„ჩვენს კოალიციას შესწევს ძალა, კასპი წარმატებულ მუნიციპალიტეტად აქციოს“ | გიორგი შარიფაშვილი
- როგორ დაახასიათებთ წინასაარჩევნო განწყობას კასპში?
- წინა არჩევნებთან შედარებით, ახლა განწყობა ძალიან პოზიტიურია ოპოზიციის მიმართ. ადრე, როცა ბიძინა ივანიშვილი ახალი მოსული იყო, ხალხს რაღაც იმედი ჰქონდა და სჯეროდა, რომ ის იყო ქვეყნის მხსნელი. მომდევნო წლებში, ოპოზიციას თანდათან ეზრდებოდა ამომრჩეველთა რაოდენობა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება აღმოჩნდა ტყუილი და ფარსი. ამ დროისთვის კი რადიკალურად შეცვლილია ამომრჩევლის შეხედულებები ოპოზიციის სასარგებლოდ. მოსახლეობასთან ურთიერთობის, ჩვენი კარდაკარის შედეგების მიხედვით, დღეისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია. ჩვენი მონაცემებით, ამომრჩევლის 80 პროცენტი ღიად ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს და კოალიციური მმართველობა უნდა შეიქმნას. ძალიან დიდი სიმპათიით სარგებლობენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები.
იმ დარჩენილი 20 პროცენტიდან, დიდი უმრავლესობა არ აფიქსირებს თავის არჩევანს, თითქოს ეთაკილებათ.
საარჩევნო კამპანია მიდის ხალისით, ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე. მე მგონი, ესენიც შეეგუვნენ, რომ აგებენ. ძალიან კარგად ხვდებიან „ქართული ოცნების“ შტაბში, რომ დაკარგული აქვთ ხალხთან კონტაქტი და ვეღარ ურთიერთობენ მოქალაქეებთან.
- მთელ საქართველოში ძალიან სერიოზულად დგას მიგრაციის პრობლემა, რაც გავლენას არჩევნებზეც ახდენს. კასპში რა ვითარებაა ამ მხრივ?
- ძალიან ბევრი სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომელიც, დაახლოებით, 80 პროცენტითაა დაცლილი იმიტომ, რომ ადამიანები წავიდნენ საზღვარგარეთ. თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, რომელსაც ერთი ან ორი ემიგრანტი არ ჰყავს. ამ ადამიანებს ვერც გავამტყუნებ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სამრეწველო რაიონი ვართ, საარსებო მინიმუმის მოპოვებაც კი ჭირს ჩვენ მუნიციპალიტეტში. პირადი კეთილდღეობის და დოვლათის შექმნაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ ეს ადამიანები იძულებულნი არიან, დატოვონ სახლ-კარი. ჩვენს ქარხნებში და საწარმოებში შრომის ანაზღაურება აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. ლიცენზიები გაიცემა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესმენებზე და ისინიც, დაუსჯელობის განცდით გათამამებულები, მონობაში ამყოფებენ დასაქმებულებს. პირობითად, თუ ანაზღაურება უნდა იყოს 20 ლარი, ის დასაქმებულს უხდის 6-7 ლარს და იცის, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს, მას ხომ ე.წ. „ატკატი“ მიაქვს მმართველ პარტიაში ან ვინმე ხელისუფალთან.
ემიგრაცია დიდ მორალურ ზიანსაც გვაყენებს. მშობლები მიდიან საზღვარგარეთ, თითქოს აგვარებენ ოჯახის ფინანსურ პრობლემებს, მაგრამ ბავშვებს აკლდებათ მათი მზრუნველობა და ჩნდება ხარვეზები აღზრდაში. საბოლოოდ ვიღებთ ძალზე ცუდ შედეგს - ეცემა ბავშვების განათლების დონე, მოკლებულნი არიან მხარდაჭერას უფროსი მეგობრისგან - მშობლისგან. ასეთი ბავშვები კი ადვილად სცდებიან გზას, ვიღებთ გაუნათლებლობას, დაუსაქმებლობას, გაზრდილ კრიმინალს. ჩვენ ხელისუფლებას კი ხელს აძლევს ემიგრაცია - რაც უფრო მეტი ადამიანი გავა საზღვარგარეთ, მით ნაკლები საზრუნავი ექნება, მით ნაკლები დაუსაქმებელი ეყოლება და ა.შ. რუსული ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ემიგრაციის მაჩვენებელი გასამმაგდება, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში თვითრეალიზაციის დარჩენილი გზებიც მოისპობა.
