photo

„ქვეყანა სისტემური პრობლემების წინაშე დგას” | გოჩა სოყურაშვილი

გოჩა სოყურაშვილი, “კოალიცია ცვლილებისთვის”, მცხეთის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი

- როგორი წინასაარჩევნო განწყობაა მცხეთაში?

- კარდაკარს რომ ვატარებთ, უშუალო ურთიერთობა გვაქვს ადამიანებთან, ოჯახებთან. ათიდან, მაქსიმუმ, ორი თუ გამოხატავს ხმამაღლა მხარდაჭერას მმართველი პარტიის მიმართ. ზოგი უბრალოდ გაჩუმებას არჩევს. აბსოლუტური უმრავლესობა კი ოპოზიციას უჭერს მხარს.

- დაშინების ფაქტორი თვალშისაცემია?

- ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ გამაჩნია, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ვიღაცას სახლში ადგებიან, ზოგს სადღაც ასაქმებენ და ასე შემდეგ. ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე მე ვერ ვილაპარაკებ, ამაზე განცხადება იმ ადამიანებმა უნდა აკეთონ, ვინც ამას განიცდის, მაგრამ ისინი ჩუმად არიან.

- როგორც აღმოჩნდა, ხალხი შეწუხებულია ბიუროკრატიით.

- მოსახლეობა თავის ტყავზე გრძნობს ბიუროკრატიის უვიცობასა და უნიათობას, კანონისადმი არასათანადო დამოკიდებულებას. სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას, ადამიანები თვეობით ვერ იღებენ პასუხს, ვერც შუალედურს და ვერც საბოლოოს. კანონით განსაზღვრული ვადები ისე ირღვევა, ვითომც აღარ არსებობს. მაგალითად, უძრავი ქონების რეგისტრაციისას, მოსახლეობა თვეობით ელოდება პასუხებს, მაგრამ ვერ იღებს. ერთი სიტყვით, აღარც ათდღიანი ვადა არსებობს და არც - რაიმე გონივრული.

- გულგრილობა და არაპროფესიონალიზმია აისახება ხალხის მდგომარეობაზე და, ზოგადად, მუნიციპალიტეტის ეკონომიკაზეც.

- მე ჩემ ხედვას მოგახსენებთ. ერთი შეხედვით, მცხეთაში მშენებლობის ბუმია, თითქოს რაღაც ვითარდება. ბევრი წარმოება გადმოვიდა მცხეთის რაიონში. არ ვიცი, გეგმაზომიერად ხდება ეს თუ ქაოსურად, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრმა საწარმომ თბილისიდან ჩვენთან გადმოინაცვლა. მათ გასწიეს ხარჯები, ააშენეს საწარმოები. არ ვიცი, ეს მთავრობის გადაწყვეტილებით ხდება, თუ ნებაყოფლობით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მაგალითისათვის „კოკა-კოლა“ და „თეგეტაც“ კმარა. მაგრამ არ არსებობს მუნიციპალიტეტის განვითარების არავითარი გეგმა. არ არის რეგიონში განსაზღვრული ეკონომიკური ზონები. ასეთი რამ არც გამოქვეყნებული მინახავს და არც ყურმოკვრით გამიგია. ამიტომ მგონია, რომ ეს ყველაფერი კერძო ინიციატივებია და ამაზე სახელმწიფო უარს ვერ ეუბნება. ამიტომ ყველაფერს სტიქიური და ქაოსური სახე აქვს. და კიდევ, მაგალითად, სხვადასხვა ადგილას დაიწყო პროექტები წყლით მომარაგების გასაუმჯობესებლად. მუშები, ტექნიკა მოყარეს, მაგრამ ორი წლის თავზეც კი არც ერთი პროექტი არ დასრულებულა. მიზეზი კი ის არის, რომ თვითმმართველობა ვერ აკონტროლებს იმ ტენდერებს, რაც მის ტერიტორიაზე ხორციელდება და პასუხს ვერ სთხოვს შემსრულებელს. ორ წელიწადზე მეტია, გადათხრილ გზებს ვუყურებთ. ეს ხომ რაიონის ხელმძღვანელობასაც აწუხებს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს.

