photo

თუკი ბაობაბი გიხმება | ირინა ცინცაძე

ბაობაბი ჩვენი პლანეტის მცენარეთა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და უძველესი მკვიდრი და უძველესი ცოცხალი ძეგლია. ბევრი ლეგენდა არსებობს ამ ფანტასტიკურ ხეზე. ერთ-ერთი ინდური ლეგენდის მიხედვით, ვინც ბაობაბის ხის ტოტების ქვეშ დგას, რასაც ითხოვს, მიეცემა და ეს გარკვეულწილად შეესაბამება კიდეც რეალობას...

სახელი ბაობაბი, ალბათ, მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ბაჰუბაბ“, რაც ნიშნავს ნაყოფს მრავალი თესლით. ბაობაბის ხეს ასევე უწოდებენ „აფთიაქის ხეს“ და „ჯადოსნურ ხეს“. ბაობაბი ოდითგანვე ძლევამოსილებისა და მარადისობის სიმბოლოა. ბაობაბის შესახებ ძველ ეგვიპტეშიც იცოდნენ, რაზეც პირამიდებში ნაპოვნი არტეფაქტებიც მეტყველებს. ბაობაბის ხეები უნებლიე პატივისცემასა და აღფრთოვანებას იწვევს. ადგილობრივები ბაობაბს წმინდა ხედ მიიჩნევენ. აფრიკის მრავალი ხალხის კულტურაში არსებობს ჩვეულება - თითოეულმა ადამიანმა უნდა დათესოს ბაობაბის თესლი საკუთარ სახლთან, თუ მას უნდა, რომ სრულ და მარადიულ ბედნიერებას მიაღწიოს.

ჯერ ცოტა ბოტანიკაზე ვისაუბროთ, შემდეგ კი მისტიკასა და ბედისწერაზე. ბაობაბის ხილი 40 სანტიმეტრამდე კიტრის ფორმის ნაყოფია. ნაყოფის შიგნით არის მჟავე რბილობი, თეთრი ან ოდნავ მოვარდისფრო ფერის, ბევრი შავი თესლით. ეს „კიტრი“ მწიფდება მშრალ სეზონზე, ანუ როდესაც სავანაში ან არ წვიმს, ან წვიმს ძალიან იშვიათად და შეიცავს ექვსჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე ფორთოხალი ან სტაფილო. მასში იმდენი კალციუმია, რამდენიც რძის პროდუქტებში. ამ ხის ნაყოფი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ის ასევე შეიცავს F, A, B ვიტამინებს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს და ა.შ. სწორედ ამიტომ უძველესი დროიდან ადამიანები ბაობაბს მრავალი დაავადების სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ.

ბაობაბის ხილს აფრიკის მოსახლეობა მიირთმევს ნედლად, ან მისგან ამზადებს გამაგრილებელ სასმელს სახელწოდებით „მერისე“. ეს სასმელი რაღაცით წააგავს ლიმონათს, რის გამოც ხანდახან ბაობაბს „ლიმონათის ხეს“ უწოდებენ. ბაობაბის ნაყოფს ხშირად ახმობენ და ფქვავენ პურის დასამზადებლად. მოკლედ, ბაობაბის ნაყოფი იმდენად სასარგებლოა, რომ ზოგიერთი მეცნიერი მას 21-ე საუკუნის სუპერხილს უწოდებს. რადგან ბაობაბის ხილის ჭამა რეგულარულად ევროპაში, ასევე აშშ-ში ერთეულებს თუ შეუძლია, მოდაშია ბაობაბის ხილისგან დამზადებული სამედიცინო პრეპარატი სახელწოდებით “Baobab Life”. მაიმუნებმა ბაობაბის ნაყოფის სასარგებლო თვისებები ადამიანზე ადრე აღმოაჩინეს, ამიტომ ბაობაბს მაიმუნის პურის ნაყოფსაც ეძახიან.

თუ ბაობაბის ნაყოფი მაიმუნების საყვარელი დელიკატესია, სპილოები უპირატესობას ტოტებსა და ფოთლებს ანიჭებენ. ხე სპილოებისთვის კალციუმის წყაროა. ზოგჯერ სპილო ბრაზდება და თავს ესხმის ბაობაბის ხეს. ძლიერ ცხოველს აქვს საკმარისი ძალა იმისათვის, რომ ხე წააქციოს. თუმცა სპილოებსა და ბაობაბის ხეებს შორის ჩხუბის შემთხვევები არც ისე ხშირია. სპილო ბაობაბს უფრო მშრალ სეზონზე ესხმის თავს, რადგან ამ ხეს წვიმიან სეზონზე წყლის უზარმაზარი მარაგების დაგროვება შეუძლია - ზოგჯერ ერთ ხეზე 120 ათას ლიტრამდე! სქელი, სპონგური ქერქი ხელს უშლის წყლის სწრაფად აორთქლებას. ამიტომ ბაობაბები ერთგვარი ცოცხალი წყალსაცავებია. აფრიკის მკვიდრთა გარკვეული ნაწილი, მაგალითად ზამბიელი მეთევზეები, ერიდებიან ბაობაბს, რადგან თვლიან, რომ თუ ბაობაბის ხის ნაყოფს შეჭამენ და მერე სათევზაოდ გავლენ, მათ ნავებს ნიანგები დაესხმებიან თავს და მეთევზეებს შეჭამენ...

