photo

„ხაშურის მოსახლეობა ცვლილებების მოლოდინშია“ | თამაზ ქართველიშვილი

- როგორია წინასაარჩევნო განწყობაა ხაშურში?

- ძალიან პოზიტიური განწყობაა ოპოზიციის მიმართ. მოსახლეობა ცვლილებების მოლოდინშია. პირადად მე ძალიან ბევრს ვმოძრაობ სოფლებში, თვითონ ქალაქში; პირდაპირი ურთიერთობა მაქვს ხალხთან და ვხედავ, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ერთი სული აქვს, როდის მოვა არჩევნების დღე და დაიწყება ცვლილებები. მაგრამ ძალიან დიდია დაშინების ფაქტორი. სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი აქვთ შემოვლილი; ზოგს სოციალურ დახმარებას უნიშნავენ, ზოგს ასაქმებენ დასუფთავებაში, სასაფლაოს დამლაგებლად და ასეთ სამსახურებში და აშინებენ, თუ ხმას არ მოგვცემთ, ამასაც დაკარგავთო.

რაც შეეხება ე.წ. ძველბიჭობას, წინა არჩევნებთან შედარებით, ნაკლებად აქტიურობენ. თანაც, ბევრმა უკვე კარგა ხანია დატოვა რაიონი. სამწუხაროდ, ისინი ძალიან დამოკიდებულნი არიან, რადგან პირადად ქართული ოცნების წევრები ურიგებენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

- როგორ შეაფასებდით თქვენი რაიონის ეკონომიკურ მდგომარეობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე?

- პირდაპირ ვიტყვი - რაიონის ეკონომიური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ეს მაშინ, როცა ხაშური არის ჰაბი, არის სარკინიგზო კვანძი, აქვს უნიკალური ბუნება, კლიმატი; აქ არის კურორტები - სურამი, ქვიშხეთი; გვაქვს ვულკანური წყლები... და ამის ფონზე ხალხს ძალიან უჭირს, გარბიან ხაშურიდან, უდიდესი მიგრაცია გვაქვს. რკინიგზაში, სსიპ-ებში და აიპ-ებში დასაქმებულია ის, ვინც დაკავშირებულია ადგილობრივ ადმინისტრაციასთან ან მმართველ პარტიასთან.

- როგორ ფიქრობთ, აქედან გამოსავალი რეალური თვითმმართველობის განხორციელებაა?

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოსავალი ზუსტად ეს არის. თანხები და რესურსები სწორად უნდა იყოს განკარგული. აი, მაგალითად: ხაშურში წყლის პროექტი გვაქვს, ნაწილობრივ ევროკავშირის გრანტია, ნაწილობრივ საფრანგეთის მიერაა დაფინანსებული სესხით. ძალიან დიდი თანხაა დახარჯული, მაგრამ პროექტის დამთავრებას არ დაადგა საშველი. ახლა თანხას დამატებით ითხოვენ. მოსახლეობისგან უდიდესი პროტესტია, რადგან კომუნისტების დროსაც ხაშურის, დაახლოებით, ოცი პროცენტი მარაგდებოდა წყლით და ამ პროექტით, მთლიანად ხაშური, ცხრამუხა და ოსიაური უნდა მომარაგებულიყო წყლით. წელს უნდა დასრულებულიყო პროექტი, მაგრამ ამჟამად მთელი ფული დახარჯულია და შესრულების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. რეალური თვითმმართველობა ამ პრობლემას ნაწილობრივ გამოასწორებს, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, თუ არ გაიზარდა ადმინისტრაციის პროფესიონალიზმი.

- პროფესიონალების მოსაზიდად კი აუცილებელია კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხება...

- დიახ, ეს უდიდესი პრობლემაა ხაშურისთვის. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადმინისტრაციაში ახლობლების მიყვანას ერიდებიან, მაგრამ მთელი ოჯახებია დასაქმებული სსიპ-ებში და აიპ-ებში. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს შემოკრებილი ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, კლასელები, ნათლულები და ასე შემდეგ.

- რომელიმე განსაკუთრებულ პრობლემას ხომ არ გამოყოფდით, რომელსაც აუცილებლად უნდა მიეხედოს ხაშურში, მას შემდეგ, რაც წარმატებით დასრულდება არჩევნები?

- მთელი მუნიციპალიტეტისთვის უმწვავესი პრობლემაა წყალი და კანალიზაცია. გზები გადათხრილია და ვითომ რაღაც კეთდება, მაგრამ ამ ამბავს, მიუხედავად ყველა მთავრობის დაპირებისა, არ დაადგა საშველი - ხალხი შეწუხებულია უწყლობით. მმართველი პარტია ახლაც ამბობს, რომ ვადებში დაასრულებს სამუშაოებს; სასწრაფოდ დაიწყეს თხრილებზე ასფალტის გადაგება. მაგრამ მოსახლეობაში არის განცდა, რომ ესენი ვერასოდეს დაამთავრებენ ამ სამუშაოებს. ამიტომაც ყველა ცვლილებებს ელოდება.

კიდევ მინდა ერთ პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება: სურამში არის კარიერი, რომლის მეპატრონეებმა გარშემო გაჩეხეს ასწლოვანი ხეები. სურამი კი მეწყერსაშიში ზონაა, აქტიური მეწყრული ადგილებია. ამასთან, მოგეხსენებათ, სურამი, ასე ვთქვათ, საბავშვო კურორტია და ეს მთა რომ დაიძრას, ღმერთმა დაიფაროს, შოვის ტრაგედია მონაგონი იქნება. თან ამ კარიერში ისეთი ხსნარებით რეცხავენ მოპოვებულ მასალას, რომ იქიდან ჩამდინარე წყალმა გაახმო ყველაფერი, ბაყაყებიც კი გაწყდნენ. იქაურობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ლიცენზია, თუ არ ვცდები, გაცემულია ვიღაც რუსზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.

და, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემაა უპერსპექტივობა. ახალგაზრდებისგან დაცლილია ქალაქი. სანამ სკოლა დაიწყებოდა, სავსე იყო აქაურობა, მაგრამ სწავლა დაიწყო და ძალიან ცოტა ადამიანია ქუჩებში. მიგრაცია უდიდესი პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის.

ზურაბ დათუნაშვილი: აუცილებლად გავიმარჯვებთ!

მითოლოგია - ტყაშმაფა და ოჩოკოჩი | გიორგი ათათია

მაია კოპალეიშვილი: "ოცნება" ატყუებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც