„მოუთმენლად ველოდებით 26 ოქტომბერს და დიდ გამარჯვებას“ | ამირან ლომთაძე
“კოალიცია ცვლილებისთვის” ამბროლაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამირან ლომთაძე 20 წელია, პოლიტიკაშია. როგორც თვითონ ამბობს, ის პოლიტიკურ ასპარეზზე უსამართლობამ გამოიყვანა.
- უსამართლობას ბავშვობიდან ვერ ვეგუები. შევარდნაძის პერიოდში ბევრ უსამართლობას ვხედავდი და წავაწყდი, ამიტომ გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი პოლიტიკაში და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსით მებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, ჩემი წვლილი შემეტანა სიმართლისთვის ბრძოლაში.
კოალიცია იმიტომ ავირჩიე, რომ დღევანდელ ოპოზიციურ ველზე ყველაზე მართალი, ყველაზე მებრძოლი ხალხი არის ამ კოალიციაში. ამასთან, დიდი პატივისცემა მაქვს კოალიციის ლიდერების ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიმართ და დიდი ნდობა.
- როგორია წინასაარჩევნო განწყობა?
- როგორც აღვნიშნე, 20 წელზე მეტია პოლიტიკაში ვარ, ბევრჯერ ვყოფილვარ წარმოდგენილი ამბროლაურში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. შემიძლია ვთქვა, რომ ამჯერად, წინა, ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით, ხალხის მიერ ცვლილებების სურვილი ძალიან გაზრდილია.
- რამე სპეციფიკურ პრობლემას ხომ არ გამოყოფდით?
- ჩვენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ნახევარზე მეტი ოჯახი კარდაკარის ფარგლებში მოვიარეთ. რა თქმა უნდა, მათი პირადი პრობლემებიც მოსმენილი გვაქვს, საერთო სოფლის პრობლემებიც და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ სოფელში, როგორც სხვაგან, ისევ არის გზის, წყლის, სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები.
- ემიგრაცია რამდენად აქტუალურია რეგიონში?
- ემიგრაცია, როგორც სხვაგან, ჩვენ მუნიციპალიტეტშიც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ახალგაზრდობა გაედინება საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტოვებენ მამა-პაპეულ სახლებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ არ არის საკმარისი ანაზღაურება სამსახურებში. შეიძლება გქონდეს 300-400-500 ლარიანი სამსახური, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახი გამოკვებო. ეს ერთი პრობლემა და მეორე, უფრო იმის გამოც იცლება რეგიონი, რომ არ არის მომავლის პერსპექტივა. ხალხი ვერ ხედავს მომავალს, არ აქვს მისი რწმენა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში “ქართულმა ოცნებამ” თავისი მხარდამჭერები მაქსიმალურად დაასაქმა საბიუჯეტო ორგანიზაციებში. ერთ სამუშაო ადგილზე, ფაქტობრივად, 10 ადამიანია, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნების დროს ამ ადამიანებმა საარჩევნო ხმები მოიტანონ მმართველი პარტიის ყულაბაში. შესაბამისად, ამბროლაურში დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდეს, მაგრამ მათთვისაც კი არაა საკმარისი ხელფასები, რაც იმის პირობას ქმნის, რომ ადამიანმა გარემო შეიცვალოს და უკეთესი პირობები ეძიოს.
ამასთან, ხშირია ნეპოტიზმი - ხალხი დაუმსახურებლად ინიშნება სამსახურებში, ან უსამართლოდ ხსნიან სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით.
- ნეპოტიზმი და კორუფცია განუყოფელია.
- რა თქმა უნდა, როცა გარემო უსამართლოა, ის ბუნებრივად შეიცავს ნეპოტიზმსაც და შესაბამისად, კორუფციული სქემის ნიშნებს: ადამიანებს უსამართლოდ ითხოვენ სამსახურიდან, ტენდერებს მუდმივად ერთი და იგივე კომპანია იგებს. ეს ყველაფერი აყალიბებს კორუფციულ, უსამართლო გარემოს ჩვენს გარშემო.
- რეგიონებისთვის რეალური, თვითმმართველობის მინიჭების მომხრე ხართ?
- მე თვითმმართველობაში უკვე მრავალი წელია, ჩართული ვარ. მქონია და ჩემს მეგობრებსაც შემოუთავაზებიათ ინიციატივები თვითმმართველობის გაზრდის კუთხით. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, არასდროს გაუთვალისწინებიათ ჩვენი მოსაზრებები. ხელისუფლება რომ შეიცვლება, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებები გასაზრდელია, განსაკუთრებით ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების ათვისების კუთხით. კერძოდ, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეეძლოს ბუნებრივი რესურსების განკარგვა საკუთარი შეხედულებისამებრ. ეს უფრო ეფექტურს გახდის მუშაობის პროცესს. ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეულ პრობლემებს შეუმსუბუქებს და ეკონომიკურადაც უფრო მეტად სარგებლიანი იქნება.
ვისურვებდი, უფრო მეტად გაძლიერდეს თვითმმართველობა და გადაწყვეტილებები ადგილზევე უფრო ეფექტურად იქნეს მიღებული. დღესდღეობით გუბერნატორის ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას აფერხებს და ზედმეტი ტვირთია. მოლოდინი დიდია და მე და ჩემი მეგობრები მოუთმენლად ველოდებით 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებას.