photo

„ახალ რეალობაში უნდა შევაბიჯოთ“ | ნიკა ბეგიაშვილი

ნიკა ბეგიაშვილი, ფილოლოგი, იურისტი, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ლიდერი.

- ყოველთვის აქტიური მოქალაქე ვიყავი. ჩემს პოზიციას აქტუალურ მოვლენებზე ღიად ვაფიქსირებდი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე, „ოცნების“ ხელისუფლების ღიად მოღალატეობრივმა პოლიტიკამ დამარწმუნა, რომ მხოლოდ სოც. ქსელებში აქტიურობა და აქციებზე სიარული არ არის საკმარისი. ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად საჭირო იყო, საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოვსულიყავი, პირადი მაგალითი მიმეცა სხვებისთვის. კერძო სექტორში, მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობდი. არის მომენტი, როცა ხვდები, რომ შენი პირადი კეთილდღეობა არ არის ქვეყნის კეთილდღეობა და საჭიროა, ქმედითი ნაბიჯები გადადგა. წელს ახალი გუნდი აღმოვაჩინე, თავისი საქმის პროფესიონალები, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები და გადავწყვიტე, მათ შევერთებოდი. მჯერა, ეს გუნდი მოიტანს ცვლილებებს, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ეკონომიკურად ძლიერი და დემოკრატიული ქვეყანა.

- თქვენს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, არის ცვლილებების იმედი, სურვილი, რწმენა?

- უმრავლესობაში ცვლილებების სურვილი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ის შიში, რასაც „ოცნების“ მთავრობა პროპაგანდით ნერგავს წლების განმავლობაში. თუმცა, ეს ბარიერი უკვე ირღვევა. ცვლილებების რწმენა, ევროპის მიმართულებით სვლის სურვილი გაცილებით ძლიერია და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გადატეხავს სიტუაციას. წინასაარჩევნოდ დავდივარ სოფლებში, მოვიარე რეგიონი. ძირითადად ცვლილებების მოლოდინია. ხალხი პროცესებს რეალურად, სწორად აღიქვამს, ხვდებიან, რომ ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. კოალიციური მთავრობა, თითქოს, უკვე დაკვეთა გახდა. გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც არ დადიოდნენ არჩევნებზე და წელს გადაწყვეტილი აქვთ მოსვლა. ხალხი გონიერია.

- ახალი ტექნოლოგიებით ხმის მიცემას როგორ შეხვდა მოსახლეობა?

- ჩვენთან რამდენიმე ტექნოლოგიური უბანი იქნება. ტექნოლოგიების გამოყენებამ გაზარდა რწმენა იმისა, რომ ხელისუფლება ვეღარ შეძლებს გაყალბებას და მათი მისვლა არჩევნებზე შედეგის მომტანი იქნება.

- რეგიონებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თვითმმართველობაა...

- თვითმმართველობა მხოლოდ კანონში, ფურცელზე გვიწერია. რა თქმა უნდა, არ ხორციელდება. ჩვენი კოალიცია ფიქრობს, რომ რეალური თვითმმართველობა, რეგიონის გაძლიერება და რესურსების რეგიონის მიერ განკარგვა, გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს, რადგან ახალციხელებზე უკეთ არავინ იცის, რა პრობლემებია რეგიონში. ამ ეტაპზე, როცა ცენტრი მართავს, ხშირად პროექტები და პროგრამები აცდენილია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. ამიტომაც გვეყოლება ადამიანები, ვინც უკეთ იციან ადგილობრივი პრობლემები და იზრუნებენ, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდონ, მეტად იზრუნონ რაიონის ეკონომიკურ განვითარებაზე და შესაბამისად, ის დოვლათი, რაც შეიქმნება, უფრო მეტი დარჩეს რეგიონში, გაცილებით მეტი სიკეთე მიიღოს რეგიონმა. რეალური თვითმმართველობა თუ ძლიერი არ არის, ის სახელმწიფო ძლიერი ვერ იქნება.

- რეგიონში რა სპეციფიკური პრობლემებია?

