photo

ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით მოგზაური თევზი | ბორის ჩელე ყურუა

ერთხელ ქართველებმა ოქროს თევზი დავიჭირეთ, სურვილებიც ბლომად ჩავუთქვით, მერე ადგა ეს ჩვენი ოქროს თევზი და არაფერი შეგვისრულა: ჩვენი ფულიც შეჭამა და ახლა საკუთარი აკვარიუმით დადის ხალხთან შესახვედრად. ანეკდოტადაც არ ვარგა ბიძინას ამბავი, სასაცილო შეიძლება კია, მაგრამ დღეს ქართველებს არ გვეცინება დიდად და უცხოელი ამას ვერ გაიგებს. წარმოიდგინეთ, რამხელა ისტორიის მოყოლა დაგჭირდებათ, ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ ფინელს რომ კარგად გააგებინოთ?!

თხრობისას კი აუცილებლად მიხვდებით, რომ თავად თქვენც კი არ გესმით კარგად ის, თუ რასთან გვაქვს საქმე.

მე? - მეც არ ვიცი. ამიტომ მივყვეთ ლოგიკურად და გამოვიკვლიოთ, მერე ფინელთან ბლუყუნი რომ არ მოგვიწიოს.

ტყვიაგაუმტარი მინა იმისთვის არის, რომ ტყვია არ გაატაროს, რათა ამ მინის მიღმა მდგომ ადამიანს არ მოხვდეს. ანუ, ბიძინას ტყვიის მოხვედრის ეშინია. არა, თავად ტყვიის შიშში არაფერი დასაძრახი არ არის: ტყვიას შუბლიც არც უნდა შეუშვიროს ჭკვიანმა ადამიანმა, მაგრამ, მოდი, მოვლენებს ნუ დავასწრებთ, იყოს შიში პირველ ვერსიად.

თუ ამგვარ საფრთხესთან გვაქვს საქმე, რატომ იმყოფება ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში მხოლოდ ივანიშვილი? კობახიძემ, კალაძემ ან მდინარაძემ რა დააშავეს? რატომ უდგანან გვერდით ისე, თითქოს სუპერგმირები იყვნენ? შეიძლება ბიძინას მიაჩნია, რომ მათ არავინ ესვრის და სნაიპერი მხოლოდ მას უმიზნებს, მაგრამ რომ ააცილოს?! ჩამოეძინოს ან მთვრალი იყოს, თუნდაც ქარმა დაუბეროს და ტყვიის ტრაექტორია შეცვალოს? ნუთუ, იმდენად არ ანაღვლებს საკუთარი ამფსონების სიცოცხლე, რომ რამდენიმე ტყვიაგაუმტარი მინის ნაჭერიც კი ვერ გაიმეტა? ან თვითონ მათ როგორ არ ეშინიათ? რამხელა გამბედაობა სჭირდება სცენაზე დგომას და საუბარს, როცა იცი, რომ ახლა ვიღაცამ შეიძლება ისროლოს და შენ ტყვიაგაუმტარ კონტეინერში არ ზიხარ... ამდენი გამბედაობა კალაძეს, კობახიძეს და მდინარაძეს მაშინაც კი არ ექნებათ, თუ ინდივიდუალურ სიმამაცეს ერთად შეკრავენ, ოსასუნას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე დადებენ და ეს გუნდი ლიგას მოიგებს. ალბათ თავდასხმის მომლოდინე ბიძინაც არ იქნებოდა მხოლოდ აკვარიუმის ამარა, სავარაუდოდ კობახიძეს და კალაძესაც აიფარებდა წინ. მოკლედ, ბევრი ფაქტორია, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ საფრთხე რეალური არ არის და ბიძინას არ ეშინია.

თუ არ ეშინია, რას დაათრევს აკვარიუმს? ამით ხალხს თავს ნამდვილად ვერ მოაწონებ, ვერც ხმებს მოიზიდავ და მით უმეტეს ვერც თავს მოიწონებ. თავის მოსაწონებლად შეეძლო ზებრა წამოეყვანა ან ზვიგენი, ისიც აკვარიუმით, რა თქმა უნდა. ანუ, რა გამოდის? იმ სცენაზე, სადაც შეიძლება ტყვია გავარდეს, უაკვარიუმო ხალხს არ ეშინია და ვინც აკვარიუმშია, ის იმდენად ფრთხილი კაცია, რომ აკვარიუმში კი არა, ტანკშიც არ იჯდებოდა უშიშრად, რომ იცოდეს, ვინმე ესვრის... ესეიგი, ამ სცენაზე ტყვია არ შემოფრინდება, შესაბამისად ბიძინას არ ეშინია.

