photo

მაია კოპალეიშვილი: "ოცნება" ატყუებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც

მაია კოპალეიშვილი: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მართლმსაჯულების რეფორ-მის ოფისის ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამარ-თლე (20092019), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იური-დიული ფაკულტეტის პროფესორი.

- რას იტყვით საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ე.წ. რუსული კანონის განხილვის პროცესზე, რომელიც 29-31 აგვისტოს მიმდინარეობდა?

- დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ვდგავართ არჩევანის წინაშე - ევროპული განვითარება და ევროინტეგრაცია, თუ რუსეთის წინაშე პირისპირ მარტო ყოფნა და რუსული მმართველობა. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ეს პროცესი სწორედ ამ თვალსაზრისით იყო საინტერესო. სასამართლო დადგა გამოწვევის წინაშე, გაითავისოს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ევროპის წიაღში ყოფნა.

ჩვენც უნდა მივაღწიოთ სოციალური, ეკონომიკური თუ სამართლებრივი განვითარების იმ სიმაღლეებს, რაც არის ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებში. ამდენად, ე.წ. რუსული კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიული ღირებულებების და პრინციპების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს.

თითოეულმა მოსამართლემ ამ საკითხს უნდა შეხედოს იმ კუთხით, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარებაა გადასარჩენი იმისთვის, რომ არ მოვექცეთ რუსეთის მმართველობის გავლენის ქვეშ და საქართველოში არ დამკვიდრდეს ბელარუსული სტილის მმართველობა.

ამ კანონს ქართული ოცნება „გამჭვირვალობის კანონს“ უწოდებს, მაგრამ რეალურად ის ემსახურება არა გამჭვირვალობას, არამედ თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიის გაქრობას, თითოეული ადამიანის სენსიტიური, მგრძნობიარე პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას. სწორედ ამ რისკების ქვეშ დააყენა რუსულმა კანონმა ჩვენი ქვეყანა.

- კოალიციაში მართლმსაჯულების რეფორმის ოფისს ხელმძღვანელობთ. რას სთავაზობთ ამომრჩეველს ისეთს, რომ დაგიჯეროთ და გენდოთ?

- სასამართლო ხელისუფლების და მოსამართლეთა არაერთმა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დაგვანახა, რომ სასამართლო ხელისუფლება ღრმა კრიზისშია და საჭიროებს ყოვლის მომცველ რეფორმას. ჩვენი კოალიცია სრულად იზიარებს მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც მოცემულია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში“. როგორც იცით, ჩვენმა კოალიციამ „ქართულ ქარტიას“ ხელი უპირობოდ მოაწერა და ჩვენ მის განუხრელად შესრულებას ვგეგმავთ 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შედეგად.

მართლმსაჯულების რეფორმა მრავალმხრივ საკითხებს მოიცავს. რეფორმა ყოველთვის გულისხმობს თანამდევი საკანონმდებლო წესრიგის შექმნას, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს მოაწესრიგებს.

მკითხველისთვის ნათელი რომ იყოს, თუ რა საკითხები მაქვს მხედველობაში, რამდენიმეს გამოვყოფ: მოსამართლეთა კეთილსინდისიერების და დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმება - ეს შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა. შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. გაიზრდება მოსამართლეთა რაოდენობა, რათა საქმეთა განხილვა აღარ ჭიანურდებოდეს. ასევე, შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გადაწყვეტილებების მიღების წესი: გადაწყვეტილებების მიღება მოხდება ორმაგი ვოტუმით, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას როგორც მოსამართლე წევრების უმრავლესობით, ისე არამოსამართლე წევრების უმრავლესობით. საბჭოს არ ექნება მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების უფლებამოსილება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია.

იუსტიციის სკოლა გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებელი. გათვალისწინებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატის გაფართოება - მისი მანდატი გავრცელდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე.

მოხდება ფინანსური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია - განისაზღვრება დეკრიმინალიზაციის დასაშვები ზღვარი. გაუქმდება წინასწარი პატიმრობა, გარდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე საქმეებისა. შეიქმნება ქმედითი მექანიზმი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოქვეყნდეს და ა.შ.

- შეიძლება მოსამართლეებს კარგად ესმოდეთ, რა არის კეთილსინდისიერება, ის ღირებულებები, რომელიც მათ დასავლეთისგან მიიღეს, იქ სწავლისას და სხვა. მაგრამ, გადაწყვეტილებების გამოტანის დროს სასამართლო მაინც არაკეთილსინდისიერად იქცევა. რა შეიძლება იყოს ამის შემაკავებელი?

