photo

„აფხაზებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ნათელი გახდა, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის“ | გელა ხასაია

- გელა, თქვენ, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა და აფხაზეთიდან დევნილმა, კარგად იცით, რა პრობლემები აქვთ დღეს დევნილ ადამიანებს. გვიამბეთ ამაზე და გვითხარით, რას ითვალისწინებს თქვენი წინასაარჩევნო პროგრამა ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

- პირველ რიგში, ამ კოალიციის უპირატესობა ის არის, რომ ჩვენთან ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის ნამდვილად არსებობს პოლიტიკური ნება. ხელისუფლებას თუ სურს მათი დახმარება, ყველანაირი ბერკეტი აქვს ამის გასაკეთებლად. უბრალოდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ თავისი მომხრე ადამიანები აინტერესებს - დევნილი იქნება ის, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრმა ისეთმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელიც ამ ტკივილს თავად ატარებს და ეს ორმაგ იმედს მაძლევს, რომ თითოეული მათგანი გულწრფელად იბრძოლებს დევნილების, და არა მხოლოდ დევნილების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისთვისაც. ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანებს, რომლებსაც წინა თუ ახლანდელი ხელისუფლების დროს, 30 წელიწადზე მეტია, თავზე ჭერი არ აქვთ და ყველა ხელისუფლება და ყველა მაღალჩინოსანი ატყუებს, საქმით დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ძალიან მოკლე დროში მივცეთ ბინები, რომლებიც ეკუთვნით. არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ სტრასბურგის მიერ არის დადასტურებული, რომ მათ ეს კანონით ეკუთვნით და ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. ამიტომ ჩვენთვის ეს პრიორიტეტული იქნება. ბიუჯეტი დათვლილი გვაქვს - როგორც ქვეყნის, ისე ევროკავშირიდან მიღებული გრანტების საშუალებით ეს სავსებით შესაძლებელია. თორმეტი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებას საამისოდ უამრავი გრანტი აქვს მიღებული, თუმცა, მათი კორუფციული და მავნებლური ქმედებების გამო, ეს თანხა ამ ადამიანებამდე არ მიდიოდა. ჩვენ გვინდა, მიზნობრივად მივმართოთ ეს თანხები. ბინებით უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. კოალიციის სახელით და მანამდეც ხშირად დავდიოდი დევნილთა დასახლებებში და ვხედავდი, რომ მათაც კი, ვისაც სახელმწიფოს მხრიდან დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ადგილები, ძალიან დიდი პრობლემები აქვთ, რადგან ეს ბინები მეტწილად ავარიულია, ზოგან წყალი არ არის, ზოგან - კანალიზაცია. ჩვენ გვინდა, ამ ხალხს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ.

- რას გაიხსენებ აფხაზეთში ცხოვრების პერიოდიდან?

