photo

„26 ოქტომბრის გამარჯვება ჩემთვის იქნება კიდევ ერთი გარანტი იმისა, რომ სხვა ბავშვებმა არ გაიზიარონ ჩემი შვილების ბედი და ასეც იქნება“ | სოფო ლილუაშვილი

- ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საპარლამენტო სიის გარეთ დარჩენის გადაწყვეტილება, მათ შორის, ოჯახის რჩევითაც მიიღო. რატომ გადაწყვიტეთ ასე?

- ეს გადაწყვეტილება ნიკამ თავად ახსნა ბრიფინგზე და ვიზიარებ, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. მგონია, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესისთვის და არამხოლოდ პიროვნულად ნიკასთვის. მან თავისი წვლილი სხვადასხვა გზით უკვე შეიტანა ქვეყნის განვითარებაში - იყო პარლამენტის წევრი, იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული მენეჯერი იყო ყველა პოზიციაზე. განათლების მინისტრად მისი ყოფნის პერიოდს გამოვარჩევდი, რადგან მგონია, მაშინ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და საკუთარი პოზიტიური კვალი დატოვა ამ სფეროში.

ნიკა ამბობს, რომ გზა უნდა დაუთმოს და შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდებს, - სრულიად ვეთანხმები. დრო ძალიან სწრაფად გადის, ჩვენ ამ დროსთან ერთად ვიზრდებით, ვვითარდებით, ვცილობთ ავყვეთ ტემპს, მაგრამ რა სჭირდება ქვეყანას, რა სჭირდებათ ახალგაზრდებს - თვითონ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა თაობამ უკეთ იცის.

- რას იტყვის თქვენი ამომრჩეველი გადაწყვეტილებაზე, რომ კოალიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ იქნება საპარლამენტო სიაში?

- ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ნიკამ განაცხადა, რომ არსად მიდის, რჩება პარტიის ლიდერად, აქტიურ პარტიულ, პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება ჩართული და, ერთი მხრივ, გააძლიერებს პარტიის საქმიანობას და, მეორე მხრივ, თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მის განვითარებაში. მის ცხოვრებაში ეს არის ახალი, პარტიული პოლიტიკის ეტაპი და როგორც ყველა სხვა დანარჩენ (ჩემი გადმოსახედიდან) პოზიციას და თანამდებობას გაართვა თავი, ისე ეფექტურად გაართმევს თავს ამასაც, რისაც ღრმად მჯერა.

- თქვენ რატომ მოგინდათ პოლიტიკაში ასე აქტიურად ჩართვა?

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკაში ჩართვაა. ვფიქრობ, ჩვენ, ყველას, არც სხვა გზა გვაქვს და არც უფლება, არ ვიყოთ აქტიურები. ჩემი ოჯახი, ბოლო ორი ათწლეულია, აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. დიდი ხანია, გააზრებული მაქვს ჩემი, როგორც ნიკას მეუღლის, მნიშვნელოვანი როლი ამ გზაზე. მგონია, რომ ოჯახიდან თუ არ აქვს ხელშეწყობა, ძალიან რთული ხდება ადამიანისთვის მიზნის მიღწევა. აქ ვარ ნიკასთვის და არამხოლოდ, ვარ ჩემი შვილებისთვის, მეგობრებისთვის, მშობლებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცვლილებები საქართველოში. ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ვცდილობ, გავუმარტივო კოალიციას მუშაობა საორგანიზაციო საკითხებში. ეს არანაირად არ ეხება კოალიციაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

- რას არ ელოდით და რა ნახეთ დღევანდელ პოლიტიკურ ველზე? რა არის თქვენთვის აღმოჩენა?