- სამწუხაროდ, განათლების მიღება აპრიორი არ გულისხმობს კეთილსინდისიერებას. ეს უკავშირდება ბევრ სხვა კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მოსამართლის არჩევა. მაგალითად, დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, სამართლიანობას, პიროვნულ და პროფესიული რეპუტაციას, კეთილსინდისიერებას, პიროვნულ და პროფესიულ ქცევას. ორი მიმართულებით გამოვყოფ საკითხს: ერთი, როგორი უნდა იყოს მოსამართლე და მეორე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პო-ლიტიკური ხელისუფლება.

ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ახალი მოსამართლეების შერჩევა, ისე არსებული მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება. სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მოსამართლეების ისეთი კრიტერიუმებით შერჩევა, რომ ისინი მოქმედებდნენ კანონის უზენაესობის შესაბამისად და არც ერთი კლანის მმართველობის ქვეშ არ მოექცნენ. რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კლანი, გავლენიანი ჯგუფი ჩამოყალიბდეს.

პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, რომ სასამართლო ხელისუფლება გათავისუფლდეს გავლენებისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები მიიღონ არა პოლიტიკოსების კარნახის მიხედვით, არამედ კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად განმარტების შედეგად. ერთ-ერთი დამცავი მექანიზმი სწორედ თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ეუბნება მოსამართლეს, რომ ის თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებისას, ეს ვერ უშველის სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან თავად მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შინაგანი თავისუფლება, რომ ის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყოს გადაწყვეტილებათა მიღებისას. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოსთვის მომავალი კადრების აღზრდისას, იუსტიციის სკოლის მსმენელებს, მოსამართლეობის კანდიდატებს გავუმძაფროთ შინაგანი თავისუფლების განწყობა. მათ უნდა გაითა-ვისონ, რომ მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა განსაჯონ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და არა რომელიმე ინტერესჯგუფის გავლენის შესაბამისად.

მნიშვნელოვანი საკითხია, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არ დაუშვას და არ ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. შემაკავებელი მექანიზმები, თითქოს, დღესაც არსებობს, არის სპეციალური ნორმა, რომელიც, მაგალითად, კრძალავს მოსამართლესთან კომუნიკაციას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აქ პოლიტიკურ ნებასაც მნიშვნელობა აქვს, რასაც დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ. პოლიტიკურმა მმართველმა აღმასრულებელმა თუ საკანონმდებლო ხელისუფლებამ, პროკურატურამ უნდა გააკეთოს თვითშეზღუდვა.

ის, რომ დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლება ამას არ ასრულებს და ერევა სასამართლოს საქმიანობაში, იქიდანაც ჩანს, რომ მმართველი პარტია ხელს უწყობს სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. ამის ნათელი მაგალითებია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართული ოცნების ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. თუნდაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს დროებითი კონსტრუქციის - თუნუქის ღობის/ჯებირის დაზიანების ბრალდებით ორი ახალგაზრდის - 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილის და 23 წლის საბა მეფარიშვილის სისხლის სამართლის წესით დაკავება. სასამართლომ არ გა-ითვალისწინა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები და მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო არ ახორციელებს სამართლიან მართლმსაჯულებას, ამ ახალგაზრდებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა - საპატიმრო სასჯელი სამიდან ექვს წლამდე, რაც დიდი უსამართლობა და უკანონობაა. ამ საქმეზე გამოჩნდა, ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ნაკლოვანებები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას იწვევს. სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პირის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას/საპატიმრო სასჯელს, თუ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარის ზემოთაა. ანუ, 151 ლარი თუ არის დაზიანებული ნივთის ღირებულება, ქმედება უკვე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

ეს წესი, ბუნებრივია, შესაცვლელია და „კოალიცია ცვლილებისთვის„ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსის ამ უსამართლო, ადამიანის უფლებების დამრღვევ ჩანაწერს გააუქმებს.

- ვეტინგის სისტემა - მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი ცუდად შეხვდა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას. რატომ?

- სასამართლო კორპუსს სჭირდება გაჯანსაღება. შესაძლოა, სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეები, მაგრამ მხოლოდ ყოფნა საკმარისი არ არის. მოსამართლე ხმას უნდა იმაღლებდეს სასამართლოში არსებულ პრობლემებზე: ეს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაა, ის ამაში შეზღუდული არ არის. მდუმარე მოსამართლე ხელს უწყობს კლანის გაძლიერებას სასამართლო ხელისუფლებაში.