- მე გალიდან ვარ და ყველაზე მძიმედ რაც მახსენდება, იყო ის, რომ ქართულ ენას არ ვსწავლობდით. ამის უფლება არ გვქონდა - რუსულად და აფხაზურად ვსწავლობდით. სკოლა იქ დავამთავრე. სანამ სკოლაში შევიდოდი, ოჯახში სულ ქართულად ვსაუბრობდით, სკოლაში რომ მივედი, რუსულად ერთი სიტყვა არ ვიცოდი და უმცროს კლასებში ძალიან მიჭირდა, ვერაფერს ვსწავლობდი ამ უცხო ენებზე, რადგან ფიქრს ქართულად ვიწყებდი. მერე მოხდა ისე, რომ მთლიანად რუსულზე გადავერთე, აფხაზურიც ვისწავლე და სულ ვეკითხებოდი ჩემებს, სახლში და სკოლაში სხვადასხვა ენაზე რატომ ვლაპარაკობდი. ვიდრე პატარა ვიყავი, ჩემი ოჯახის წევრები თითქოს მიცავდნენ სიმართლისგან და მეუბნებოდნენ, რომ სკოლებში ასეთი წესია. როდესაც მაღალ კლასებში გადავედი, რასაკვირველია, მითხრეს, რაც ხდება და ისიც, რომ ეს საშინელებაა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. იქ ყოფნის დროს არანაირი საბუთი არ გვქონდა. გალის რაიონს დიდი კავშირები აქვს ზუგდიდთან - ვაჭრობა და ბევრი სხვა რამ. ყველაფრისთვის ზუგდიდში დავდიოდით, რადგან გალში ძალიან ძვირი ღირდა. საბუთი რომ არ გვქონდა, გვიწევდა მდინარით ან ტყით გადასვლა, რაც ძალიან საშიში იყო, რამდენჯერმე დაგვიჭირეს კიდეც, დაგვაჯარიმეს, მთელი დღე რაღაც განყოფილებაში გვაყურყუტეს. ამ დროს უკვე მივხვდი, რომ ეს არ იყო ბუნებრივი მოცემულობა, რაღაც ცუდი ხდებოდა. ეგრეთ წოდებული საზღვრის აქეთ მეგობრებიც მყავდა, და მათაც ვეკითხებოდი, სხვაგან თუ ხდებოდა ასეთი რამ და მპასუხობდნენ, რომ არა, სხვაგან ასეთი რამ არ ხდება. მოკლედ, ბევრი კითხვის დასმა რო დავიწყე, ამის შემდეგ უკვე საბოლოოდ ამიხსნეს, სინამდვილეში რაც იყო. ამ დროს უკვე იმხელა ვიყავი, რომ აღქმა შემეძლო. როდესაც მაღალ კლასებში გადავედი, აფხაზეთის ისტორიას მასწავლიდნენ, სადაც ყველაფერი რეალობის 100 პროცენტით საპირისპიროდ ეწერა. ერთადერთი შვება ის იყო, რომ აფხაზეთის ისტორიას ქართველი მასწავლიდა, რომელსაც გააზრებული ჰქონდა და ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს ფარსი იყო. ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ გვეუბნებოდა ამას, მაგრამ თავისი ქცევით გამოხატავდა - ამ საგანს არავინ სწავლობდა, მე ერთი აბზაციც კი არ მაქვს ნასწავლი; ის კი ნიშნებს მაინც გვიწერდა, არადა ეს მასწავლებელი პარალელურად მათემატიკასაც გვასწავლიდა და ამ საგანში ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო. აი, ასე თავისებურად გვიჩვენებდა მის დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ. საინტერესო რაღაცებიც ხდებოდა - გალის რაიონში აფხაზები არ ცხოვრობდნენ და ჩვენ მათთან კომუნიკაცია დიდად არ გვქონდა, მაგრამ იყო ევროპული ორგანიზაციები, დანიის ლტოლვილთა საბჭო, რომლებიც აფხაზების და ქართველების ინტეგრაციას ცდილობდნენ. რაღაც პროექტში მივიღე მონაწილეობა და მათი მეშვეობით ბევრი აფხაზი გავიცანი. როგორც აღმოჩნდა, ორივე მხარეს სტერეოტიპი გვქონდა, რომ ერთმანეთი გვეზიზღებოდა, სინამდვილეში - არც მათ ვეზიზღებოდი და არც მე მეზიზღებოდნენ. მათთან დავმეგობრდი კიდეც და დღემდე ურთიერთობა მაქვს; სხვათა შორის, მათმა კარგმა დამოკიდებულებამ გადამაწყვეტინა, რომ მეცადა და უნივერსიტეტში იქ მესწავლა. მართლაც იქ ჩავაბარე და სამ წელიწადს ვსწავლობდი. კურსზე არ მახსოვს სტუდენტი, რომლისგანაც რაიმე ცუდი მეგრძნოს. უბრალოდ, იყვნენ ლექტორები - მაგალითად ერთი ლექტორი ქალი, რომელიც თავად იბრძოდა ამ ომში, ჩემი გვარი რომ გაიგო და ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი, მიმტკიცებდა - ხასაია აფხაზიაო. მოკლედ, ლექტორებთან და ასაკიან ადამიანებთან მიწევდა ჩემი იდენტობის დაცვა, რადგან მათთვის ან არავინ ვიყავი, ან ვიყავი მეგრელი, რომელიც ქართველი არ არის, ან - აფხაზი. და სულ აი, ამ ბრძოლაში მიწევდა ყოფნა. მართლა საინტერესო იყო ურთიერთობაში სხვაობა ახალგაზრდებსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ომი თავის თავზე ჰქონდა გამოცდილი.

- ხომ არ იცი, დღეს რა ხდება თუნდაც შენს მშობლიურ ქალაქში, როგორ ცხოვრობენ?

