photo

„დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ! დარწმუნებული ვარ, ხმებს დავიცავთ! დარწმუნებული ვარ, შევქმნით კოალიციას!“ | ნიკა გვარამია

- ვინ გააცდინა კოალიციის ყრილობა? 1500 ადგილი დაგრჩენიათ თავისუფალი, როგორც კობახიძემ გვაუწყა.

- 7000 სკამი იყო და ნამდვილად არ ვიცი, რა 1500-ზე ლაპარაკობდა.

- გსმენიათ, ალბათ, რომ არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოიგო. იგებთ?

- სრულიად დარწმუნებული ვარ, ასეა. ამას ვამბობთ არა მარტო ხალხთან საუბრებით, არამედ ჩვენი კვლევებით და „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებითაც - მათივე მონაცემებით, 29 პროცენტი აქვთ. „ქართული ოცნება“ დამარცხებულია და მან ეს იცის. რაც უფრო სწრაფად გადაწყვეტს, რომ დამარცხებას შეეგუოს, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.

- სიურპრიზებს ელით ხელისუფლებისგან?

- არ ვიცი. მაგრამ, რაც უნდა იყოს, ყველაფერზე არსებობს პასუხი.

- რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები უფრო გასაოცარი ხდება - სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდის სურვილი, მიესალმნენ ლავროვის წინადადებას - მოვაგვაროთ ურთიერთობა ორ „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოსთან და ა.შ. რამდენად გამოიყენებთ ამას პროდასავლური ოპოზიცია?

- მოწინააღმდეგის შეცდომებს ყველა იყენებს და, ცხადია, ჩვენც. მით უფრო, თუ თვლი, რომ ეს მოწინააღმდეგე შენი სამშობლოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ ამოცანა არის ადამიანების ნების დათრგუნვა, მანიპულირება ომის შიშით, რაც, საბოლოო ჯამში, სიკვდილის შიშია. როცა ადამიანს ეშინია, მისი კოგნიტური პროცესები ჩერდება, იყინება და „ქართულ ოცნებასაც“ ეს უნდა - ადამიანმა ინფორმირებული და რაციონალური არჩევანი ვერ გააკეთოს. მაგრამ, ხელისუფლებას ეს აღარ გამოსდის, ყველას მოყირჭდა „ქართული ოცნების“ ეს რიტორიკა - ომი თუ მშვიდობა, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე არ წყდება ომის და მშვიდობის საკითხი. ამ არჩევნებზე წყდება ბნელი რუსული წარსულის და ნათელი ევროპული მომავლის საკითხი. როგორც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“, ეს არჩევნები გადააქციოს რეფერენდუმად ომსა და მშვიდობას შორის, სულელი არავინაა ამ ქვეყანაში. ძალიან კარგად ხედავს ხალხი ყველაფერს.

- ამ წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება, რუსული რიტორიკით ესაუბრება 300 000 დევნილს - ხალხს, ვინც 30 წელია ყოველ დღე საკუთარ სახლში დაბრუნებაზე ოცნებობს. როგორ ხსნით ამას?

- იმიტომ, რომ ივანიშვილს არ აქვს სენტიმენტები ამ თემაზე. მან საერთოდ არ იცის, რა არის აფხაზეთი. არც დევნილები არიან მისთვის ემოციურად მნიშვნელოვანნი, არც ამ ხალხის სოციალური შეჭირვება ესმის, თუმცა, არა მხოლოდ დევნილების არ ესმის.

- „ქართული ოცნების“ მომხრე დევნილებსაც ხომ მიმართავს ამ ენით?

- ძალიან გამიკვირდებოდა, დევნილი მხარს უჭერდეს რუსეთის მოგზავნილს ამ ქვეყანაში. დევნილი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ემისარს საქართველოში, იმ რუსეთისა, რომელმაც ამოხოცა ხალხი აფხაზეთში და სამაჩაბლოში, სახლები წაართვა დევნილებს და ა.შ. - ადეკვატური არ არის და ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, რაც არ არის მოსაწონი საქციელი პირადად ჩემთვის.

რაც შეეხება ბოდიშს - ეს დამამცირებელიცაა ყველაფერთან ერთად. გარდა იმისა, რომ ისტორიული აბსურდია საკუთარი ქვეყნისთვის იმის დაბრალება, რაც არ გაუკეთებია და კიდევ უფრო მეტიც - რისი მსხვერპლიც ეს ქვეყანა იყო. ამას გარდა, ეს არის ეროვნული დამცირება, ეროვნული ღირსების შელახვა. ყველამ ასე ვიგრძენით.

