photo

ოლიგარქის შემოდგომა | ნუგზარ წიკლაური

სტალინისთვის საქართველოზე მოყოლა რომ გეთხოვათ, მოკლედ გიპასუხებდათ: „პატარა ტერიტორია რუსეთის სამხრეთში, რომელიც თავს საქართველოდ მოიხსენიებს„. გავა რამდენიმე ათეული წელი და დიდი ბელადის ამ სიტყვებს დიდ დიქტატორთა მომცრო კარიკატურა გაიმეორებს ოდნავ შეცვლილი სახით - „საქართველო პატარა სოფელია“ და თან დაგვმოძღვრავს - ის არ უნდა იქცეს დაპირისპირების საგნად დასავლეთსა და რუსეთს შორის…

აი, ასე განსაზღვრა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სურვილიც გაგვიმხილა, ჩიქორთულად, მაგრამ მაინც გასაგებად: „ჩვენ გვინდა ქვეყანა აშენდეს სტრატეგიაში და გაღებილით არ გავაკვირვოთ დღეს ვინმე“... შეიძლება ამ წინადადებიდან აზრის გამოტანა ჭირს, მაგრამ მიზანი ნათელია - საქართველო რეალურადაც უნდა იქცეს იმად, რაც კარიკატურული დიქტატორის წარმოდგენაშია - „პატარა სოფლად“... ერთხელ და სამუდამოდ უნდა წაიშალოს ჩვენი ერის მეხსიერებიდან ის ხედვა, გზა, ორიენტირი, რომელსაც ჩვენი წინაპრები, ჩვენი მწერლები, ჩვენი მოაზროვნეები, დიდი საზოგადო მოღვაწეები ამკვიდრებდნენ, რის დაცვასაც თაობები ეწირებოდნენ.. საქართველო - პატარა სოფელი და არა „დიდი სამოთხის კუთხე პატარა“, არა „ადგილი ყურესა ამა ქვეყანისასა“, არამედ რუსეთის უკანა ეზო, რომელშიც პატარა რუსი ოლიგარქი, დიდი ამბიციებით, ხან ხეებს დაათრევს წაღმა-უკუღმა, ხან ცას ყიდულობს, ხან ზღვას იერთებს საკუთარ ეზოში...

პატარა დიქტატორს პატარა ქვეშევრდომებიც ჰყავს. ისინი უფრო ტყეებს ეტანებიან, ცა და ზღვა მათი საქმე არაა, მეტიც, აკვარიუმშიც არაა მათი ადგილი - დაუცველად, უმწეოდ დგანან „გლობალური ომის პარტიის სამიზნედ“ ...პატარა სოფელში პატარა ბოსტანიც უნდა იყოს... მაგრამ ოლიგარქის ბოსტანი უცნაური და გროტესკულია: ბაობაბები, ასწლოვანი ჭადრები და მაგნოლიები... პატარა ბოსტანში პატარა „ფერმაცაა“, ლემურებით, ზვიგენებით, პინგვინებით, ზებრებით.. „ჩემი საქართველო აქ არის“- ყოველი არჩევნების წინ ამ სიმღერით შეგვახსენებს ოლიგარქის მარიონეტი მმართველი გუნდი რუსეთში დახაზული საქართველოს რუკის კონტურებს. მერე რა, რომ ამ რუკაზე „გარეჯი საქართველოა“, „დედა დედაა, მამა კი - მამა“, ბიძინა ექვთიმეა, ზოგჯერ ილიაც.. დიქტატორებს უყვართ პროპაგანდისტული სიტყვებისა და ფრაზებისათვის ნამდვილი შინაარსის წართმევა და საპირისპიროს მინიჭება.. ასე იქცა ქვეყნის დაქცევა ქვეყნის აღმშენებლობად, ღირსების დაცვა უღირსობად, ევროპული პერსპექტივა - რუსულ პერსპექტივად, წესრიგისა და კანონიერების დაცვა უკანონობად და მართვად ქაოსად, სიყალბე ჭეშმარიტებად, კანონის უზენაესობა - უკანონობად, დემოკრატია - დიქტატურად თავისი კარიკატურული შტრიხებითა და რუსულ -საბჭოური შუქ-ჩრდილებით.

მსოფლიო ლიტერატურამ არაერთი დიქტატორის სახე შემოგვინახა: სისხლიანი ტრუხილიოს შესახებაც გვსმენია მარიო ვარგას ლიოსასგან და კორუფციონერი ოდრიას ამბებშიც გვიმოგზაურია. მარკესის უსახელო, სიმბოლიზირებული დიქტატორიც გვახსოვს და არქიფო სეთურიც საირმის მთებში... თითოეულ მათგანს ერთი დიდი რამ ჰქონდა საერთო, - ამერიკელი პოეტის, ოდენის ლექსისა არ იყოს, თითქოს „რაღაც სახის სრულყოფილებას“ თითოეული მათგანი ესწრაფოდა, აღწევდა თუ არა, ეს სხვა ამბავია. ჩვენმა ოლიგარქმა ამდენი ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ ამბობს, „მასშტაბები მისი იყო დიდი“... ცოტ-ცოტა ზემოთ ნახსენები დიქტატორებისგან ყველაფერი აიღო (წაუკითხავად, რასაკვირველია), კორუფციაც, სისასტიკეც, ცინიზმიც, ტყუილი ხომ სულაც მისი საყვარელი სტიქიაა, მაგრამ საბოლოოდ ვერაფრად ვერ იქცა,- მხოლოდ რუსეთის უბადრუკ მსახურად დარჩა და თავისი პოლიტიკური შემოდგომის ჟამს ვინ იცის, ვის უფრო უფრთხის ბრონირებული შუშის მიღმა - მის მიერვე გამოგონილ „გლობალური ომის პარტიას“ თუ საკუთარ ტერორისტ მბრძანებელს, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, ვერ აუსრულა რასაც დაპირდა - მთელი თაობა გამოეპარა, თაობა, რომელსაც ძაფი, ნერვიც არა აქვს საბჭოური, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, რომელიც დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებად რუსულს არ იყენებს, რომელსაც ვერ მოაწონებ, „რაც არ უჯდება ჭკვაშია“. ამ თაობამ, სულ ცოტა ხნის წინ ლაღად, გულწრფელად, პრინციპულად და შეუპოვრად უთხრა არა რუსულ კანონს... ეს საპროტესტო გაზაფხული პატრიარქის შემოდგომა იყო.

