photo

როგორ უნდა იქცეს რაჭა აგარაკიდან კურორტების არქიპელაგად | ვანო წერეთელი

მკითხველი იკითხავს, სად რაჭა და სად არქიპელაგიო და მართალიც იქნება, არქიპელაგი ხომ კუნძულების ჯგუფია, რომელიც ისე მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული, რომ ერთიან სივრცეს ქმნის. ხოდა მთელი ამბავიც ისაა, რომ ჩვენი მიზანია, რაჭა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული კურორტებისა და ტურისტული ცენტრების მთლიანობად ვაქციოთ, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც ერთმანეთთან, ასევე - მომიჯნავე კუთხეებთანაც: ლეჩხუმი იქნება ეს, ოკრიბა, სვანეთი, იმერეთი თუ ცხინვალის რეგიონი.

ერთხელ დილით ადრე გამეღვიძა და სოციალურ ქსელში ხუმრობით დავპოსტე: რაჭაში მივდივარ და ვინ წამომყვებათქო? გითხრათ, მერე რაც მოხდა? დავწერო, რამდენმა ადამიანმა, ნაცნობმა თუ უცნობმა მომწერა და წაყვანა მთხოვა? მგონი, სულაც არაა საჭირო, ისედაც გასაგებია, ბეეევრმა, ძალიან ბევრმა!

რაჭა გვიყვარს, ყველას გვიყვარს, ვინც იქაური ვართ, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ, იმათაც, ვინც ჯერ კიდევ არ არის ნამყოფი.

თუმცა, რაჭა ერთ-ერთი ის კუთხეა, რომელიც იცლება.

“რაჭავ, რაჭავ, გენაცვალე, რაჭავ და შე მადლიანო…”

რაჭა არ შეიძლება იყოს მხოლოდ აგარაკი, სადაც მხოლოდ ზაფხულში ჩადის ბებია-ბაბუის სახლში ადამიანი. ეს უნდა შევცვალოთ და რაჭამ ახალი სიცოხლე უნდა შეიძინოს. რაჭას აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, აქვს უამრავი საკურორტო შესაძლებლობების ადგილი. კონკრეტული კურორტი და ტურისტული ცენტრი გახდება ეკონომიკის მთავარი ამძრავი მიკრო ზონაში და შემქნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, გაჩნდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების საჭიროება და, რაც მთავარია, ლორისა და ხვანჭკარის გასაღების მთავარი ბაზარი საკუთრივ რაჭა გახდება.

“რაჭავ, ჩემო თვალისჩინო, შენ სრულიად საქართველოს უხდები…”

მოდით, წარმოსახვით მოგზაურობაში წამომყევით აქ, გაზეთის ფურცლებზე. სულაც არ იქნება ცუდი, ერთად გადავავლოთ თვალი ჩვენს საყვარელ კუთხეს და მოვნიშნოთ ის ძირითადი საკურორტო და ტურისტული ცენტრები, რომელმაც უნდა შეცვალოს რაჭის ცხოვრება. შესაძლოა, რაღაც გამოგვრჩეს კიდეც, თუმცა, მაინც…

საჩხერიდან წასული, სოფელ უზუნთას რომ გასცედები, უკვე შეიგრძნობ მშობლიური კუთხის სიახლოვეს. პირველი სოფელი შქმერია, ალბათ ერთ-ერთი მადისაღმძვრელი სოფელია მთელ საქართველოში - ვინ იტყვის, რომ შქმერული არ უყვარს - ნივრისა და სოფელში გაზრდილი ქათმის გემო გაზეთის ფურცლებიდანაც კი იგრძნობა, ცოტა რძისთავის დამატებაც შეიძლება. მე თუ მკითხავთ, ცოტა ლორის წვრილად დაჭრილი და ტაფაზე მობრაწული ნაჭრებიც უხდება და დაღერღილი წითელი წიწაკის მოყრაც.

კარგია, ვერაფერს იტყვი!