რაც მთავარია, ამას რუსეთისგან მოჰყვა ივანიშვილის დამამცირებელი განცხადებები - დასცინეს ჩვეულებრივად. ივანიშვილი რუსეთს აინტერესებს იმდენად, რამდენადაც აქ საკუთარი წარმომადგენელი ჭირდება და ეს იქნება ივანიშვილი, კობახიძე, თუ მდინარაძე - რუსეთისთვის აბსოლუტურად სულერთია. პირდაპირ უთხრეს თავის ემისარს: იმდენად არ ვართ დაინტერესებული თქვენი არჩევნებით და იმით, იქნება თუ არა ივანიშვილი, რომ აფხაზეთი დავთმოთ - აღიარეთ და დაელაპარაკეთ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსო. ეს მივიღეთ ივანიშვილის სამარცხვინო, ეროვნულ ინტერესებს აბსოლუტურად აცდენილი ტექსტების საპასუხოდ. „ქართულ ოცნებას“ დღეს დასცინის ყველა, მისი შემოქმედი რუსეთის ჩათვლით.

- საქართველოს ყველა რეგიონში, ერთმანეთის მსგავსი პრობლემებია, მაგრამ არის თუ არა განსაკუთრებულად სენსიტიური პრობლემა, მაგალითად, დევნილებისთვის?

- რა თქმა უნდა, არის. ძალზე სამწუხაროა, რომ დევნილებისთვის დევნილობა ამ ქვეყანაში არ დასრულდა და არც დასრულდება, ვიდრე აფხაზეთი არ დაბრუნდება, მაგრამ მე აქ სოციალურ მხარეზე ვსაუბრობ. ვგულისხმობ დევნილთა დასახლებებში ცხოვრებას - ეს ხომ ნიშნავს დევნილების გეტოებში მოქცევას?! ჯერ ერთი, ცუდი საცხოვრებელი პირობებია. თუნდაც, კარგი პირობებით და ახალაშენებულ სახლში დევნილების ერთად ჩასახლება მუდმივად იმის შეხსენებაა, რომ საიდანღაც არიან ჩასული იქ. თუ შენ მუდმივად ბრუნდები დასახლებაში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ერთადერთი ნიშნით, რომ ისინი არიან დევნილები, ეს განცდა როგორ უნდა მოგეხსნას? ეს ხომ სოციალური სტიგმაა ზოგადად?! ადამიანს არ უნდა უჩნდებოდეს განცდა, რომ ის სხვებისგან განსხვავებულია. განსხვავებული თუ რამით ვართ დევნილები, ესაა ის, რომ ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარეები ვართ და არასდროს არ ვიხევთ უკან.

- რას აპირებს კოალიცია ამ კუთხით?

- იმთავითვე არასწორი იყო დასახლებების აშენება. ადამიანებისთვის უნდა მიგვეცა კომპენსაცია და თავად გადაწყვეტდნენ, სად ეყიდათ ბინები. ასე მოხდებოდა მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში. ეს, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება იმიტომ, რომ დამოკიდებულებაა არასწორი. დევნილების საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ დაგვავიწყდება ჩვენი სახლები აფხაზეთში.

კოალიციას ნაფიქრი აქვს ამაზე და მათ, ვინც არ არიან ნორმალური პირობებით უზრუნველყოფილები, მაქსიმუმ, ორი წლის თავზე ექნებათ დასახლების ადეკვატური შესაძლებლობა. ეს არის აბსოლუტურად მოგვარებადი იმიტომ, რომ აუცილებლად დაფინანსდება საერთაშორისო ფონდებიდან.

მივადექით მთავარ საკითხს - ევროკავშირის გარდა, დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სხვა შანსი არ გაგვაჩნია. ჩვენს მოსახლეობას არ უნდა ომი, დევნილების დიდ ნაწილსაც ასევე - ომი საერთოდ დაგვაკარგვინებს ყველა შანსს, ქვეყანას ვერ გავწირავთ ჩამოსაშლელად. ერთადერთი, რითაც ტერიტორიებს დავიბრუნებთ, ჩვენი საერთო ინტერესებია - ჩვენი საზოგადოების და აფხაზური საზოგადოების, ჩვენი საზოგადოების და ოსური საზოგადოების - ვიყოთ შეუზღუდავად იმ სიკეთეებით მოსარგებლე, რასაც გვაძლევს ევროკავშირი. თუ საქართველოს არ შემოჰყვნენ ევროკავშირში, სხვანაირად ისინი იქ ვერასდროს მოხვდებიან. ჩვენ უნდა გვქონდეს ინტერესი, ერთად ვაკეთოთ ფული. მაგალითად, გავხსნათ პორტი ანაკლიაშიც და ოჩამჩირეშიც. ერთ მხარესაც გვიყვარს ფულის კეთება, მეორე მხარესაც და ვიცით ეს ამბავი. ეკონომიკაზე უფრო მეტად დამაკავშირებელი ინტერესი, სხვა არ არსებობს. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ჩვენ აფხაზური საზოგადოება გვიყვარს და ისინი ჩვენზე ოცნებობენ. არც ერთია მართალი და არც - მეორე. ჩვენ გვჭირდება საერთო ინტერესი - გამაერთიანებელი იდეა. ეს იდეა არის შეუფერხებელი გადაადგილება ევროპის მასშტაბით და ის სიკეთეები, რომელსაც საზოგადოებას ჰპირდება ევროკავშირი. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.