დაახლოებით ექვსი-შვიდი წლის ვიქნებოდი, როცა საბჭოთა ჰოკეისტები კანადის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. მახსოვს, მამა მეზობლებთან ერთად უყურებდა ამ მატჩს. შევამჩნიე, რომ ყველანი, მამაჩემის გარდა, ერთ გუნდს გულშემატკივრობდნენ, რამაც ძალიან გამაკვირვა და დავინტერესდი, თუ რატომ იყო ეს ამბავი ასე. პასუხის მოსმენის შემდეგ, თითქოს, პირველად დავუპირისპირდი რუსეთს, - პასუხი კი ასე ჟღერდა: „შენ სულ უნდა იყო იმათ წინააღმდეგ, ვისაც წითელ მაისურზე CCCP ეწერება“. ამდენად, მეც ქართველ ხალხთან ერთად, მისნაირები ბევრი მინახავს, „ჰაჯი-მურატის“ დასაწყისისა არ იყოს, ყვავილი მოწყვეტისას რომ შემოეგლიჯებათ და მონაპოვრით უკმაყოფილონი არიან, - უი, დაუშნოებულაო.

ზვიად გამსახურდია ამბობდა, საკუთარი ხალხის მოტყუებაზე უფრო დიდი დანაშაული არ არსებობსო. რუს ოლიგარქს კი, ხალხთან კომუნიკაციის ერთადერთ ხერხად ტყუილი აქვს მომარჯვებული. საბჭოთა მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ეროვნული იდეების მითვისება და საკუთარ ბნელ ზრახვებზე მორგებაა. ოლიგარქი რუსულ-საბჭოურ სტილს არ ღალატობს - ხან ილიას ციტატებს ისვრის (როგორც ახსოვს, ისე), ხან ეროვნულ ღირსებას იცავს აკვარიუმიდან, ხან გლობალური ომის პარტიას უტევს ბრონირებული შუშის ბასტიონიდან, ხანაც მშვიდობისმყოფელად წარმოაჩენს თავსა და მის მორჩილ მმართველ ძალას, მაგრამ ამ მშვიდობის მიღმა თავისუფლებაწართმეული ქვეყანა მოსჩანს. ერთხელ ასეთი რამეც განაცხადა: „მე არ მჯერა, რომ რუსეთის სტრატეგია მეზობელი ქვეყნების დაპყრობაა“... ისიც თქვა, „მე მგონია, რუსეთს დიდი ნასტალგია აქვს საქართველოზე“-ო, და დაუყოვნებლივ შეუდგა ამ „ნასტალგიის მკურნალობას“ - მშვიდობაზე მოღაღადე ხელისუფლებამ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ლამის სიტყვა ოკუპაცია ამოაგდო ლექსიკონიდან, ომის დაწყება საქართველოს დააბრალა და რუსი ჯაშუშები პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა ციხიდან. თავად ოლიგარქი შუშის კოლბაში გამაგრდა და როგორც ხეზე შემომჯდარმა დიდმა ძმამ, ისე დაიწყო ყველაფრის კონტროლი, დემოკრატიული ფასეულობების გაქრობა, საქართველოს ისტორიული არჩევანის ფეხქვეშ გათელვა, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვენი ქვეყნის მთავარი გეზის შეცვლა, თაღლითური, ყალბი რუსული ლოზუნგით- „ღირსებით ევროპისკენ“ რუსული ჭაობისაკენ მიმართა კომპასი...

2014 წელს გვითხრა: „არსადაც არ მივდივარ. მე მოვდივარ ოცწლიან ციკლში“... მაშინ ბევრი ვიცინეთ ამ წინადადებაზე - შინაარსზეც და ფორმაზეც... მაგრამ ახლა საქმე სუ-ლაც არაა სასაცილოდ, არც მაშინ იყო, მაგრამ ბევრს არ სჯეროდა... ახლა ამის განსჯა-ში არ შევალ. მომავალში ეგებ ამის დროც დადგეს... წინ 26 ოქტომბერია. პატრიარქის შემოდგომაც იწურება.. ვარსკვლავი კი, როგორც მარკესთან, აქაც ანათებს და ღრმად მწამს, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია არნახული ერთობის ჩვენება, ივანიშვილის გადასროლა, დალექვა ისტორიის სამარცხვინო ფურცლებზე და იმ ვარსკვლავის აკიაფება, რომელსაც ბოროტი ძალა პერიოდულად დასდევს ჩასაქრობად, მაგრამ სულ განწირულია ამ ბრძოლაში.

ცოდნის ყულაბა | ნინო კვიტაიშვილი, ივანე წერეთელი

„ხალხს სჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“ | გიორგი ღვინიაშვილი

„გურიაში ჩიგოგიძის და თალაკვაძის ერთმმართველობაა“ | მამუკა გოგუაძე