- იქ რომ რაიმე სიახლე მოხდეს, ალბათ ათი წელიწადი სჭირდება. თუმცა, რომ გადავხედოთ, ადამიანების აზროვნება იცვლება - ახალგაზრდები უფრო გათვითცნობიერებულები არიან, უფრო პოლიტიკურები ხდებიან. აი, მაგალითად, ბიჭვინთის ანექსიის შემდეგ, როდესაც რუსეთი ტერიტორიის მითვისებას ცდილობდა, ახალგაზრდები ქუჩაში გავიდნენ - ეს იყო პირველი, სხვა დროს არც მახსოვს, რომ აფხაზები გამოსულიყვნენ და რუსეთის მიმართ რაიმეზე პროტესტი გამოეხატათ. მაშინ კი ბანერებიც ეკავათ და ღიად ამბობდნენ - არ გვჭირდება მეგობარი, რომელსაც მიწით უნდა გადავუხადოთო. ეს მართლაც დიდი პოლიტიკური განაცხადი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ომმა მათი შეხედულებები აშკარად შეცვალა. ნათელი გახდა, რომ რუსეთი მეგობარი ქვეყანა კი არ არის, არამედ მას ყველგან საკუთარი ინტერესები აქვს. ისე კი, დიდად არაფერი იცვლება - რუსული ბიზნესი, რუსული სასტუმროები. აფხაზს ძალიან მცირე შანსი აქვს, იქ რაიმე გააკეთოს და ფული იშოვოს, თუ, რა თქმა უნდა, მარიონეტულ ხელისუფლებასთან კავშირები არ აქვს. თუმცა, აფხაზეთი ბუნებრივად არის ისეთი ლამაზი, რომ სულ რომ არაფერი გააკეთონ, მაინც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მხარეა საქართველოს რეგიონებს შორის.

- რა რეაქცია ჰქონდათ დევნილ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოდიშის მოხდაზე. საერთოდ, როგორია მათი წინასაარჩევნო განწყობა რამდენად სჯერათ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მათი პრობლემები მოგვარდება?

- ბოდიშს რაც შეეხება, ნებისმიერ გამოკითხვას რომ გადავხედოთ, არათუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, არამედ ბიუჯეტზე, უშუალოდ ხელისუფლებაზე დამოკიდებული ადამიანებიც კი ვერ ამართლებენ ამ რუსულ მესიჯს. ეს წითელი ხაზია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული რეგიონები, სადაც ადამიანები დღემდე გადარჩენისთვის იბრძვიან, გვყავს არა ერთი, სიმბოლური, არამედ ბევრი გიორგი ანწუხელიძე, წინაპრები, რომლებიც ამ ბრძოლას შეეწირნენ. მათი შვილები აქ ცხოვრობენ და ამ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ისმენენ; ერთი რიგითი მოქალაქისთვისაც კი დამთრგუნველია ეს ღირსებააყრილი რიტორიკა. თუმცა, მე პირადად მიხარია, რომ ისინი ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ამჟღავნებენ თვიანთ ბუნებას - რომ ისინი საქართველოსთვის კი არა, საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან და რუსეთისთვის ხელსაყრელ მესიჯებსაც ამიტომ ავრცელებენ. წარმოუდგენელია, მსოფლიოში ყველა, რუსეთის გარდა, ამბობდეს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, შენ კი, რომელიც მსხვერპლი ხარ, ამბობდე, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამისთვის ბოდიში გვაქვს თურმე მოსახდელი. ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მათი მხრიდან პირველი არ არის - 2012 წელსაც ამბობდნენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, ჩამოგვიყვანეს გავრილოვი, რუსული ქორწილები გამართეს და რამდენი ერთი. სავარაუდოდ, მათ უკვე აღარ დარჩათ იმედი, რომ პროდასავლელ ადამიანებს გააცურებენ და იმ მცირედ რუსული განწყობის ადამიანებს უგდებენ ალბათ ამ მესიჯებს. დაუჯერებელია, ადამიანს საქართველოს ნათელი მომავალი უნდოდეს და ამ ხელისუფლებას ხმა მისცეს. რაც შეეხება დევნილების განწყობას, ისინი ყველა მთავრობის მიმართ იმედგაცრუებულები არიან, რადგან მათთვის ვერავინ მოიცალა - 30 წელიწადზე მეტია, ერთსა და იმავე დაპირებებს ისმენენ და არასდროს უსრულდებათ. ამიტომ არავის ენდობიან. თუმცა, მე როდესაც ამ ადამიანებთან ვურთიერთობ, ხშირად მესმის მოთხოვნა, რომ კოალიციებში რაც შეიძლება ბევრი ყოფილი დევნილი პოლიტიკოსი იყოს, რადგან სწამთ, რომ დევნილების პრობლემას გულთან ახლოს ეს ადამიანები უფრო მიიტანენ. ისე მოხდა, რომ ჩვენს კოალიციაში ბევრმა დევნილმა მოიყარა თავი და ვიცი, რომ ეს ჯგუფი მართლაც პრიორიტეტად დაისახავს მათ პრობლემებს და ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარებს. ამის თავადაც უფრო სჯერათ.

„26 ოქტომბერს კოალიციური ხელისუფლება მოვა” | ქეთევან ხურციძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: 27 ოქტომბერს იქნება დიდი ზეიმი

ოლიგარქის შემოდგომა | ნუგზარ წიკლაური