photo

ჭყონდიდის საეპისოკოპოსო კათედრის მისია საქართველოს ცხოვრებაში | ზურაბ პაპასქირი

სამეგრელო – ლეგენდარული ეგროსის წილხვედრი ქვეყნის გული – დასაბამიდან იყო საერთო ქართული ეროვნული სხეულის სიმყარის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, ამიტომაცაა, რომ ხშირად მას საქართველოს ხერხემლადაც მოიხსენიებენ. სამეგრელოს მკვიდრნი, ადგილობრივი ლიდერები, ყოველთვის ერთგულად იდგნენ საერთო-ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ ამ კუთხემ შვა დიდი ცოტნე დადიანი, რომლის სახელი ამაყად ამშვენებს ერთიანი საქართველოსათვის თავგადადებულ გმირთა გალერეას. ოდიშის საერისთავოს, შემდგომ სამთავროს მმართველ დადიანთა საგვარეულოს არაერთი ღირსეული წარმომადგენელი ბურჯად ედგა ქართულ სახელმწიფოს და იცავდა ქვეყანას ჩრდილო-დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებისაგან.

თვით გვიან შუა საუკუნეებშიც კი – ფეოდალური შინააშლილობის პერიოდში, როდესაც თითოეული ქართული სამთავრო არ ეპუებოდა სამეფო ხელისუფლებას და, პირველ რიგში, ცდილობდა საკუთარი ვიწრო-კუთხური ამბიციების დაკმაყოფილებას, რაც დამაზიანებელი იყო ქვეყნისათვის ზოგადად, ოდიშის სამთავრო (ისევე როგორც სხვა სამთავროები) რჩებოდა „პატარა საქართველოდ“, დადიანთა სახლი კი ყოველნაირად ცდილობდა საერთო ქართული ეროვნული ფასეულობებისა და სიწმინდეების დაცვას. ამ მხრივ რად ღირს თუნდაც ოდიშის ამბიციური მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657), რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს აზანზარებდა და თავს „ივერიის ქვეყნის“ ერთ-ერთ ხელმწიფედ მიიჩნევდა, მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოხსნა ვალებისაგან, მისი რესტავრაციისათვის სახსრების გაღება; იმავე მთავრის კარზე ცნობილი კალიგრაფისა და მხატვარ-მინიატურისტის მიერ მამუკა თავაქალაშვილის (თავაქარაშვილი) მიერ გადაწერილი და მინიატურებით შემკული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი...

სამეგრელო ისტორიულად ქართული ქრისტიანობის ერთ-ერთი ნავთსაყუდელი იყო. საისტორიო ტრადიციის თანახმად სწორედ აქ იქადაგეს „ათორმეტთა მოციქულთაგან“ ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა. ადრე შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრებს წარმოადგენდნენ ფაზისის სამიტროპოლიტოში შემავალი ცაიშისა (საისი/საისენე) და გუდავის (ზიგანევი/ძიღანევი – თანამედროვე გალის მუნიციპალიტეტის სოფ გუდავა) ეპარქიები. მოგვიანებით დაწინაურდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული მისია დაეკისრა ერთიან ქართულ სახელმწიფოში.

ჭყონდიდისა და ჭყონდიდელი ეპისკოპოსის დაფუძნება-დაწინაურება ქართულ საეკლესიო სივრცეში უკავშირდება საქართველოს გამაერთიანებელი მეფის ბაგრატ III ბაგრატიონის პაპის, ცნობილი „აფხაზთა“ მეფის გიორგი II-ის (დაახლ. 922-957 წწ.) მოღვაწეობას. „ქართლის ცხოვრების“ კრებულში შესული „მატიანე ქართლისაჲდ“ წოდებულ ქრონიკაში ვკითხულობთ: „და... მიიღო სრულებით მეფობაჲ აფხაზთაჲ გიორგი მეფემან. იყო იგი სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმჴნითა და ახოვნებითა; ღმრთისმოყუარე იყო, უმეტეს ყოველთა მაშენებელი ეკლესიათაჲ... ამან ... აღაშენა საყდარი ჭყონდიდისაჲ, შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტჳლთაჲთა“. ეს ინფორმაცია, ერთი შეხედვით, რაიმე მიმანიშნებელს საკუთრივ „საყდარი ჭყონდიდისაჲსას“ და ახლად შექმნილი ეპარქიის წინამძღოლის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის სასულიერო და მით უფრო სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში არ შეიცავს. მაგრამ აშკარაა, რომ ეს არ ყოფილა რიგითი მოვლენა. ახალი საეკლესიო ცენტრის შექმნა გიორგი II-ის, საერთაშორისო მასშტაბის ლიდერის, რომლის აზრს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ანგარიშს უწევდნენ კონსტანტინოპოლში და რომელმაც სერიოზული ნაბიჯები გადადგა ქუთაისის ტახტის ირგვლივ დანარჩენი საქართველოს შემოსაკრებად, უთუოდ შორს გამიზნული ჩანაფიქრის ნაწილი იყო, რომლის კონტურები გამოჩნდა უკვე გაერთიანებული საქართველოს მესამე მეფის ბაგრატ IV-ის მმართველობის (1027-1072 ) პერიოდში.

