერა, ჩემთვის ყველაზე მეტად მძიმე საყურებელია ის, თუ როგორ დაბრუნდა ქვეყანაში კორუფცია, ნეპოტიზმი და როგორ ანგრევს ის ქართულ სახელმწიფოებრიობას. კორუფცია ის სენია, რაც არ გვაძლევს განვითარების შანსს, ის ჩვენ და ჩვენს შვილებს გვართმევს მომავალს. თუმცა, ფაქტია, კორუფცია ყვავის მაშინ, როცა ქვეყანაში ავაზაკები არიან, როცა ჩინოვნიკები ხალხის ბედის გადაწყვეტით კი არა, ბიზნესწილებით არიან დაკავებული, როცა მთელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ოცნების პარტიული ელიტა ინაწილებს. ისინი ჩვენს ფულს ჭამენ, ჩვენს კისერზე მდიდრდებიან. კორუფციას ოლიგარქიული მმართველობა ქმნის; როცა ერთ კაცს ქვეყნის მიტაცება სურს, ის თვალს ხუჭავს თავისი ერთგული მსახურების დანაშაულებზე და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შანტაჟით აკეთებინებს იმას, რაც სურს. ესეც მოგვარებადია, კორუფცია დაუმარცხებელი სენი არ გახლავთ. ის 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დამარცხდება.