გავუფრთხილდეთ ადამიანის მეგობარს | ნანო გოგია
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიუსაფარი ცხოველების საკითხზე ცნობიერების ამაღლების კუთხით პროგრესი თვალსაჩინოა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება ცხოველთა უფლებების დასაცავად და ეხმარება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქვეყანაში მაინც ძალიან მწვავედ დგას, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ნაბიჯებია.
რეგიონებში სულ რამდენიმე თავშესაფარია, ისიც ინტერმუნიციპალური, რომელთა რაოდენობა და ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი პრობლემასთან გასამკლავებლად. რაც შეეხება თბილისს, 2015 წლიდან არსებობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქცია და მიზანი მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვაა.
საქართველოში მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის აღრიცხვა მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს მოხდა. თბილისის მასშტაბით აღირიცხა მხოლოდ ძაღლების რაოდენობა და დედაქალაქში 43000-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლი იყო. სააგენტოს მიერ სტერილიზებულ/კასტრირებულ ცხოველთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ 6000-ს შეადგენს, რაც მათი პოპულაციის შესამცირებლად საკმარისი არ არის. მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადაჭრა აუცილებელია, როგორც ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის, ასევე ცხოველთა კეთილდღეობის დასაცავად.
რეგიონებში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად დგას რამდენიმე ფაქტორის გამო: მუნიციპალური თავშესაფრების ნაკლებობა, ვეტერინარული მომსახურების მიუწვდომლობა, ცნობიერების დაბალი ხარისხი, სოციალური მდგომარეობა. ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია კომპანიონი ცხოველების პოპულაციის მართვის ჰუმანური გზების შესახებ, ასევე მწირია ვეტერინარული პუნქტების რაოდენობა; გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ ცხოველების სტერილიზაციისა და გეგმური აცრების ჩასატარებლად საკმარისი ფინანსური რესურსი.
პრობლემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა ცხოველთა დაავადებების მაღალი რაოდენობა. მაგალითად, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ხშირად ასახელებენ ცხოველთა დამცველები, შინაურ ცხოველთა შესახებ კანონია, რომლის განხილვასაც საზოგადოებრივი პროტესტიც მოჰყვა. ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევებისთვის გათვალისწინებული სასჯელი არ არის საკმარისად მკაცრი მსგავსი დანაშაულების პრევენციისა და აღმოფხვრისათვის, ასევე პრობლემას წარმოადგენს კანონის აღსრულება. ამის დასტურია ცხოველთა მიმართ ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი.
საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, შედარებით ახალ წევრ ქვეყნებშიც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ნაწილობრივ მაინც დაძლეულია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადასაჭრელად ერთგვაროვან მიდგომებს იყენებენ, რაც მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიების დახმარებით ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას, პოპულაციის მართვას ჰუმანური მეთოდებით (კასტრაცია/სტერილიზაცია), დაავადებათა კონტროლს, სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველის სავალდებული რეგისტრაცია/ჩიპირებას, მკაცრ რეგულაციებსა და კანონმდებლობას, რომელიც ცხოველთა ჩაგვრისა და სასტიკი მოპყრობისთვის ითვალისწინებს კოლოსალურად მაღალ ჯარიმებსა და რიგ შემთხვევებში თავისუფლების აღკვეთას.
ევროკავშირის სხვადასხვა ფონდების მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა წევრ ქვეყნებში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადასაჭრელად. ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, გაგვიჩნდება წვდომა მსგავს ფონდებთან მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, ესპანეთში ამ ფონდების დახმარებით აშენდა და გაუმჯობესდა თავშესაფრების ინფრასტრუქტურა, დაფინანსდა ვეტერინარებისა და მოხალისეების ტრენინგები, ასევე გამოიყო თანხები სხვადასხვა ცნობიერების ასამაღლებელი პროგრამისთვის.