დაკვირვებული მკითხველი იკითხავს: მაშ, რად უნდა მილიარდერს აკვარიუმიო, ჰოდა, ძაღლის თავიც სწორედ აქ მარხია. თუ არ ეშინია და არ სჭირდება, რატომ დააქვს? იმიტომ, რომ დაუკვირვებელ მკითხველს უნდა ეგონოს, თითქოს ეშინია.

რატომ შეიძლება ვინმეს უნდოდეს, რომ მეგონოს, თითქოს მას ეშინია? ალბათ იმიტომ, რომ მეც შემეშინდეს. თქვენი შეშინება უნდა. უნდა დაგანახოთ, რომ ის მითიური საფრთხეები, რომლებზეც ის და მისი “გუნდის” წევრები ლაპარაკობენ, რეალურია: თითქოს ვიღაცებს ომის დაწყება უნდათ და აგერ ბიძინას განეიტრალებასაც კი აპირებენ… და ბიძინა, ამხელა მილიარდერი და პრემიერის უფროსი კაცი, თუ დაუცველია, ჩვენ, უბრალო მოქალაქეები, ხომ საერთოდ დაუცველები ვართ?

რატომ გვაშინებს ეს კარგი კაცი? სხვა საქმე არ აქვს? ან შიში რად უნდა ამომრჩეველს? მოთაფლოს, მოატყუოს, ფულს დაჰპირდეს უფასოს ან კანფეტებს, ხომ შეუძლია? ხომ უქნია? ასე არ მოიგო ყველა არჩევნები? რა თქმა უნდა, ბიძინას დაპირებებში ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, როგორც აკვარიუმს. იმდენჯერ მოგვატყუა, ახლა აღარავინ დაუჯერებს და ვეღარავის მოისყიდის. არა, ვიღაცები ისევ დაუჯერებენ: ისინი, რომელთა გონებაშიც ათასობით ქარხანა გუგუნებს, თუმცა, ეს არ იქნება საკმარისი. ამიტომ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ თუ სიყვარული არ გაჭრის და ხალხს მისი დაპირებების აღარ სჯერა, მათ უნდა ეშინოდეს მის გარეშე ყოფნის, რომ შიშია ის ძალა, რასაც შეუძლია ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედი დაუკარგოს და მხოლოდ იმით დააკმაყოფილოს, რაც აქვთ.

ქართველს უკეთესი ცხოვრება თუ უნდა, ოლიგარქის მმართველობა დააკმაყოფილებს? რა თქმა უნდა - არა, ამიტომ უკეთესი ცხოვრების იმედმა კი არა, იმ მიზერულის დაკარგვის შიშმა უნდა მართოს ყველა, ეს ბიძინას აზრით, რა თქმა უნდა. ამიტომ დაათრევს ამ აკვარიუმს, რომელიც მხოლოდ შიშის გასაღმერთებლად დადგმული სპექტაკლის უბრალო რეკვიზიტი კი არა, მასსა და ხალხს შორის არსებული ბარიერის მონუმენტიცაა, ბარიერის, რომელიც ხელს უშლის, უბრალო ქართველის ტყავში წარმოიდგინოს თავი.

ახლა ეს ნააზრევი შვედურად ან ფინურად უნდა გადავთარგმნოთ და ძველი ანეკდოტისა არ იყოს, ბიძინას დავპირდეთ, რომ თუ კარგად მოიქცევა, წყალსაც ჩავუსხამთ.

„აფხაზებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ნათელი გახდა, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის“ | გელა ხასაია

„ჩვენსას მივაწვეთ“ | მირდატ ქამადაძე

„ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ კანონებით და არა - პოლიტიკოსების კაპრიზებისა და ხუშტურების მიხედვით“ | მელიქ რაისიანი