კვლავ ცოტა ბოტანიკა და შემდეგ გადავიდეთ მისტიკაზე, აფრიკულ მაგიაზე და საფრთხობელებზე... ბაობაბის თესლი უამრავ ზეთს შეიცავს. მას ხშირად ოდნავ მოხრაკულს ჭამენ ან ხალავენ, ფქვავენ და ყავის მაგივრადაც იყენებენ. ამ თესლს კიდევ ერთი სარგებელი აქვს. თუ აფრიკაში მოხვდით და, ღმერთმა დაგიფაროთ, აბორიგენები დაგესხნენ თავს, გესროლეს მოწამლული ისარი და გჭირდებათ ანტიდოტი, სთხოვეთ თქვენს მეგობრებს, გამოიყენონ ბაობაბის თესლი. სავარაუდოდ, მოწამლული ისრით დაჭრის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ მაინც გახსოვდეთ ეს ინფორმაცია.

ახლა ტრივიალური და მომხმარებლური დამოკიდებულება დავივიწყოთ და გადავეშვათ აფრიკელების ლეგენდებში და თქმულებებში. მითებსა და ლეგენდებში ბაობაბის ხე ცასა და დედამიწას აკავშირებს, როგორც ხიდი სულიერსა და ფიზიკურს შორის. ლეგენდის მიხედვით, ღმერთ თორას ნერვებს უშლიდა მის ეზოში დიდი რაოდენობით გაზრდილი ბაობაბები (რაღა პატარა პრინცი და რაღა თორა) და ერთ მშვენიერ დღეს დაავლო ბაობაბს ხელი და სამოთხის კედლის იქით გადააგდო, მაგრამ რადგან ბაობაბი დიდი და გადასაგდებად მოუხერხებელი იყო, თორამ ის ყირამალად გადააგდო და სამოთხის ბაღში ბაობაბი თავდაყირა ჩაერჭო. ბაობაბს თუ კარგად დააკვირდებით, ის თითქოს მართლაც უკუღმა იზრდება, თითქოს ფესვები მაღლაა.

სენეგალურ ზღაპარში კი მოთხრობილია, როგორ დაბორიალობდნენ ბაობაბები ერთი ქვეყნიდან მეორეში და მოსახლეობას ნერვებს უშლიდნენ, ამიტომ ღმერთმა ეს ხეები ამოატრიალა, ერთ ადგილას გააქვავა და კატეგორიულად აკრძალა მისი გადარგვა. ბაობაბს „სიცოცხლის ხესაც” უწოდებენ. ხშირად სოფლის ცენტრში მდგარი ბაობაბი სხვადასხვა ცერემონიებში და შეხვედრების ადგილად გამოიყენება, ზოგან კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილია - მასში განთავსებულია სადგური ანდა სოფლის ცენტრი. ზოგიერთი აფრიკული ტომი მისგან სახლებსაც კი აკეთებს. კომპანია Unrooted, რომელიც მცენარეულ პრეპარატებს ამზადებს, აქტიურად იყენებს ბაობაბს, როგორც ნედლეულს. Unrooted შეგიძლიათ amazon.com-ზე იპოვოთ. ყოველი შესყიდვა ხელს უწყობს ახალი ბაობაბის ნერგების დარგვას, რათა შეინარჩუნოს ეს წარმოუდგენელი ხე მომავალი თაობებისთვის.

ბაობაბი მარადიულობის, ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლოა. აფრიკაში ბაობაბის კვდომა/გახმობა ძალიან დიდი იშვიათობაა და სრულიად დამანგრეველი შეიძლება იყოს იმ ადამიანისთვის, ვის სახლთანაც ბაობაბი ხმება. სწორედ ამიტომ, ხშირად ის ადამიანები, ვის სახლთანაც ბაობაბი ხმება, ტოვებენ სამოსახლოს და სხვა ადგილას გადადიან საცხოვრებლად. თუმცა, როგორც განელი ჯადოქრები ამბობენ, ამ შემთხვევაში აუცილებელია ძალიან რთული და სპეციფიური რიტუალის ჩატარება, რის გამოც ნამოსახლარზე კიდევ ბევრი წელი არ შეიძლება სახლის აშენება და ჭის გათხრა.

რუსული ჰიბრიდული ომის თავსატეხი | გიორგი ბუტიკაშვილი

„გურიაში ჩიგოგიძის და თალაკვაძის ერთმმართველობაა“ | მამუკა გოგუაძე

ბოდიში, რუსულ ხომალდზე გაგვიანდებათ… | ნუგზარ წიკლაური