- ბუნებრივად მივადექით საქართველოსთვის ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხს - დეცენტრალიზაციას და რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბებას. არჩევნების წარმატებით დასრულების შემდეგ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით?

- პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნება. ქაღალდზე კანონებში თვითმმართველობა თითქოს გვაქვს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ერთ მარტივ შემთხვევას მოგიყვებით: მცხეთაში, ქუჩაში მანქანა ძაღლს დაეჯახა. მოქალაქეებმა დარეკეს პატრულში, 112-ში; შემდეგ გამგეობაში დარეკეს. ბოლოს მოვიდა პატრული, მაგრამ მათ უფლება არ ჰქონდათ, ეს ძაღლი წაეღოთ, თუნდაც ნაგავში გადაეგდოთ. მოქალაქეებს უთხრეს, რომ მოვლენ და წაიღებენ, მაგრამ არავინ გამოჩენილა. მოქალაქეს რომ აეღო და გადაეგდო სადმე, კანონით, 2000 ლარით დაჯარიმდებოდა. და დარჩა ეს ძაღლი ქუჩაში გვიან ღამემდე. მერე რა ბედი ეწია, არ ვიცი. ეს მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ რთულდება მარტივი პრობლემის მოგვარებაც კი, როცა არ არსებობს სრულფასოვანი თვითმმართველი სტრუქტურები.

- კიდევ ერთ მტკივნეულ თემას მინდა შევეხოთ, მიგრაციის მაჩვენებლები რამდენად მაღალია თქვენს რაიონში?

- ძალიან ბევრი ადამიანია წასული და ბევრიც მიდის. პირადად მე ვიცნობ 4-5 კაცს, ვინც დღეს-ხვალ მიდის. ეს არ არის მარტო ჩვენი რაიონის სატკივარი. ეს არის სისტემური პრობლემაა ისევე, როგორც კორუფცია, ნეპოტიზმი, უვიცობა. მარტო მმართველი პარტიის სახეების (დაბალ რგოლებზე არაფერს ვამბობ) მსჯელობასა და შეფასებებს რომ შეხედავ, რაღაზე შეიძლება საუბარი, ამათ ქვეყანა როგორ უნდა ააწყონ?! ამიტომაა ყველა პრობლემა სისტემური.

- როდიდან ხართ პოლიტიკაში?

- ჯერ იდევ ზვიადის დროიდან ვიყავი ჩართული საარჩევნო პროცესში. რა ვიცი, კომისიაში ყოფნა, მგონი, პოლიტიკოსობას არ ნიშნავს. სერიოზულ პოლიტიკასთან ჩემი კავშირი იწყება ნიკა მელიასთან ურთიერთობით, 2018 წლის არჩევნების დროს. რაღაც აქტივობები მქონდა, მაგრამ ახლა გაცილებით დიდი დოზით და შემართებით ვარ ჩართული.

- რატომ გადაწყვიტეთ ახლა გააქტიურება?

- ადრეც მქონდა სურვილი, მაგრამ ვერ ვხედავდი ძალას, რომელიც ჩემთვის სრულად მისაღები იქნებოდა. ახლა კი, ნიკასთან საუბრების შემდგომ, დავინახე, რომ ჩემი ხედვის 90 პროცენტზე მეტი დაემთხვა ამ პოლიტიკური ძალის ხედვებს. ამიტომ, ნიკას, როგორც ლიდერს, გავყევი და ეს არჩევანი გავაკეთე.

თუკი ბაობაბი გიხმება | ირინა ცინცაძე

შობადობისა და მიგრაციის ანტირეკორდი | გიორგი მსხალაია

„ჩვენს კოალიციას შესწევს ძალა, კასპი წარმატებულ მუნიციპალიტეტად აქციოს“ | გიორგი შარიფაშვილი