„26 ოქტომბერს კოალიციური ხელისუფლება მოვა” | ქეთევან ხურციძე
31 წლის ქუთაისელი პედაგოგი და ფსიქოლოგი ქეთევან ხურციძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარის მოადგილეა. დაწყებითი კლასების მასწავლებელი, იმ განუკითხაობის ფონზე, რაც ჩვენ ქვეყანაშია, აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში და წინასაარჩევნოდ კარდაკარის პროცესში.
მას დიდი იმედი აქვს, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში საღი აზრი გაიმარჯვებს, ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა მოვა და საქართველო დაუბრუნდება თავისი განვითარების კალაპოტს. ქვეყანა მოახდენს ევროკავშირში ინტეგრაციას. როგორც თვითონ ამბობს, - ამის იმედი რომ არ მქონდეს, პოლიტიკაში არც ჩავერთვებოდიო.
- როცა პირველად პოლიტიკური ცხოვრება დავიწყე, ახალგაზრდა ვიყავი. ჩემი ასაკის მიუხედავად, ნათლად ვხედავდი ყველაფერს, რაც ხდებოდა და ეს ყველაფერი ჩემს მეხსიერებაში დაილექა. აქტივისტი ვიყავი, როცა დავფიქრდი, რა შემეძლო გამეკეთებინა, როგორ შემეტანა ჩემი წვლილი საერთო საქმეში. ისეთი ადამიანების გვერდით აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ამ ადამიანებთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი. ამიტომ გადავწყვიტე, პოლიტიკაში დავრჩენილიყავი. მას შემდეგ ბევრი წელია, ჩემს გუნდთან ერთად ვარ.
- ოპოზიციური სპექტრიდან მაინცადამაინც „კოალიცია ცვლილებისთვის“ რატომ აირჩიეთ?
- ჩემი არჩევანი, მათ შორის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ფაქტორმაც განაპირობა. ორივეს ძალიან ახლოს ვიცნობ, მჯერა მათი, ზოგადად მომწონს მათი პოლიტიკური ხედვები, ადამიანური თვალსაზრისითაც მჯერა და მწამს მათი გადადგმული ნაბიჯების. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ეს ორი ადამიანი გაერთიანდა, უფრო მეტად გამიღრმავდა იმის რწმენა, რომ ორივე ერთად აუცილებლად შეძლებს სასიკეთო საქმეების გაკეთებას. შესაბამისად, ჩემი გადაწყვეტილებაც დიდწილად ამ ადამიანების ფაქტორმა განაპირობა.
- კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობა როგორ გხვდებათ, რა მოლოდინები აქვთ?
- კარდაკარ დავდივართ ყოველდღიურად. ვხვდებით პოლიტიკურად განსხვავებულ ადამიანებს. მინდა ვთქვა, რომ საერთო ჯამში, ძალიან ოპოზიციური განწყობაა. ყოფილა შემთხვევები, როცა მივსულვართ ამომრჩეველთან და ძალიან გაბრაზებული სახით უკითხავთ, თქვენ „ქართული ოცნებიდან“ ხომ არ ხართო? ძალიან გაბრაზებულია ხალხი. კარდაკარ ძირითადად ქუთაისში დავდივართ, მაგრამ იმერეთის რამდენიმე რაიონიც მოვიარეთ. მაგალითად, ზესტაფონში ვიყავი, ტყიბულში. მინდა გითხრათ, რომ ზესტაფონშიც ანალოგიური განწყობები იყო, - ძალიან ოპოზიციური. იმდენად, რომ ამ ფაქტით მეც კი გაოგნებული დავრჩი.
- მოსახლეობა სხვა რა პრობლემებს ასახელებს?
- ღამით ერთ-ერთ სუპერმარკეტში რომ შევედი, გამოგვკითხეს, რომელი პარტიიდან ხართო და მერე გვკითხეს, რომ აგირჩიოთ, რას იზამთ, ხელფასს მოგვიმატებთო? ასეთი სახის შეკითხვები ძალიან ბევრია. ჩვენ ვუხსნით, რომ როცა ქვეყანაში უსაფრთხო და სამუშაო გარემოს შევქმნით, მოსახლეობა ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაძლევს და მეტს იხეირებს. კითხვები ასევე ეხება სოციალურ დახმარებებს. რამდენად გაიზრდება, პენსია რამდენად მოიმატებს. იყო შემთხვევებიც, როცა დაინტერესდნენ, რომ ქუთაისში ადრე პარლამენტი იყო და როცა ხელისუფლებაში მოხვალთ, ამ მხრივ ხომ არაფერი შეიცვლებაო.
ანუ ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა და ხალხს ამიტომ აწუხებს ასეთი კითხვები.
- სამუშაო ადგილების მხრივ როგორი მდგომარეობაა?
- ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებს ახალგაზრდობას. ისინი ემიგრაციაში წასვლას აპირებენ, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება.
- ანუ მიგრაციის პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება?
- ყველა ახალგაზრდა, ვისთანაც კი შეხება მქონია, იმეორებს, რომ დატოვებს ქალაქს და წავა. ამბობენ, რომ აქ არ არის პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, არ არის თავის რეალიზების საშუალება, არ არის ახალგაზრდებისთვის შესაფერისი გარემო. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაა. უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენ გვჭირდება ეს ინტეგრაცია. გვჭირდება ის ეკონომიკური, კულტურული, თუ ტექნოლოგიური პოტენციალი, რაც ევროპაშია. ამისთვის კი, პირველ რიგში, ხელისუფლების ცვლილებაა აუცილებელი.
- ამას კორუფციის პრობლემებიც ამძაფრებს?
- კორუფციის პრობლემებიც არის, რასაკვირველია. მაგალითად, როცა მუდმივად ერთი და იგივე ადამიანი იგებს ტენდერებს, როცა მის ხელშია ყველანაირი შემოსავალი, იმის მიუხედავად, საქმე კეთდება,თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ქვეყანა ამისგან უნდა განთავისუფლდეს. ყველას თანაბარი სტარტაპის პირობები უნდა ჰქონდეს. იგივე ეხება დასაქმების და ნეპოტიზმის პრობლემებს. განათლების და კვალიფიკაციის მიხედვით უნდა ხდებოდეს ადამიანების დასაქმება.
- რას ფიქრობთ ხელისუფლების დეცენტრალიზაციაზე და ძლიერ თვითმმართველობაზე?
- ძალაუფლების დეცენტრალიზაციას ცალმხრივად მივესალმები. ქუთაისი დიდი ქალაქია და მიმაჩნია, რომ ამ ქალაქის პრობლემები აქვე უნდა წყდებოდეს და არ უნდა ველოდებოდეთ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ეს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის პრობლემის მოგვარებას. მით უფრო, როცა საქმე ყოფით პრობლემებს ეხება. ეს რეფორმა მეტ შემოსავალს მოიტანს, მეტ ბიუჯეტს, დაფინანსებას. ასეთი ქალაქები აუცილებლად თვითმმართველი უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიციური მთავრობა ამ საკითხს აუცილებლად მოაგვარებს.