- ასეთია, მაგალითად, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. თუმცა, ცალკეულადაც უამრავი პრობლემაა, მაგალითად, ახალციხეში მეორე სკოლა დაიხურა რეაბილიტაციისთვის. უკვე ორი წელი გადის და ჯერაც არ დაწყებულა.... ასევე, მომრავლებულია მიუსაფარი ძაღლები... მაგალითად, ნინოწმინდა-ახალქალაქში მოსავლის რეალიზაცია უჭირთ. ასევე, ჯავახეთში მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ითხოვენ უკან დაბრუნებას - საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში ვერ იშოვეს სამსახური, სომხეთში სამუშაოდ გადავიდნენ და პასპორტი აიღეს. საქართველოს კანონმდებლობით, მათ გაუუქმდათ საქართველოს მოქალაქეობა და როცა საქართველოში დაბრუნდნენ, და წლებია საქართველოში ცხოვრობენ, ვერ იბრუნებენ მოქალაქეობას, რადგანაც ვერ აბარებენ ქართულ და ისტორიის გამოცდებს, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული. წარმოიდგინეთ 60, 65 წლის ადამიანებს უჭირთ გამოცდების ქართულად ჩაბარება. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ გუნდს, გვაქვს მიდგომა, რომ ასეთ ადამიანებს მაქსიმალურად დავეხმაროთ, ვინც დაბადებით საქართველოს მოქალაქეა, შემდეგ სამუშაო მიგრაციით თუ სხვა მიზეზით, დაკარგა ეს მოქალაქეობა და შემდეგ წლების განმავლობაში დაბრუნდა და ცხოვრობს საქართველოში, მათ გაუმარტივდეთ მოქალაქეობის დაბრუნება. ეს ქვეყნის ინტერესებში შედის .... კანონმდებლობაც დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნაწილში.

- დასაქმება რეგიონში...

- რეგიონში დასაქმების სერიოზული პრობლემაა. როცა სპეციფიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ერთ სფეროს ვერ ჩამოთვლით, სადაც პრობლემა არაა - ჯანდაცვა, სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური, დასაქმება ... გაგიჭირდებათ, სამცხე-ჯავახეთში მაღალანაზღაურებადი სამსახური იშოვოთ. ვისაც აქვს შესაძლებლობა და ვითარდება, ის რეგიონს ტოვებს და, ფაქტობრივად, რეგიონი იცლება კვალიფიციური ადამიანებისგან. ძალიან გაზრდილია მიგრაცია საქართველოში. ეს არ არის ურბანული მიგრაცია. ურბანული მიგრაცია ბუნებრივი პროცესია, როცა სოფლიდან ქალაქად ჩამოდიან. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის შემთხვევაში, მიდიან ქვეყნიდან და აღარ ბრუნდებიან. რადგან რეგიონის პრობლემებზე ვსაუბრობთ, აი, მაგალითად, ასპინძა არის დაბა, სადაც სამშობიარო არ არის, საერთოდ საავადმყოფო არ არის, ახალციხეში მიდიან. წარმოიდგინეთ, 21-ე საუკუნეში, დაბაში, სადაც ათი ათასზე მეტი მოსახლეა, სამშობიარო არ არის. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. დეცენტრალიზებული რომ იყოს, ადგილობრივი მერია ყველაფერს გააკეთებდა, პრიორიტეტებში ჩასვამდა, რომ სამშობიარო გახსნილიყო, საავადმყოფო გახსნილიყო, ის იზრუნებდა ამაზე.

- კულტურული ცხოვრების მხრივ, რა ვითარებაა?

- ახალციხეში საკმაოდ კარგი თეატრი გვაქვს. ამ ეტაპზე რემონტი მიმდინარეობს. კინო არ არის. სხვათა შორის, კინოთეატრზე მოთხოვნას სტუდენტები და ახალგაზრდები ხშირად აფიქსირებენ. ეს ბიზნესმა უნდა გააკეთოს. სახელმწიფო ვერ გააკეთებს.

- კორუფცია და ნეპოტიზმი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია...

- არც სამცხე-ჯავახეთია გამონაკლისი. „საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს“ არაერთი კვლევა აქვს მომზადებული კორუფციასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც წესი, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება ამაზე არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს მოქმედი თანამდებობების პირების ოჯახის წევრები იგებენ ტენდერებს. წარმოიდგინეთ, კომისიის ერთ-ერთი წევრი არის მამა და მისი ოჯახის მეორე წევრი, ან ნათესავი იგებს ტენდერს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნეპოტიზმი გვხვდება. რაც უფრო დემოკრატიული და განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ნაკლებია ნეპოტიზმის შედეგები.

26 ოქტომბერს უნდა გავარღვიოთ ეს წრე და ახალ რეალობაში შევაბიჯოთ!

ქართველი ფერმერები სწრაფად გამდიდრდებიან | ჯამბულ ხოზრევანიძე

მითები და რეალობა ევროკავშირის შესახებ | ნიკა ფარულავა

ელენე ხოშტარია: ხალხის მთავარი მოთხოვნაა: შეცვალეთ!