- როგორც თქვით, კასპს სერიოზული სამრეწველო პოტენციალი აქვს. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი შემოსავლების სიმწირეს განიცდის. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს?
- ძალიან თვალსაჩინო მაგალითს მოგიყვანთ: ამხელა „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხანა გვაქვს კასპში, რომელიც უამრავ პრობლემას გვიქმნის, აბინძურებს გარემოს, ჰაერს და ეს ყველაფერი იწვევს ადამიანების დაავადებას. კვლევებით დადასტურებულია, რომ ქარხნის მიმდებარედ მცხოვრები ყოველი მეორე დაავადებულია ასთმით ან სიმსივნით. ამ დროს, ეს კომპანია დარეგისტრირებულია საგარეჯოში, ასეთია მისი იურიდიული მისამართი. შესაბამისად, ჩვენ ვიწამლებით და საგადასახადო შემოსავლებით სარგებლობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. არაერთგზის მივმართე საკრებულოს, მერს, რომ კომპანიას შეეცვალა იურიდიული მისამართი, მაგრამ პასუხი გამაოგნებელია: „ჰაიდელბერგცემენტის“ მფლობელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთო. ხედავთ, ადგილობრივ ხელისუფალს იმის ძალაც არ შესწევს, რომ საკითხი წამოჭრას.
მეორე საკითხი: რადგან ამდენი სამრეწველო ობიექტია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლად მოძრაობს მრავალტონიანი ავტომობილები. კანონი ცალსახად მოითხოვს, რომ ავტომობილების წონა უნდა შემოწმდეს და გარკვეულ ზღვარს არ უნდა აჭარბებდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ოცტონიან მანქანას არ უნდა ედოს 40 ტონა. კონტროლი უნდა განახორციელოს პოლიციამ, სპეციალური სასწორებით, რომლებიც მუნიციპალიტეტის შესასვლელთან ეწყობა. კასპში ამას არავინ აკონტროლებს. ეს იწვევს სატრანსპორტო მაგისტრალების დაზიანებას და ზრდის უბედური შემთხვევის საფრთხეს. მუნიციპალიტეტში არის ზედამხედველობის სამსახური, სადაც ხუთის ნაცვლად 20 კაცი მუშაობს, მაგრამ მათ მხოლოდ არჩევნების დროს იყენებენ. რაღა გასაკვირია, რომ ამ გაჭირვებულ და ჩამოქცეულ რეგიონში მხოლოდ ერთეულები გრძნობენ თავს კარგად, ვინც აიპ-შია დასაქმებული და ისიც არ იცის, რას აკეთებს, ან რა უნდა აკეთოს, უბრალოდ ხელფასს იღებს. ან კიდევ: დაიწყებენ რაღაც პროექტს, მისცემენ ავანსად დიდ თანხას და უცებ ეს კომპანია კოტრდება; მოიყვანენ სხვას, ისევ იგივე მეორდება და ასე, ერთ პროექტს სამ-ოთხ კომპანიას მოატარებენ, რასაკვირველია, დიდი „ატკატების“ ფასად. აი, ეს ხალხი გრძნობს თავს კარგად.
ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულები უნდა მართონ პროფესიონალმა ადამიანებმა. დღეს ჩვენთან ვერ გაარკვევ, ვის რა განათლება აქვს და რა თანამდებობა უკავია. სრული არაპროფესიონალიზმია! თუ ყველა მიმართულებით იმუშავებს პროფესიონალი და პატიოსნად შეასრულებს თავის ფუნქციას, ჩვენს რაიონს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამის პოტენციალი ჩვენს კოალიციას ნამდვილად აქვს. კოალიციაში შეკრებილი ადამიანები, თავისი განათლებით, შემართებით და პატრიოტიზმით, სრულ გარანტიას შეუქმნიან ჩვენ მოსახლეობას, რომ კასპი იქნება ძლიერი მუნიციპალიტეტი, შეიქმნება სამუშაო ადგილები; მოისპობა ტენდერების მიყიდვის და ჩუქების პრაქტიკა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ მოსახლეობას არ უჭირდეს - არც წარმოებაში დასაქმებულს, არც გლეხს და არც მეწარმეს. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ამას მივაღწევთ.