ამასთან, არსებობენ მოსამართლეები, რომელთაც არაფერი თქვეს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით და არ უნდა აღვიქვათ ისე, თითქოს ისინი ეწინააღმდეგებიან კეთილსინდისიერების შემოწმებას. უბრალოდ, მათ აქვთ გაბატონებული კლანის შიში. იციან, რომ შეიძლება ამ გავლენიანმა ჯგუფმა არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს მათ წინააღმდეგ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე მოსამართლეთა კორპუსის შევსების წესი. რეალურად სასამართლო სისტემაში კარგა ხანია გარედან ვერავინ შედის, თუ მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან, ან კლანთან არ არის დაკავშირებული. სისტემას ავსებენ სასამართლოს აპარატის თანამშრომლებით. ადამიანები ვერასდროს გახდებიან მოსამართლეები, თუკი არ არიან დაახლოებული ამ გაბატონებულ კლანთან/გავლენიან ჯგუფთან. ამიტომ არ ისმის თავისუფალი მოსამართლის თავისუფალი სიტყვა.

- ამომრჩევლებს მრავალჯერ აქვთ მოსმენილი დაპირებები, როგორი უნდა იყოს სასამართლო, სხვა ინსტიტუციები. რას გეუბნებიან წინასაარჩევნო შეხვედრებზე, სჯერათ? რა კითხვები აქვს ხალხს?

- ცალსახად და აშკარად, საზოგადოებას სურს სწრაფი და ეფექტური ცვლილებები. ყოველი არჩევნების წინ არის სხვადასხვა დაპირება, მაგალითად, მართლმსაჯულების გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ვიცით, აქამდე შეუსრულებელია. მოქალაქეებს გარკვეულ ნიჰილიზმში რომ არ გადაუვიდეთ ეს, პოლიტიკური პარტიებისგან უნდა დაინახონ ეფექტური,პასუხისმგებლიანი მოქმედება წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ განუხრელად და ერთგულად შეასრულებს ყველა იმ რეფორმას, რომელიც ჩვენს პროგრამულ დოკუმენტშია გაწერილი და რომელსაც ჩვენ საკუთარ ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს ხანში წარვუდგენთ. ჩვენ ამისთვის შესაბამისი გამოცდილებაც გვაქვს, კვალიფიკაციაც, გამბედაობაც და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობაც.

ჩვენი მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ჩვენივე ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბედნიერად, უსაფრთხოდ, ჰქონდეთ კეთილდღეობა, მშვიდობა, იყვნენ დასაქმებული მათი კვალიფიკაციისა და ცოდნის შესაბამისად, ცხოვრობდნენ ეკონომიკურად და სამართლებრივად ძლიერ საქართველოში, სადაც მოქმედებს კანონის უზენაესობა, სამართლიანი მართლმსაჯულება, დაცულია ადამიანის უფლებები, თანასწორობა.

ჩვენი სჯერათ მოქალაქეებს, რადგან ვართ ის კოალიცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან პასუხისმგებლიანი ლიდერები, რომლებიც რასაც ამომრჩეველს დაჰპირდებიან, აუცილებლად შეასრულებენ.

- როგორი იქნება 27 ოქტომბერი?

- 27 ოქტომბერს საქართველო დაუბრუნდება ევროპულ გზას, რომელიც კონსტიტუციითაა განმტკიცებული. კეთილდღეობა და სიმშვიდე ევროპაშია, სწორედ ის დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას. სწორედ ევროპა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვიცავენ, რომ არ დავრჩეთ მარტო რუსეთის პირისპირ. აქედან გამომდინარე, საპირისპირო მესიჯებით ქართული ოცნება და ბატონი ივანიშვილი ატყუებენ ქართველ ხალხს, მაგრამ ისინი ამას მეტად ვეღარ შეძლებენ.

26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ და მასთან ერთად, ოლიგარქი ივანიშვილი დამარცხდება. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში დამყარდება ნამდვილი კოალიციური, დემოკრატიული მმართველობა.

პენსიების ქურდი მთავრობა | ანა გოგოლაძე

დევნილებში გაჩნდა ფრთხილი რწმენა | თეიმურაზ პაპასქირი

ლისაბონიდან ლაგოდეხამდე | ნინო ტაბატაძე