photo

26 ოქტომბერს უარს ვეტყვით "ქართულ ოცნებას" | ინტერვიუ გიორგი კირთაძესთან

გიორგი კირთაძე: „კოალიცია ცვლილებისთვის“, აღმასრულებელი მდივანი:

- ბათუმიდან ბრძანდებით, რუსული მოსახლეობა მრავლად არის ბათუმში. ეს ტურიზმია, თუ მიგრაცია?

- დიახ, ბათუმში ბევრნი არიან. თითქოს, მოლოდინი იყო, რომ რეალურად ეკონომიკის ზრდაზე იმოქმედებდა და იმოქმედა კიდეც - პარალელური ეკონომიკა გაგვიკეთეს. თავიანთი კაფეები, რესტორნები, სასტუმროები აქვთ დაქირავებული და ძირითადად შემოსავალს ის ხალხი შოულობს, ვინც ცოტა ადრე ჩამოვიდა, ან ვინც ცოტა მეტი ფულით ჩამოვიდა, უძრავი ქონება შეიძინა, მერე თავადვე აქირავებენ და ა.შ. რა თქმა უნდა, ზოგადად, მეტი უცხოელის ჩამოსვლა ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა, აქ ორი ამბავია, პირველი - ეს უკვე ნახსენები პარალელური ეკონომიკა და მეორე - უსაფრთხოების საკითხი. ეკონომიკური ზრდა კარგია, მაგრამ გვაქვს განცდა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო არ მუშაობს. ვინ იცის, ჩამოსულთაგან რამდენია არაკეთილგანწყობილი ქართული სახელმწიფოს მიმართ და თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ყველაფერი. ბედნიერები ვიქნებოდით, რომ გვქონდეს ისეთი სახელმწიფო, სადაც ვიცით, რომ შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა, რადგან როცა საქმე გვაქვს ოკუპანტი სახელმწიფოდან დიდი რაოდენობით შემოსულ მოქალაქეებთან, რა თქმა უნდა, ეს რისკებს შეიცავს. თბილისთან ერთად, რა თქმა უნდა, ბათუმსაც ეტყობა რაღაც ეკონომიკური ზრდა - ერთი შეხედვით, თითქოს ფული ტრიალებს, ბინის ფასი არანორმალურად არის გაზრდილი… მაგრამ, ერთი რამ ძალიან ნათლად ჩანს ბათუმში და ალბათ, მთელ ქვეყანაში - მთელი ეს ეკონომიკური ზრდა პირდაპირ მოქმედებს მხოლოდ რამდენიმე ათეულ ოჯახზე. აჭარაში, დაახლოებით, 50-მდე ოჯახია, ვინც დიდი ფული იშოვა, დანარჩენებისთვის კი, უბრალოდ, ცხოვრება გაძვირდა, რადგან ამგვარმა ეკონომიკამ გამოიწვია ფასების ზრდა. სწორედ ამიტომაც, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ბათუმი ერთ-ერთი პირველია საქართველოში, სადაც ყველაზე ბევრი ემიგრანტი გვყავს. განათლებული, ძალიან მაგარი ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში მუშაობდნენ, მათ შორის საჯარო სექტორში და კერძო სექტორში. ერთი შეხედვით ხელფასიც ნორმალური ჰქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი ოჯახების გამოკვებას და ბევრი მათგანი მექსიკის გავლით ამერიკაში, ხოლო სხვები ევროპაში გადაიხვეწნენ. არადა, ეკონომიური ზრდა პირიქით, ადამიანების უკან დაბრუნებას უნდა იწვევდეს, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უნდა იქმნებოდეს და ა.შ. თუმცა, ბათუმის შემთხვევაში, პირიქითაა. აქ მაცხოვრებელ ადამიანებს გაუძვირდათ ცხოვრება, თავიანთი შემოსავალი აღარ ჰყოფნით ოჯახების გამოსაკვებად, ჯანდაცვისათვის, განათლებისათვის და ა.შ...

- როგორც ვიცით, თქვენს პროგრამაშია რეგიონისათვის რეალური, ევროპული დონის თვითმმართველობის მინიჭება...

- ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ბათუმის საკრებულოს ვხელმძღვანელობდი და ძალიან კარგად მესმის, თუ რამხელა მნიშვნელობის არის მუნიციპალიტეტისათვის რეალური თვითმმართველობა. თუ ჩვენ გვინდა ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ადამიანები გადაწყვეტილების მიღებაში უნდა ჩაერთონ. პირველ რიგში, ეს უნდა მოხდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც უნდა ხდებოდეს დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება: ბათუმისთვის საჭირო გადაწყვეტილებები ადგილზე უნდა მიიღებოდეს. ჩვენ წარმოვადგენთ იმ გუნდს, რომელიც ამ სიტყვებს სადღეგრძელოსავით კი არ ამბობს, არამედ შიგნიდან, მართლა ბოლომდე ესმის რეალური თვითმმართველობის მნიშვნელობა.

- როგორია აჭარაში წინასაარჩევნო განწყობა?

- საქართველოში ყველამ იცის, რომ ბათუმი ოპოზიციური ქალაქია. 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ მოვიგეთ - 19 მანდატი აიღო ოპოზიციამ საკრებულოში და მხოლოდ 16 - „ქართულმა ოცნებამ“. შემდეგ განვითარებული მოვლენები ბათუმლებს კარგად ახსოვთ, და არა მხოლოდ ბათუმლებს - იყო დიდი დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა... „ქართულ ოცნებას“ ადამიანის სიკვდილი დასჭირდა იმისთვის, რომ უმრავლესობა მიეღოთ ბათუმის საკრებულოში. საქართველოში ბავშვმაც კი იცის ნუგზარ ფუტკარაძის ამბავი... ასე რომ, ისინი დამარცხდნენ როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურშიც, ეს ოფიციალური შედეგებითაც არის დადგენილი. შეგახსენებთ, ჩემსა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის ხმების სხვაობა ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე თუნდაც, მხოლოდ ბათილი ბიულეტენები. როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოში მხოლოდ ბათილი ბიულეტინების თვლაზეც ვერაფერს მივაღწიეთ. ბათუმი ნამდვილად არის ოპოზიციური ქალაქი. ეს გამოჩნდა 2021 წელს და ეს დამტკიცდება 26 ოქტომბერსაც, მიუხედავად ათასი უბედურებებისა, ზეწოლისა, ბათუმი დიდ და მტკიცე უარს ეტყვის „ქართულ ოცნებას”, ვინაიდან ბათუმს და მთლიანად აჭარას სჭირდება ნამდვილი ცვლილება: გამარჯვება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს.

„აუცილებელია რეალურ თვითმმართველობაზე გადასვლა“ | მურთაზ ცისკაძე

ჭყონდიდის საეპისოკოპოსო კათედრის მისია საქართველოს ცხოვრებაში | ზურაბ პაპასქირი

„არ ვაპირებ უბრძოლველად დავთმო ჩემი წინაპრების მიწა და ჩემი შვილების მომავალი“ | ირინა ჯანდიერი