photo

„26 ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება“ | ნინო ტვილდიანი

არჩევნებამდე სამიოდე კვირაა დარჩენილი. ვინც მოსახლეობას უკეთ დაარწმუნებს ცვლილებების აუცილებლობაში, არჩევნებსაც ის მოიგებს. გვესაუბრება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარე ნინო ტვილდიანი.

- ქალბატონო ნინო, როგორ მოხვედით პოლიტიკაში?

- დაახლოებით 12 წლის წინათ გადავწყვიტე, საკუთარ მუნიპალიტეტზე ზრუნვაში უფრო აქტიურად მიმეღო მონაწილეობა. ამის შემდეგ საკრებულოს წევრი გავხდი და დღემდე ჩართული ვარ ადგილობრივ თვითმმართველობაში. ბევრი მიზეზია, რატომაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე: თუნდაც ის უსამართლობა, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით. ასევე, ბევრი კარგი პროექტის განხორციელება შეიძლება ჩემს რაიონში. მინდა ევროპული დონის, ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში ვცხოვრობდე და მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებელია სწორი პოლიტიკის კეთებით.

- კარდაკარის დროს რა პრობლემებს გადააწყდით?

- გზა არ არის და სოფლებში, კარდაკარ გვიჭირს სიარული. ჩემს რაიონში გზების და წყლის პრობლემაა. მაღალმთიანი რეგიონია და საკმაოდ პრობლემურია გზა, განსაკუთრებით შიდა გზები, ასევე წყალი და გაზიფიკაცია. გაზი საერთოდ არ გვაქვს. ბევრია სოციალურად დაუცველი ოჯახი.

- ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარეობს...

- ეკონომიკა რომ გაუარესდა, ეს პირველ რიგში, მაღალმთიან რეგიონებში იგრძნობა. აქ ერთადერთი დასაქმების საშუალებაა ადგილობრივი აიპ-ები, სადაც მინიმალური ანაზღაურებაა, ხშირად საარსებო მინიმუმზე დაბალიც. აიპ-ების გარდა, სხვა სფერო არ არსებობს. თუ არ ჩავთვლით მერიასა და საკრებულოს. ეს ქმნის მძიმე ეკონომიკურ ფონს. ამიტომ ვამბობ, სწორი პოლიტიკით ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა შეიძლება.

- ბუნებრივია, ეკონომიკური სიდუხჭირე ემიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემასაც გამოიწვევს?

- რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ხალხი მიდრეკილია ემიგრაციისკენ და ძირითადად მიტოვებულია მამა-პაპეული სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, რაც დიდი პრობლემაა. მიგრაციის საკითხი იმდენად გაუარესდა, რომ მაგალითად, ყოველი 5 სახლიდან 3 დაკეტილია და ოჯახი სზღვარგარეთაა წასული, დედაქალაქში ან საზღვარგარეთ. მიგრაციამ ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ პირადად რომ არ ვიყო კარდაკარში ჩართული, ალბათ, ვერც კი დავიჯერებდი, რომ მუნიციპალიტეტში ემიგრაციის ასეთი დონეა. დაცლილია სოფლები, ადამიანებს საერთოდ ვერ ვპოულობთ.

- ასეთი სიტუაცია წინასაარჩევნო განწყობაზეც იმოქმედებს?

- რა თქმა უნდა, მოქმედებს. წინასაარჩევნოდ ხალხში ის მდგომარეობაა, რომ ნიჰილიზმია გამეფებული და რთულად ვარწმუნებთ მოსახლეობას, რომ შესაძლებელია, უკეთესი მომავალი გვქონდეს. ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ მივიდნენ არჩევნებზე და უკეთესობისკენ შეცვალონ რაღაც, მაგრამ პირველ რიგში, მათ სურთ შედეგი დაინახონ და 26 ოქტომბერს სწორედ ეს იქნება ჩვენი მიზანი, რომ მოსახლეობას დავანახოთ შედეგი და დავუბრუნოთ რწმენა იმისა, თუ როგორ შეიძლება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.

- რას ამბობენ, რა არის მოსახლეობის პირველი რიგის პრობლემები?