როგორც ცნობილია, კონსტანტინოპოლში „საპატიო ტყვეობაში“ მყოფმა ბაგრატ მეფემ საქართველოში ჩამოსვლა და მოშლილი საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგება თხოვა დიდ ქართველ სასულიერო მოღვაწეს, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარს გიორგი მთაწმინდელს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ გიორგი მთაწმინდელი ამ უაღრესად რთულ და საპასუხისმგებლო მისიას რიგითი ბერის (თუნდაც ძალზე ავტორიტეტულის) რანგში ვერ აღასრულებდა, ამისთვის საჭირო იყო მისი შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილებით აღჭურვა. ამიტომაც მეფემ მოძღვარს ერთ-ერთი ეპარქიის ხელმღვანელობა შესთავაზა და სამოღვაწეოდ მაინც და მაინც „მამულსა მისსა წარჩინებული სამღდელთმოძღუროჲ საყდართა შორის სამეუფოჲსა მისისათა − საყდარი ჭყონდიდისაჲ“ შეურჩია, „სადა... თჳსი საფლავი... განემზადა, რათა, რაჟამს აღესრულოს, მუნ დაემარხოს... ამან ღმრთისა მსახურმან მეფემან ბაგრატ დიდად აიძულა ნეტარსა მამასა გიორგის, რათა მიითვალოს განგებაჲ მისი და იქმნას ეპისჴოპოს“.

ანუ ირკვევა, რომ „საყდარი ჭყონდიდისაჲ“ თავისი მნიშვნელობით აშკარად გამორჩეულია და მას განსაკუთრებული პატივი აკისრია – მეფის სამუდამო განსასვენებლადაა შერჩეული. ეტყობა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ჭყონდიდის ეპისკოპოსიც გავლენიანი მწყემსმთავარია. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ბაგრატ IV არ იყო პირველი მეფე, რომლის საძვალე გახდა „საყდარი ჭყონდიდისაჲ“. ადვილი შესაძლებელია თვით ტაძრის აღმშენებელი მისი პაპის პაპა გიორგი II და მისი ძენიც (ლეონ და დემეტრე მეფეები) იქვე იყვნენ დასაფლავებულნი.

გიორგი მთაწმინდელმა იუარა შემოთავაზებული ეპისკოპოსის პატივი, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, თავის მისიის შესრულება სწორედ ჭყონდიდიდან დაიწყო. ის აქტიურად შედგომია ერის სულიერ გაჯანსაღებას და ეს დაუწყია თვით მეფიდან და კათალიკოსიდან: „ხოლო მიერითგან იწყეს აღსაარებად და სინანულად თჳთ მეფემან, კათალიკოზმან, მღდელთა, დიაკონთა, მონაზონთა და მოწესეთა, დიდებულთა და მთავართა, მდიდართა და გლახაკთა.. და ესრეთ განანათლა ყოველი აღმოსავლეთი კაცმან ამან, განათლებულმან ღმრთისა მიერ, და ყოველნივე ცხადნი და დაფარულნი უწესოებანი განჰმართნა“. თუმცა, დიდი მოძღვრის ეს მისია არ ყოფილა იოლად განსახორციელებელი. ის იძულებული გამხდარა, თვით მეფე ემხილებინა „მრავალთა უწესოებათათჳს... რათა არა ჰყიდდეს საებისკოპოსოთა კაცთა მიმართ უწესოთა და უსწავლელთა და ყოვლითურთ სოფლისა შემსჭუალულთა და უწესოებათა და მიმოსლვათა შინა აღზრდილთა... რათა ყოველი არაწმიდებაჲ და უწესოებაჲ მოისპოს თჳთ მისგან პირველად და მერმე ერისა მისისაგან. მერმე იწყო მღდელთ-მოძღუართა მიმართ, რათა თუალთღებით ჴელთდასხმასა არა ჰყოფდენ და უღირსთა მღდელთა არა აკურთხევდენ, და რათა ამცნებდენ მათ მიერ კურთხეულთა მღდელთა უღირსთა არა ზიარებად, და რათა არა შეჰკრებდენ ოქროსა და ვეცხლსა, არამედ უმეტეს ყოვლისა სწყალობდენ გლახაკთა და უღონოთა, და რათა არა უწესოჲ რაჲმე, გინა სხუათა დამაბრკოლებელი საქმე იხილვებოდის მათ შორის...“.