შქმერის თემი, იქვე უშოლთა, საოცრად ლამაზი ტაფობი, მთებით გარშემორტყმული, პატარა მდინარით, რომელსაც ულამაზესი ხეობა აქვს, არყის ხეებითა და შერეული ტყით დაფარული, კანიონების მსგავსი კლდეები და ბოლოს უსაშველოდ გაშლილი სივრცე და ხედი კავკასიონზე.

საქმეც რომ ვთქვათ, შქმერიდან პირდაპირ უკავშირდები მრავალძალს, ეს გზა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, რომ ამ ორ ულამაზეს სივრცეს შორის უმოკლესი კავშირი იყოს. საფეხმავლო გზა კი მთა ხიხათის გავლით ქვემო რაჭაში, სოფელ სხვავაში ჩადის. ესეც რაჭის ტურისტული არქიპელაგის პირველი კუნძული, მართლაც ცაში გამოკიდებული, 360 გრადუსიანი ხედებით, ცხრა მთის ზოლიანი ჰორიზონტით, მხოლოდ მხატვრულად კი არ ვაფორმებ, მართლაც ცხრა მთის ზოლია მრავალძალიდან ჰორიზონტზე გაშლილი, ვისაც არ უნახავს ან უნახავს და არ დაუთვლია, შეგიძლიათ, ახვიდეთ, ნახოთ და დათვალოთ.

ესეც რაჭის საკურორტო და ტურისტულ ცენტრთა არქიპელაგის პირველი კუნძული, რომელიც მიიბავს და ახალ სიცოცხლეს შესძენს ახლო მდებარე სოფლებს.

განვაგრძოთ გზა. დავეშვათ და რიონზე ზუდალის ხიდით გადავიდეთ. თუ მურმან ლებანიძეს არ ვიწინამძღვრებთ, აბა სხვას ვის? მისი სოფელი კვაშხიეთიც ხომ გზადაა.

“რიონს აღმა მივუყვები, ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას…”

ონი - ქართველების და ებრაელების თანაცხოვრების საინტერსეო წარსულის მქონე ქალაქი, ბრწყინვალე სინაგოგითა და ლამაზი ხედებით…

ონიდან საითაც არ უნდა წახვიდე, ყველგან საკუროტო და ტურისტული ზონებია: ღარულას ხეობა, “საკაო და საკაურა, ხიდეშლები, ლაგვანთაო”… აქეთ ჯეჯორას ხეობით ქვედრულასკენ “ქვედრულა მოდიდებულა…” და “უყურძნო მთის რაჭა მესამე რაჭაა, ენკენისთვეა და ჩამოთოვს საცაა” - ჯერ უწერა, აქეთ ჭიორა, ღები და გონა, იქეთ გლოლა, შოვი და ჭანჭახის ხეობა - კურორტებისა და ტურისტული ცენტრების არქიპელაგი ამიტომაც ვუწოდეთ რაჭას. შეუძლებელია, სახლემწიფოსა და კერძო სქტორის სწორი მუშაობის შედეგად, ეს მხარე მდიდარი არ გახდეს.

ისევ მურმან ლებანიძეს მოვუსმინოთ: “სორს ქვემოთ ქვემო რაჭაა/მე თვითონ ზემორაჭველი/ გეტყვი: - ისაა, რაცაა!”.

მხოლოდ ხვანჭკარა, შაორი და ნიკორწმინდა ყოფნის ერთ რეგიონს, თუმცა ქვემო რაჭა კიდევ უფრო მეტია.

მე მაინც ჭელიშის უდაბნოთი დავიწყებდი!

