„ხალხს სჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“ | გიორგი ღვინიაშვილი
- რამ გადაგაწყვეტინათ პოლიტიკაში მოსვლა?
- პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია, ვარ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაუზა მქონდა აღებული. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზუსტად მესმის, რომ ეს ქვეყანა შეიძლება უფსკრულში გადაიჩეხოს და ჯოჯოხეთისკენ წავიდეს - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამიტომ, დღეს სახლში ჯდომა და ამ მოვლენების შორიდან ყურება არც ერთ ადამიანს არ ეპატიება, და ამიტომაც ჩავერთე მთელი ჩემი ენერგიით და გამოცდილებით - პოლიტიკაში იმისთვის ვარ, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და ამ გამარჯვებაში მეც ჩემი წვლილი შევიტანო.
- როგორი სიტუაციაა რეგიონში?
- ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. მოგეხსენებათ, კახეთში ადამიანები თავს ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენენ - იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვინც საჯარო სამსახურშია დასაქმებული. არადა, გლეხის შექმნილ პროდუქციას ფასი არ აქვს. აი, თუნდაც წლევანდელი რთველი რომ ავიღოთ - მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ადამიანებს გადაუგდეს ლარი, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. ეს ის ფასია, რომელიც ხარჯებსაც კი ვერ ანაზღაურებს. გლეხის შრომა გაცილებით მეტი უნდა ღირდეს. არამარტო ყურძენი, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზეც იგივე შემიძლია გითხრათ. ზუსტად ამაზეა საუბარი, სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, რომ გლეხობისთვის გაიხსნას ევროპის ბაზარი. როდესაც ევროპის ნაწილი გავხდებით, იქ გაცილებით სხვა შესაძლებლობები გაჩნდება. თუნდაც ის, რომ ევროკავშირი თავად აფინანსებს სოფლის მეურნეობას და ამასთან, როდესაც ევროპის ბაზარი იქნება ღია, ეს სულ სხვა ხარისხსა და შემოსავალს მოუტანს ადამიანებს. აი დღეს, მაგალითად, ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე გასულია, და რა? - ამით ყურძენს საქართველოში ფასი არ მომატებია. ამიტომ, აუცილებლად უნდა დავეშუროთ იმ სიკეთეებს, რასაც ევროპაში გაწევრიანება გვთავაზობს.
- იქამდე კი ახალგაზრდობა მასობრივად გაედინება ქვეყნიდან.
- მიგრაციასთან დაკავშირებით ჩვენს რეგიონში - საერთოდ კახეთში - უმძიმესი მდგომარეობაა. ინფორმაციაც გვაქვს, რომ უამრავი ადამიანია გასული, მაგრამ ახლა, წინასაარჩევნოდ კარდაკარზე სიარულისას, ჩვენი თვალით ვხედავთ, რომ სახლების აბსოლუტური უმრავლესობა დაკეტილია. ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან ოჯახები დაიყო - ბავშვები მშობლების გარეშე იზრდებიან - ან საერთოდ ორივე მშობლის, ან უკეთეს შემთხვევაში - დედის ან მამის გარეშე და რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს მომავალში საქართველოდან წასვლის სურვილს, რადგან ამ ქვეყანაში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს. რასაკვირველია, ადამიანი ამ ხელისუფლების პირობებში ვერ პოულობს ისეთ სამსახურს, რომ საკუთარი ოჯახი არჩინოს. ერთადერთ იმედს ის აძლევთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მათთვის ევროპული პერსპექტივა გაჩნდება, რაც მართლაც ასე იქნება და განუზომლად გააუმჯობესებს თითოეული ადამიანის მდგომარეობას. მხოლოდ ამ იმედით არიან - წარმოიდგინეთ, აბა, ვის უნდა საკუთარი სახლ-კარიდან აყრა და სადმე სხვაგან გადახვეწა. როდესაც ნახავენ, რომ აქ შეუძლიათ ღირსეულად დასაქმდნენ და თავიანთი ოჯახები არჩინონ, აქედან გამგზავრებაზე აღარავინ იფიქრებს. ერთი სიტყვით, ახლა ადამიანები იმ იმედით ცხოვრობენ, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება. მთლიანობაში ხალხი ოპოზიციურად არის განწყობილი - ხალხს სჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.
მის შემდეგ ევროკავშირის წევრებიც გავხდებით, რეალური დეცენტრალიზაციაც მოხდება და ქვეყანაც და რეგიონებიც ბევრად უკეთ განვითარდება.