photo

„ხალხი მოუთმენლად ელოდება ცვლილებებს“ | დავით ბახტაძე

დავით ბახტაძეს, განსაკუთრებით ქუთაისელებისთვის, ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის იყო ამ ქალაქის სპორტის სასახლის დირექტორი და იმერეთში ინტელექტკლუბის- რა, სად, როდის - ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ისე წარიმართა ცხოვრება, რომ აპოლიტიკურ, მშვიდ გარემოში ყოფნა არ დასცალდა. ამიტომ ბატონი დავითი ამჟამად ფრაქცია „ახალის“ წარმომადგენელია ქუთაისის საკრებულოში და წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურადაა ჩართული.

- სიმართლე გითხრათ, 2012 წლამდე საკმაოდ აპოლიტიკური ვიყავი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პროცესებს თვალს არ ვადევნებდი და ჩემს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რაც, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობაა, არ ვიზიარებდი. 2012 წელს კი, უბრალოდ, იძულებული გავხდი, პოლიტიკურ პროცესებში ჩავრთულიყავი, რადგან სწორად გავთვალე ის, თუ რა მოხდებოდა მომავალში, ანუ რაც დღეს ხდება. ვგულისხმობ, რომ ქვეყანამ შეიცვალა პოლიტიკური კურსი რუსეთისკენ. გადავწყვიტე, შევწინააღმდეგებოდი ამ პროცესს და მომავალშიც შევეწინააღმდეგები, სანამ შემეძლება.

- ამჟამად „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ხართ.

- ამ კოალიციის პოლიტიკური შეხედულებები ჩემთან ყველაზე ახლოს დგას. მიმაჩნია, რომ ეს კოალიცია ყველაზე უფრო სამართლიანი და მებრძოლი ოპოზიციური ფლანგია, რომელიც ამომრჩევლის დიდი ნდობით სარგებლობს.

- კარდაკარის აქტიური მონაწილე ხართ. წინასაარჩევნოდ მოსახლეობაში როგორი განწყობაა?

- ჩვენ უაღრესად აქტიური ამომრჩეველი გვყავს. მუდმივად აინტერესებს სიახლეები. ეს ხალხი უკვე დიდი ხანია, ცვლილებებს მოითხოვს, მაგრამ დღეს უკვე - განსაკუთრებით. შეწუხებულნი არიან ქვეყნის მდგომარეობით, უფრო სწორად უძრაობით, ამ განუკითხაობით, რაც ქვეყანაში ხდება.

- შეხვედრებისას მოსახლეობა რა პირველი რიგის პრობლემებს ასახელებს?

- როგორც მთელ საქართველოში, ქუთაისელებსაც აწუხებთ ემიგრაციის პრობლემა, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. ახალგაზრდები ყველაზე მეტად სწორედ უპერსპექტივობაზე წუწუნებენ.

- როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემის გადაჭრის გასაღები ჩვენი მოსახლეობის ხელშია?

- რა თქმა უნდა. ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლება შევცვალოთ. ქვეყანა დავაბრუნოთ დასავლურ რელსებზე, რომელზეც მყარად იდგა ოცნების მოსვლამდე და როგორც შედეგი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. სხვა არჩევანი, უბრალოდ, არ გვაქვს.

- ეკონომიკური მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდება...

- სწორედ ამაზე მინდოდა მეთქვა. დღეს ქუთაისში უაღრესად რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. პირდაპირ გეტყვით, უცხოური ტრანზაქციები რომ არ იყოს და ისევ ჩვენი ემიგრანტების გადმორიცხვები არ ასულდგმულებდეს ქალაქს, გაუსაძლისი მდგომარეობა იქნებოდა. ქუთაისიდან დღეს დაახლოებით 30-35 ათასი ადამიანია გასული და მაცხოვრებლების მიხედვით ქალაქი საქართველოში მეოთხე ადგილზეა, როცა თბილისის მერე, ყოველთვის მეორე იყო. რა თქმა უნდა, ეს ქალაქისთვისაც და ზოგადად რეგიონისთვისაც კატასტროფის მანიშნებელია.

- ხალხის ეს მასობრივი გადინება დასაქმების პრობლემას უკავშირდება?

- ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. მოგეხსენებათ, კერძო სექტორი ქუთაისში არ არის ძლიერად წარმოდგენილი, ამიტომ დასაქმების ერთადერთი საშუალება საჯარო სამსახურებია, სსიპ-ები და აიპ-ები, სადაც მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერებს და მათ ნათესავებს ასაქმებენ. დასუფთავების სამსახურშიც კი სუსის ფილტრაციის შემდეგ ნიშნავენ ადამიანებს. სწორედ ეს იწვევს უპერსპექტივობის განცდას. კორუფცია და ნეპოტიზმი კატასტროფულ მასშტაბებშია აყვანილი.

ვიღაც, ასე ვთქვათ, ადგილობრივი ოლიგარქები, მინიოლიგარქები თუ ფსევდოოლიგარქები მართავენ სიტუაციას. რიგით ადამიანებამდე, ფაქტობრივად, არაფერი მიდის და შესაბამისად ვიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს.

- ბოლოს მინდა გკითხოთ, კარდაკარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რეალურად რა შედეგს უნდა ველოდოთ?

- პირდაპირ გეტყვით, თუ არჩევნები ტოტალურად არ გაყალბდა, ვიმეორებ, ტოტალურად, მაშინ ეჭვი არ არსებობს, ყველა ვარიანტში გვეყოლება კოალიციური მთავრობა. ამას წინათ რაიონებში ვიყავი და რომ ამბობენ, თითქოს ხალხი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, არ არის ასე. იქაც ინფორმირებული არიან ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება და მოუთმენლად ელოდებიან ცვლილებებს.

„ეს არის ისტორიული შანსი, ქვეყნისთვის უაღრესად გადამწყვეტ მომენტში“ | ანი ქავთარაძე

მითოლოგია - ტყაშმაფა და ოჩოკოჩი | გიორგი ათათია

„26 ოქტომბერს კოალიციური ხელისუფლება მოვა” | ქეთევან ხურციძე