ამ საკითხთან გამკლავების ყველაზე წარმატებულ მაგალითად ჰოლანდია ითვლება, სადაც სახელმწიფოსა და მოსახლეობის თანამშრომლობამ პრობლემა თითქმის სრულად აღმოფხვრა. ქვეყანამ კომპლექსური მიდგომა გამოიყენა, რაც მოიცავდა: მასობრივ სტერილიზაციას, მომშენებლების და გამრავლების მკაცრ რეგულაციას, ცნობიერების ამაღლებას, ცხოველთა სავალდებულო აღრიცხვას და ა.შ. ჰოლანდიამ მიუსაფარი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 2000-იანი წლების დასაწყისში უკვე შეძლო რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. სახელმწიფო მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ახალისებს და აფინანსებს პატრონიანი ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაციას. ძაღლების 90 პროცენტი სტერილურია, რაც ამცირებს უკონტროლო გამრავლების რისკებს. გარდა ამისა, 2013 წლიდან სავალდებულოა ძაღლების რეგისტრაცია და ჩიპირება, რაც უზრუნველყოფს დაკარგვის შემთხვევაში მათ სწრაფ პოვნასა და პატრონთან დაბრუნებას. კატებისთვის ჩიპირება სავალდებულო არაა, თუმცა აქტიურად ხდება პატრონების წახალისება, რის გამოც ჩიპირების მაჩვენებელი კატებისთვისაც ძალიან მაღალია. ჰოლანდიის ცხოველთა კეთილდღეობის აქტი უზრუნველყოფს ცხოველთა მიტოვების, ჩაგვრის, წამებისა და სხვა დარღვევების პრევენციას და ითვალისწინებს მაღალ ჯარიმებსა და თავისუფლების აღკვეთას.
ჰოლანდიის თავშესაფრებში არ ხდება ცხოველთა ევთანაზია. თუ მათ აქვთ გადარჩენის შანსი, არამედ ისინი უზრუნველყოფილი არიან მაქსიმალური რესურსით, რათა შეძლონ ცხოველის გადარჩენა და მათი სათანადო მოვლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლანდიაში ცოფის შემთხვევები ძაღლებსა და კატებში ათწლეულების მანძილზე არ დაფიქსირებულა, გარდა ერთეული შემთხვევებისა, როდესაც ცხოველი სხვა ქვეყნიდან იყო შემოყვანილი.
საინტერესოა ბულგარეთის მაგალითიც, რომელსაც საქართველოსთან სოციალისტური წარსული და ეკონომიკური მდგომარეობა აერთიანებს. ბულგარეთი ევროკავშირის შედარებით ახალი წევრია. მის გაწევრიანებამდე, 2007 წლამდე, ბულგარეთში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა უკონტროლო გამრავლების, მიტოვებისა და შესაბამისი კანონმდებლობის არ არსებობის გამო მწვავედ იდგა. ქვეყანა ვერ მართავდა ცოფისა და სხვა დაავადებების გავრცელებას, ასევე ხშირი იყო ადამიანების მიმართ აგრესიის გამოვლენის შემთხვევებიც. პოპულაციის მართვისთვის ქვეყანა ძალადობრივ მეთოდებს მიმართავდა, რაც არაეფექტური აღმოჩნდა.
ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ბულგარეთი მოექცა ცხოველთა კეთილდღეობის საერთო რეგულაციების ქვეშ და მალევე, 2008 წელს, ცხოველთა დაცვის კანონი მიიღო, დაამტკიცა ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა მართვის საერთო მიდგომა. ევროკავშირის დახმარებით დაფინანსდა სტერილიზაცია/კასტრაციის მასობრივი პროგრამები, გაუმჯობესდა ვეტერინარული და სხვა ინფრასტრუქტურა. ცნობიერების ამაღლების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა თავშესაფრიდან აყვანის შემთხვევებიც. სოფიაში, 2007-2018 წლებში, მიუსაფარ ძაღლთა რაოდენობა 70 პროცენტით შემცირდა.
ძაღლების პოპულაცია დროთა განმავლობაში დაბერდა და წლიდან წლამდე ძალიან ცოტა ახალი მიუსაფარი ძაღლი ფიქსირდება. გარდა ამისა, დარჩენილი ძაღლების კეთილდღეობა გაუმჯობესდა, მათ უმეტესობას აქვს თავშესაფარი, წყალი, საკვები და, საჭიროების შემთხვევაში, ვეტერინარული დახმარებაც.
მე ბევრი ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ შეძლეს ევროკავშირის ქვეყნებმა პრობლემის გადაჭრა და ადამიანებისა თუ კომპანიონი ცხოველებისთვის უსაფრთხო, ბედნიერი გარემოს შექმნა. ამ ყველაფრის გაკეთება ჩვენც, თანმიმდევრული ნაბიჯებითა და ევროკავშირში გაწევრიანებით შეგვიძლია.