- ჩვენი დაოჯახებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნიკა პოლიტიკაშია. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მინახავს, ძალაუნებურად, განწყობები შემოდის სახლში. მინახავს ბევრი ტიპის პოლიტიკური განხილვა და გადაწყვეტილებები, რომელთაც შინაგანად ვერ ვიზიარებდი, ალბათ, როგორც საქართველოს ბევრი მოქალაქე. ახლა რაც მახარებს და მიჩენს უკეთესი მომავლის რწმენას, არის კოალიცია, რომელიც ჩემს თვალწინ დაიბადა და აქვს ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოა და, მეორე მხრივ, რასაც სრულად ვიზიარებ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე. და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ამ გუნდის გულწრფელობა, ნამდვილობაა. ეს კი დღემდე პოლიტიკაში არ მინახავს.

ნიკას სურვილი, რომ კი არ ჩაანაცვლო, არამედ შეცვალო, არ დაწყებულა დღეს. დაიწყო მაშინ, დიდი ხნით ადრე, როცა იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში. ამას ძალიან გულწრფელად ვამბობ - მისი ცხოვრების მიზანია, მისი საქართველო იყოს თავისუფალი, ერთიანი და ამაყად დაიკავოს ისტორიულად კუთვნილი ადგილი მსოფლიო რუკაზე. ის ამისთვის იბრძვის, ესაა მისი გულწრფელი მიზანი.

- საქართველოს რეგიონებიდან გამორჩეულად გიყვართ ქუთაისი, იქ დაიბადეთ და გასაკვირი არაფერია, მაგრამ რა ემოციას ტოვებს ის თქვენში?

- ქუთაისშია სახლი, სადაც მე ფეხი ავიდგი. იქ ჩემი ბავშვობაა, ჩემი ბებო, გემრიელი გემოები, მწვანე მინდორი, თამაში, სიხარული, სიბრჭყვიალე და ყველაფერი ის, რაც ბავშვობასთან ასოცირდება. ყველა ჯერზე, როცა დასავლეთში მივდივარ, აუცილებლად შევივლი ხოლმე ქუთაისში. ის ჩემთვის არ არის უბრალოდ ძალიან ლამაზი ქალაქი, ის არის ჩემთვის გამორჩეულად პოზიტიური ემოცია.

დღეს გული მწყდება, რომ ახალგაზრდებისგან დაცლილია ქუთაისი, მაშინ, როცა მთელი ჩემი მოგონებები უკავშირდება იქ ხალხმრავლობასა და ლაღ ახალგაზრდობას. გულით მინდა, ვისაც ქუთაისში უცხოვრია, დაუბრუნდეს საკუთარ სახლს.

ჩემს საყვარელ ისტორიას გავიხსენებ: როცა ჩემი შვილები პირველად წავიყვანე ქუთაისში, ყველაფერი ვაჩვენე, ვუამბე ამ დიდებული ქალაქის შესახებ. პირველი, რაც ჩემი 12 წლის შვილმა მითხრა, იყო, როგორ ევროპულ ქალაქში დაბადებულხარო. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ისედაც კარგად ვიცოდი, ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ნათქვამმა. მივხვდი, როგორ უნდათ ამ ბავშვებს ყველაფერი ის, რაც კარგია ევროპაში, საქართველოში იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილებისთვის, მათი თაობის ყველა ბავშვისთვის, ახალგაზრდებისთვის ღიაა კარი მსოფლიოში, მათ უყვართ ის ადგილი, სადაც დაიბადნენ, უყვართ საქართველო და ყველაფერი საუკეთესო, რაც დასავლეთშია, უნდათ საკუთარ სამშობლოში.

- საარჩევნოდ გიწევთ ხალხთან შეხვედრები. რა კითხვები აქვთ, რა სურთ მათ, როგორ ხედავენ ქვეყნის მომავალს?

- სადაც შესაძლებელია, ყველგან მეუღლის გვერდით ვარ. ახლა მგონია, რომ არის დრო, რომელიც უნდა გამოვიყენო და გავაკეთო იმის მაქსიმუმი, რაც შემიძლია და როგორც მოქალაქემ, მივიღო მონაწილეობა შევიტანო წვლილი მიმდინარე პროცესებში. ძალიან დამწყდება გული, რომ ცვლილებაში პატარა აგური მაინც არ მქონდეს დადებული.