- ბათუმში, აჭარაში რა განსაკუთრებულ პრობლემას ხედავთ?

- აჭარა მხოლოდ ზღვისპირეთი არ არის. აჭარის მთა არის წარმოუდგენელი სილამაზის. მე ნახევრად რაჭველი ვარ, ვგიჟდები რაჭაზე და თუ რამეს ვნახავდი რაჭასთან შესადარებელს, მართლა არ მეგონა. ვნახე შუახევში, მირდატ ქამადაძესთან. აბსოლუტურად გამაოგნებელი სილამაზეა. აჭარას აქვს ფანტასტიკური შესაძლებლობა, დააკავშიროს ერთმანეთს ზღვა და მთა. ასეთი იყო გაგრა, სადაც ზღვა უერთდებოდა მთას. ასეთია აჭარის სანაპირო, განსაკუთრებით გონიოსკენ მიმავალი. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ბათუმის ჩაბეტონება კი არა იმ რაღაც სიმახინჯეებით, არამედ ამ ქალაქის უნიკალური არქიტექტურის გადარჩენა, შენარჩუნება. ბათუმი ერთადერთი ევროპული წესით ნაშენები ქალაქია საქართველოში, ევროპული ინფრასტრუქტურით. ევროპული წესით აშენებულია ფოთიც, მაგრამ ბათუმი ულამაზესი არქიტექტურული ქალაქია და დღეს იქ უბედურება ხდება - სანაპიროს ყველაზე ლამაზ ნაწილს, პრაქტიკულად, ჭამს მრავალსართულიანი, უხარისხო შენობები.

არის რაღაცები, რასაც აღარაფერი ეშველება, მაგრამ, მინიმუმ, უნდა შეჩერდეს ეს სიმახინჯე და განვითარებაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ - აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა. აჭარა არის მთაც და ამას ჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება. კახეთიდან აჭარაში 7 საათი ჭირდება მგზავრობას. ეს აბსურდია ამხელა ქვეყანაში - უნდა იყოს სწრაფი მატარებელი, უნდა იყოს, მაგალითად, ე.წ. „კუკუშკა“ მთიდან ზღვამდე, მოკლე დისტანციებზე - საბაგიროები. გაზი, წყალი, დენი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიეწოდებოდეს.

აჭარა განძია, მაგრამ მიხედვა ჭირდება. ყველაფერ უპატრონოს ქვეყანაში ეპატრონებიან ეშმაკები და აშენებენ ბეტონის მრავალსართულიან კორპუსებს.

- ქართველი პოლიტიკოსები არ არიან მიჩვეული დიდი საქმისთვის საკუთარი ამბიციების დათმობას. რა პრევენციული მექანიზმები არსებობს, რომ მშვიდობიანად შედგეს კოალიციური მთავრობა და პოლიტიკოსებმა იმედები არ გაუცრუონ ამომრჩეველს შეუთანხმებლობით და კონფლიქტებით?

- ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ეს არჩევნები ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ არის, ეს არის ქვეყნისთვის ბრძოლა. საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ - უპრობლემოდ შევთანხმდებით იმაზე, როგორ უნდა იმართოს ქვეყანა კოალიციური მთავრობით. იმედი მაქვს, გახარიაც იქნება ამაში ჩართული. არ ვიცნობ მას და არ ვიცი, რა მოლოდინები უნდა მქონდეს, მაგრამ ნამდვილად არ გამიხარდება, თუ საწინააღმდეგო რამ მოხდება.

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი წააგებს და თან იმგვარად, რომ უბრალოდ, არავის ექნება სურვილი, მისკენ გადაინაცვლოს, რადგან მასთან ერთად მთავრობის შექმნა არ იქნება შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ! დარწმუნებული ვარ, ხმებს დავიცავთ! დარწმუნებული ვარ, შევქმნით კოალიციას!

- რას დაარქმევდით გზას რუსული კანონის მიღებიდან არჩევნების დღემდე?

- სიცოცხლის გზას. ჩვენ გავდივართ ამ გზას და ეს არის სიცოცხლის გზა არა ჩემთვის, თქვენთვის, ან ვინმესთვის, ეს არის სამშობლოს სიცოცხლის გზა.

კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვიყენეს ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობების არჩევანი. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს აქ და ახლა, აწმყოში. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, გადავარჩინოთ სამშობლო. ძალიან ცოტა ადამიანს ეძლევა ამგვარი ფუფუნება და თუ ამას არ გამოვიყენებთ, დაგვწყევლის ყველა, ძველიც და ახალიც.

- როგორი იქნება 27 ოქტომბერი?

- შესანიშნავი. მაგრამ ვიცი, რომ ბევრს ვიძინებ ბედნიერი და მშვიდი. გარწმუნებთ, ყველაფერი იქნება კარგად.

დევნილებში გაჩნდა ფრთხილი რწმენა | თეიმურაზ პაპასქირი

თუკი ბაობაბი გიხმება | ირინა ცინცაძე

თენგიზ თევზაძე: ამ არჩევნებზე დასრულდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვება წაგვართვეს