- ლეჩხუმში პირველი რიგის პრობლემად ყველა მიიჩნევს გზას. ვისაც ვხვდებით, განცვიფრებული გვეკითხება, ამ გზაზე როგორ ამოხვედითო, შემდეგ მოდის წყლის პრობლემა. მოსახლეობა გაოცებული გვეკითხება, რომ მთაში ვცხოვრობთ, არე-მარე წყალს მიაქვს, და როგორ ხდება, რომ სახლებში დასალევი წყალი არ გვაქვს და ტექნიკურ წყალს გვთავაზობენო? შემდეგ იწყება ეკონომიკური პრობლემები და გვეუბნებიან, რომ აქვთ ბანკის ვალი, აქვთ ყოველდღიური ფინანსური პრობლემები.

- რა არის გამოსავალი?

- გამოსავალია სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი დასუსტებული რომ არის, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს მუნიციპალიტეტზეც მოქმედებს. მოსახლეობის დაკვეთას თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე სწორი იქნებოდა, მაგალითად, მევენახეობის განვითარება. შემოდგომაზე მუდმივად დგება ყურძნის ფასის პრობლემა. ჩაბარებით იბარებენ, მაგრამ ფასი უაღრესად დაბალია ხოლმე. ასევე ძალიან ბევრი ხილია, რომელსაც გლეხი ვერ აბარებს. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება სოფლის მეურნეობის კუთხით, რომ გლეხმაც პირადად იგრძნოს ქვეყნის განვითარების სიამე და ქვეყანაც ეკონომიკურად გაძლიერდეს..

- იმ პრობლემების ფონზე, რამდენად შეიძლება საუბარი კორუფციაზე თქვენს რეგიონში?

- როცა აიპ-ის გარდა სხვა გასაქანი არ არის, სადაც თანამშრომლებს ნეპოტიზმით და პოლიტიკური ნიშნით იღებენ, რა თქმა უნდა, ეს კორუფციული სქემაა. აქ დასაქმებულ პირებს რამდენიმე წლიანი კონტრაქტი აქვთ დადებული და არჩევნების დროს ჩვეულებრივი კოორდინატორები არიან. ამ ხალხმა ხშირად თავისი სამსახურის სახელიც კი არ იცის სრულად. ნეპოტიზმია გამეფებული. ან პარტიული კუთხით უნდა იყო მათი მოკავშირე, ან ვიღაცის ნათესავი, რომ სამსახურში მიგიღონ. სხვანაირად აიპ-იში ვერაფრით მოხვდები და დასაქმების შანსიც არ გექნება.

- ევროპული დონის თვითმმართველობა რას შეცვლის თქვენს მუნიციპალიტეტში?

- ზოგადად დეცენტრალიზაციის მომხრე ვარ და მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს მუნიციპალურ თვითმმართველობას. ადგილზე ყველაზე უკეთ ვიცით, როგორ შეიძლება ბიუჯეტი განვკარგოთ, როგორ გამოვყოს პრიორიტეტები. ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა წყვეტდეს, ჩვენი ბიუჯეტი როგორ განიკარგება. დეცენტრალიზაცია გლეხს გააძლიერებს. მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები გაჩნდება და მეტი სამუშაო ადგილები იარსებებს. რაიონის გაძლიერებისთვის დეცენტრალიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია: მთავარია, გადაწყვეტილების ბერკეტი ჩვენ, ადგილობრივებს გვქონდეს. მე ზოგადად გუბერნიის წინააღმდეგი ვარ. როცა ცაგერში რაიმე პრობლემა დგას, რაჭის გუბერნია წყვეტს, როგორ მოაგვაროს საქმე. არადა, რაჭველმა უფრო უკეთ იცის ჩემს რაიონში რა არის საჭირო, თუ ლეჩხუმელმა კაცმა? მტკიცედ მწამს, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ძალიან მალე ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება.

„გურიაში ჩიგოგიძის და თალაკვაძის ერთმმართველობაა“ | მამუკა გოგუაძე

ხათუნა სამნიძე: თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ამ ქვეყანაში არც მშვიდობა იქნება და არც თავისუფლება

26 ოქტომბერს უარს ვეტყვით "ქართულ ოცნებას" | ინტერვიუ გიორგი კირთაძესთან