მიღებული გამოცდილებით დავინახე, რომ ხალხს სურს, მოვუსმინოთ და პირიქითაც - მოისმინონ. უნდათ საუბარი, დისკუსია, სურთ, თავადაც იყვნენ პროცესის მონაწილენი.

ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, სჭირდება რწმენა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ თითოეული მოქალაქე ცვლილების მთავარი მონაწილეა და მისი როლი მნიშვნელოვანია .

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიჯეროთ, რომ ყველანი ვართ მნიშვნელოვანნი და პროცესებში ჩვენი მონაწილეობა გადამწყვეტია.

- ასეთი პოლარიზაციის პირობებში ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება, რომელიც აპირებს თავისი მოქალაქეობრივი უფლების გამოყენებას და ამ პროცესში მონაწილეობას, მზად არის ცვლილებისთვის. მას არ სჭირდება მიმართულების მიცემა, ეს თავისთავად მოხდება, რადგან ეს არის ჩვენში, ყველა იმ ადამიანში, რომელსაც გვადარდებს ჩვენი შვილების და მშობლების ბედი. ეს ქართულმა საზოგადოებამ უკვე აჩვენა ევროპული მომავლის დაცვისთვის გამართულ საპროტესტო აქციებზე.

- როგორი იქნება 27 ოქტომბერი?

- ეს იქნება ბედნიერი დღე, ამის ღრმად მჯერა; დღე, როდესაც ყველა გავიაზრებთ, რომ ჩვენ შევძელით. ვირწმუნებთ, რომ ეს შეგვიძლია, შემდეგ ამ დღეს მოჰყვება ბევრი „ჩვენ ეს შეგვიძლია“ და მოვლენები დიდი სისწრაფით განვითარდება უკეთესობისკენ, რადგან ის, რაც ჩვენ გვინდა - ცვლილება - გულისხმობს, რომ გვინდა დემოკრატიული, თავისუფალი, განვითარებული ქვეყანა.
ძალიან ბევრი რამ გამოვცადე ჩემი ოჯახის პოლიტიკური პოზიციის გამო. ეს იყო რთული გზა და არავის, არავის ვუსურვებ იმავეს გავლას. ჩემი შვილები ძალიან დაზიანდნენ უფროსების პოლიტიკური პოზიციის გამო - თვალთვალი, დევნა, შანტაჟი - ბავშვები ამისგან რომ დაგვეცვა, ქვეყნიდან წასვლა მოგვიხდა. ამის გამო, ჩემს შვილებს ბავშვობა სტაბილურ გარემოში არ გაუტარებიათ.
შემდეგ იყო ნიკას უსამართლო პატიმრობა. ისე გამოვიდა, რომ ერთი წელი მამის პატიმრობამ დედაც წაართვა მათ, რადგან მე დავიწყე მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა და წლის განმავლობაში უამრავი მეგობარი სახელმწიფოს, გავლენიანი პოლიტიკოსის, დიპლომატის კარი შევაღე, მაგრამ ბავშვებს დააკლდათ დედა.
ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენი შვილები უკვე კარგად იაზრებენ, რა პროცესში ვართ და ამ პროცესს მოჰყვებიან ჩვენს გვერდით. მთავარი ის არის, რომ დღეს მათ იციან მიზეზი, თუ რატომ იყო მათი ბავშვობა ასეთი ქაოსური.
პოლიტიკური შეხედულებების გამო არავის უნდა დევნიდნენ, ყველამ უნდა შეძლოს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება.
26 ოქტომბრის გამარჯვება ჩემთვის იქნება კიდევ ერთი გარანტი იმისა, რომ სხვა ბავშვებმა არ გაიზიარონ ჩემი შვილების ბედი და ასეც იქნება.

გავუფრთხილდეთ ადამიანის მეგობარს | ნანო გოგია

შობადობისა და მიგრაციის ანტირეკორდი | გიორგი მსხალაია

„ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა | მარიამ მიქიაშვილი