მიუხედავად წმინდა მამის დიდი მონდომებისა, მისიამ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია, როგორც ჩანს, ეკლესიაში მკაცრი რეპრესიული ზომების გატარების პოლიტიკური ნება ბაგრატ IV-ის ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა. საქართველოს ეკლესიისა და ზოგადად საზოგადოების სულიერი გაჯანსაღებასა ეკლესიაში წესრიგის დამყარებას დასჭირდა რუის-ურბნისი. ნიშანდობლივია, რომ ამ სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესი პროექტის ავტორი და მთავარი შემოქმედი სწორედ ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აღმოჩნდა, რომელიც ამ დროიდან მწიგნობართუხუცესის უფლებებითაც აღიჭურვა. ასე გაჩნდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელო – უმაღლესი საკარისკაცო თანამდებობა, რომელიც სახელმწიფოს მეორე პირი – ვაზირთა უპირველესი – გახდა.

მთელი XII საუკუნე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა გულისხმობდა ჭყონდიდის ეპარქიის ოფიციალურ მწყემსმთავრობას. ეს იყო აუცილებელი პირობა, რაც ქმნიდა სერიოზულ სირთულეებს კათალიკოს-პატრიარქის ინსტიტუციასთან. ეს თვალში საცემი გახდა თამარის მეფობის ხანაში, როდესაც გავლენიანმა პატრიარქმა მიქაელ მირიანის ძემ ვერ მოითმინა კონტროლი ოფიციალურად მისდამი დაქვემდებარებული ეპისკოპოსის მხრიდან და „მოივერაგა“ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა თანამდებობა. XIII საუკუნეში ეტაპობრივად მიმდინარეობდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის სახელოს დამცრობა და საქართველოს ვაზირთა უპირველესის წოდებულებაში „ჭყონდიდლობა“ სულ უფრო ფორმალური ხდებოდა, რეალურად ის ჭყონდიდის ეპარქიის მართვას ჩამოცილებული იყო.

მიუხედავად ამისა, ჭყონდიდის ეპარქია მაინც ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სტრუქტურული ერთეულის პოზიციას. განსაკუთრებით გაძლიერდა მისი გავლენა XV-XVII საუკუნეებში, როდესაც ოდიშის სამთავროს კათედრებს შორის ჭყონდიდის საეპისკოპოსო უპირველესად ითვლებოდა. სამეგრელოს სამთავროზე რუსეთის პროტექტორატისა დამყარების შემდეგ (1818-1885 წლებში) კიდევ უფრო გაიზარდა ჭყონდიდის ეპარქიის (იმჟამად – სამეგრელოს ეპარქიად ტრანსფორმირებულის) მნიშვნელობა. სწორედ ამ პერიოდში გახდა გიორგი II აფხაზთა მეფის მიერ აგებული „საყდარი ჭყონდიდისაჲ“ (მარტვილის ტაძარი) დადიანთა სამთავროს სახლის საგვარეულო საძვალე. აქ განისვენებენ სამეგრელოს ბოლო მთავრები ლევან V დადიანი და მისი ვაჟი დავით დადიანი, ამ უკანასკნელის მეუღლე ეკატერინე დადიანი (ჭავჭავაძე), მათი ვაჟიშვილები: ნიკო და ანდრია დადიანები. აგრეთვე დადიანთა საგვარეულოს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი „დიდი ნიკო“ – ნიკოლოზ დადიანი, სამეგრელოს სამთავროს მსაჯულთუხუცესი, დიპლომატი, კანონმდებელი და ისტორიკოსი, რომლის კალამს ეკუთვნის „ქართველთ ცხოვრება“ – საქართველოს ისტორიის ერთგვარი სახელმძღვანელო, ჩვენამდე მოღწეული პირველი დასავლეთ საქართველოში შექმნილი საისტორიო თხზულება.

დაწყებული გიორგი ჭყონდიდელიდან, რომელიც იყო დიდი დავით აღმაშენებლის „თანააღზრდილი აღმზრდელი თანაგანმკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა“, საქართველოს არაერთი გამორჩეული ჭყონდიდელი ჰყოლია: ანტონ ჭყონდიდელი, ბესარიონ დადიანი, ამბროსი ხელაია – საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წმინდანად შერაცხული საქართველოს ეროვნული გმირი... ისინი იყვნენ არამხოლოდ ქართული ეკლესიის სახელოვანი მამები, არამედ მთლიანად ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს დიდი მოამაგენი, მისი ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლნი...

„ხალხს სჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“ | გიორგი ღვინიაშვილი

ქვეყანა ახალგაზრდებისგან იცლება | ნინა ბაზიკოშვილი

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან, ძალიან დიდ უმცირესობაში