წარმოიდგინეთ შუა საუკუნეები, სოფელ ნიკორწმინდის სიახლოვეს მდინარე შარეულას მიუვალი ხეობა, უკაცრიელი ადგილი და იქ აშენებული მონასტერი, სადაც ისხდნენ ჩვენი წინაპრები და საქართველოს ისტორიას ქმნიდნენ, ხელნაწერებს ინახავდნენ და ახლებს წერდნენ. სწორედ ჭელიშის მონასტერში აღმოაჩინა საქართველოს მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე "ჭელიშის ოთხთავის" სახელით ცნობილი წმინდა სახარება. ესაა ჩევნი სამშობლოს ისტორია და წარსული … და მომავალიც.

საოცარია შარეულას მთელი ხეობა, მთლიანად ტურისტული ბილიკია - რიონის შესართავიდან დაწყებული სათავემდე, იქვე საყინულეს მღვიმე, აქეთ კი თხმორის ჩანჩქერი. რამდენი ერთი ჩამოვთვალო. ეკლესიები და მონასტრები, მთები თუ ველები… საწალიკე და სხარტალის მხარე - რაჭული სოჭის უნიკალური ტყეებით, გამოქვაბულებითა და ნაკადულების სათავეებით.

ალექსანდროულ-მუჯურეთულის თუ წულუკიძის თეთრას სამშობლო, რიონის მარცხნივ და მარჯვნივ ჩამწკრივებული ვენახები და მთის კალთებზე შეფენილი ულამაზესი სოფლები; ჩემი სოფელიც იქვეა - ჯვარისა - ჩემი ბავშვობა და ბედნიერება… ზეჭელიშის მთაში დაბადებული ზნაკურის სათავე წყლისთავს რომ უწოდებს ყველა და ზნაკურის ულამაზესი ხეობა ჩანჩქერებითა და ჩქერებით. იქით რიცეულას ხეობა და თავზე სვანეთის მთები. ონისკენ ბარაკონი და მინდა ციხე, ლუხუნის ხეობა.

რაჭველებს ხომ ჩვენი ზღვაც გვაქვს - შაორი - ხელოვნური წყალსაცავი კი არის, თუმცა საოცარია. ლამაზია წელიწადის ოთხივე დროს. შაორი უნდა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი, სათევზაო და წყლის სპორტთან დაკავშირებული სახეობების მნიშვნელოვანი ცენტრი, ლამაზი პლაჟებითა და შაორის ბუნებრივი გარემოს შესაბამისი სასტუმროებით.

ზემოთ ცხრაჯვარი, რომელსაც ვერ ვიყოფთ (რა თქმა უნდა, ხუმრობით) რაჭველები და ოკრიბელები, ორივეს გვინდა, რომ გვეკუთნოდეს ეს საოცარი ადგილი უსაზღვრო ხედებითა და უღრანი ტყით. წარმოიდგინეთ, ზემოთ შაორი, ქვემოთ ტყიბულის წყალსაცავი, რომელშიც კუნძულებიც კია განლაგებული და შუაში ცხრაჯვარი. ეს სამი დიდებული ადგილი ისე უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს, რომ ერთ კურორტად, მთლიან ტურისტულ სივრცედ ვაქციოთ. ტყიბულიდან საბაგირო გზა უნდა აღდგეს ცხრაჯვარზე და ამ საკრალურმა ადგილმა ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს. ეს დიდი საკურორტო ზონა უნდა იქცეს რაჭისა და ტყიბულის სოფლების გამოცოცხლების საფუძველი - ახალი სამუშაო ადგილები, სოფლის მურნეობა და ოჯახური სასტუმროები.

“წერეთელმა დაგვიბარა…”

ესეც პასუხი კითხვაზე - რა დაგვიბარა წერეთელმა!

ჩემმა წინაპრებმა სწორედ რაჭის მოვლა და აღორძინება დაგვიბარეს!

„გამარჯვება გარდაუვალია, თუ იქნება მოსახლეობის მაღალი აქტივობა“ | თემურ გორგაძე

„გურიაში ჩიგოგიძის და თალაკვაძის ერთმმართველობაა“ | მამუკა გოგუაძე

ამომორჩევლის ხმა ნამდვილად ფარულია| ნანა ლომიძე